მოკლედ, ჩვეულებრივი ტური გამოდგა: არც სატურნირო ცხრილში მომხდარა განსაკუთრებული გადაადგილებები (არც ზემოთ, არც ქვემოთ) და არც ბომბარდირთა დავაში.
თუმცა, გასულ ტურში რ
შედეგიანობის ანტირეკორდი
წინა, XI ტურში ამ სეზონის შედეგიანობის რეკორდი დამყარდა: რვა მატჩში 35 გოლი გავიდა! სამწუხაროდ, ასეთ მაჩვენებელს ერთობ არასასურველი გაგრძელება მოჰყვა: ამ ტურის რვა შეხვედრაში მხოლოდ 17 გოლი გავიდა. რა იყო ამის მიზეზი, ზუსტად ვერავინ იტყვის - ალბათ, სანაკრებო პაუზამ იმოქმედა ნეგატიურად. თანაც, ამ ჩვიდმეტიდან, სულ მცირე, ოთხი-ხუთი ისეთი იყო, კურიოზულზე მეტი რომ უნდა ვუწოდოთ. ანუ ასეთი რამ მხოლოდ "ცხინვალი"-"სიონის" მატჩში არ მომხდარა, სხვაგანაც იყო მეკარეთა "უცნაური" მოძრაობები, მერე გოლ(ებ)ით რომ მთავრდებოდა.
სერიები
ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ ამ ტურის შედეგების გათვალისწინებით, სატურნირო ცხრილში განსაკუთრებული გადაადგილებები არ მომხდარა. თუმცა, ზოგი გუნდის წარმატებული სერია გრძელდება: თბილისის "დინამომ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო (ოთხივე საკუთარ მოედანზე ჩატარებული), "ცხინვალმა" ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა, ბათუმის "დინამომ", "დილამ", "საბურთალომ" და "ჩიხურამ" კი ზედიზედ მეორე შეხვედრაში იყოჩაღეს. ამის პარალელურად, გრძელდება ზოგი გუნდის წარუმატებელი სერიებიც: ცხრილის ქვედა ნახევარში მყოფმა "გურიამ", "ზუგდიდმა" და "საპოვნელამ" ზედიზედ მესამე მატჩი წააგეს, ისე, როგორც "სამტრედიამ". ამ წარუმატებელი სერიის გამოც არის, რომ გია ცეცაძის საინტერესო გუნდი დღესდღეობით VI-VIII ადგილებს იყოფს "საბურთალოსა" და ბათუმის "დინამოსთან" ერთად, არადა, არცთუ დიდი ხნის წინათ, ლიდერობაზეც ჰქონდა პრეტენზია.
აი, "მერანი" კი კლუბის ისტორიაში ანტირეკორდს უმიზნებს: თორმეტ მატჩში ერთადერთი მოგებითა და ზედიზედ ექვსი წაგებით, მარტვილელთა გუნდი კვლავაც რჩება ცხრილის ბოლო საფეხურზე.
მასპინძელთა ზეობა
იმის გარდა, რომ გასული ტური ერთობ დაბალშედეგიანი გამოდგა, სხვა მხრივაც იყო გამორჩეული - 8 მატჩიდან შვიდში მასპინძლებმა იმარჯვეს, ერთი შეხვედრა ("ტორპედო"-"შუქურა") ფრედ დასრულდა. თუმცა, მიმდინარე სეზონში ეს არ ყოფილა სტუმრებისათვის ყველაზე ცუდი შედეგი: VII ტურის ყველა, რვავე მატჩი ხომ მასპინძლებმა მოიგეს!
ჯიღაურის გაბრწყინება
ბომბარდირთა დავაში არაფერი შეცვლილა: ოთარ მარცვალაძესა და გიორგი ბერიაშვილს ამ ტურში ტრავმის გამო არ უთამაშიათ, ხოლო ნიკა კაჭარავამ, გიორგი ქვილითაიამ და დიმიტრი ტატანაშვილმა მოედანი უგოლოდ დატოვეს.სამაგიეროდ, ბომბარდირთა დავაში ახალი "სახე" ჩაერთო: თბილისის "დინამოს" 23 წლის ნახევარმცველმა ჯაბა ჯიღაურმა "სამტრედიასთან" დუბლი შეასრულა და 8 გოლი დაუგროვდა.
აღსანიშნავია, რომ ამ შემტევ ნახევარმცველს საუკეთესო შედეგი 2013/14 წლების სეზონში ჰქონდა, როცა "ჩიხურაში" (26 მატჩი და 7 გოლი) იჯარით თამაშობდა. ახლა კი ჯერ 12 ტურია გასული და უკვე 8 გოლი გაიტანა, თანაც ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო დუბლის შესრულება!
სულ მიმდინარე ჩემპიონატში ჯიღაურმა უკვე სამჯერ მოახერხა დუბლის შესრულება და ამ ნომინაციაში მხოლოდ ნიკა კაჭარავას ჩამორჩება: "ცხინვალის" 21 წლის ცენტრფორვარდმა ოთხ მატჩში შეძლო მეტოქეთა კარში 2-2 გოლის გატანა.
დუეტის დუბლი
ჯაბა ჯიღაურის გარდა, გასულ ტურში კიდევ ორმა ფეხბურთელმა შეძლო დუბლის შესრულება და ორივე "ჩიხურაში" ასპარეზობს: 23 წლის თავდამსხმელმა თორნიკე მუმლაძემ და მისმა თანატოლმა, ამპლუით გარემარბმა მიხეილ სარდალიშვილმა "წყვილი" გოლები გაიტანეს ამ ბოლო დროს წარუმატებლად მოთამაშე "გურიის" კარში. მუმლაძემ მიმდინარე ჩემპიონატში უკვე მეორე დუბლი შეასრულა, "ზესტაფონის" ყოფილმა ნახევარმცველმა მიხეილ სარდალიშვილმა კი უმაღლეს ლიგაში პირველად შეძლო დუბლის შესრულება, თანაც, შეცვლაზე შემოსულმა მოახერხა მეტოქის კარში 2 გოლის გატანა.
ყოჩაღი შემცვლელები და სხვა ფაქტები
სარდალიშვილის გარდა, ამ ტურში შეცვლაზე შემოსულმა სხვა ფეხბურთელებმაც იყოჩაღეს: "ჩიხურას" 24 წლის ნახევარმცველმა გიორგი ჭანკოტაძემ, "კოლხეთის" შემტევებმა, 23 წლის ლევან კუხალეიშვილმა და 21 წლის ნიკა სიჭინავამ, აგრეთვე, "საბურთალოს" 17 წლის ნახევარმცველმა გიორგი კოხრეიძემ. აღსანიშნავია, რომ კოხრეიძემ უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა, ხოლო ლევან კუხალეიშვილმა პირველად გამოიჩინა თავი თავისი ახალი გუნდის შემადგენლობაში, ისე, როგორც სხვა ფეხბურთელებმა: თბილისის "დინამოს" 27 წლის მცველმა გიორგი გურულმა და მისმა თანატოლმა, "ცხინვალის" ნახევარმცველმა თორნიკე გორგიაშვილმა.
სხვათა შორის, გორგიაშვილი სულ ახლახან ჩაირიცხა "ცხინვალში", ჯერ მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა და ერთ-ერთ ლიდერთან ("სიონთან") შეხვედრაში გატანილი გოლის გარდა, იმითაც უნდა გამოვარჩიოთ, რომ, დროის მოკლე პერიოდის მიუხედავად, უკვე მეორედ მოხვდა "ლელოს" ტრადიციულ "ტურის სიმბოლურ ნაკრებში".
როგორც უკვე ტრადიციად იქცა, ამჯერადაც რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელმა ჩაატარა უმაღლეს ლიგაში სადებიუტო მატჩები: ნიკა ტუღუშმა ("კოლხეთი"), ნიკა სამხარაძემ ("ჩიხურა"), ბექა კაკაჩიამ, გიორგი ჩანადირმა (ორივე - "ზუგდიდი").
დაბოლოს, კიდევ ერთ დებიუტზეც: უმაღლეს ლიგაში მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი მატჩი ჩაატარა ლევან მიქაძემ ("ზუგდიდი").
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ამ ჩემპიონატში უკვე 8 (რვა) სამწვრთნელო გადაადგილება მოხდა, არადა, ჯერ მხოლოდ 12 ტურია გასული...
დადებითი ტენდენცია
შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ქართველებს ნაკლებად კვალიფიციური არბიტრები გვყავს; პირიქით - ზოგიერთ ქართველ მსაჯს მართლაც რეალურად შეუძლია (თანაც, არა მხოლოდ ჩვენთან) სხვადასხვა დონის მატჩის უნარიანად გაძღოლა. თუმცა, ნამდვილად მისასალმებელი იქნება, თუ კვლავაც გაგრძელდება საქართველოს ჩემპიონატისა თუ თასის მატჩებზე უცხოელ არბიტრთა დანიშვნა; აი, როგორც ამ ტურში იყო: თბილისის "დინამო"-"სამტრედიის" და "ცხინვალი"-"სიონის" დაპირისპირებებს მალტელ არბიტრთა ბრიგადა ემსახურებოდა.
ოღონდ, სასურველი იქნებოდა, უცხოელი არბიტრები ჩემპიონატის ფინიშისკენ ან თასის ნახევარფინალებზე უფრო მეტად "დაგვეტვირთა", ვიდრე - ახლა...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"