12:18 07-12-2015
ცხინვალი-საპოვნელა 3:0 - ჰეთ თრიკი ქარში [VIDEO]
AutoSharing Option
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ძლიერმა ქარმა დიდი კორექტივები შეიტანა ვაკეში გამართულ შეხვედრაში. ორივე გუნდს კლიმატური პირობები უშლიდა ხელს, ბოლომდე ეჩვენებინა თავისი შესაძლებლობები.
როგორც მოსალოდნელი იყო, ფავორიტმა "ცხინვალმა" აქცენტი სწრაფ გოლზე გააკეთა. მასპინძელთა მთავარი მწვრთნელის, კახა კაჭარავას ჩანაფიქრმა ბოლომდე გაამართლა...
ანგარიში მალევე გაიხსნა. მიმდინარეობდა მატჩის მე-16 წუთი, როცა "ცხინვალი" დაწინაურდა. კუთხურიდან მოწოდებული ბურთი მცველებმა რამდენჯერმე გამოიტანეს საჯარიმო მოედნიდან. ბოლოს კი სიტუაციაში ყველაზე სწრაფად ნიკა კაჭარავა გაერკვა და დააწინაურა კიდეც თავისიანები.
მეორე გოლი უკვე ცხინვალელთა მიერ გათამაშებულ გააზრებულ კომბინაციას მოჰყვა. შეტევა მარცხენა ფლანგიდან განვითარდა. ბიძინა მახარობლიძის გადაცემის შემდეგ, ვინც გუშინ მარცხენა ნახევარმცველის ამპლუაში მოგვევლინა, მძლავრი თავურით თერჯოლელთა კარის ბადე ისევ კაჭარავამ შეარხია და დუბლიც გაიფორმა.
"საპოვნელა" პირველ ტაიმში, ძირითადად, კონტრშეტევების იმედად იყო. თერჯოლელები 11-მეტრიანსაც ითხოვდნენ, მაგრამ არბიტრმა სხვანაირად განსაჯა.
მძიმე კლიმატურმა პირობებმა კვალი ფეხბურთელთა ჯანმრთელობასაც დაამჩნია. პირველივე ტაიმში დაშავდნენ და შესაცვლელნი გახდნენ ცხინვალელი ქოჩლაძე და თერჯოლელი ბუცხრიკიძე...
მეორე ტაიმში თამაშის საერთო სურათი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. "ცხინვალი" კვლავ მეტოქეზე უკეთესი იყო, თუმცა "საპოვნელაც" შეძლებისდაგვარად უტევდა.
მატჩის გმირმა, ნიკა კაჭარავამ მე-60 წუთზე ჰეთ თრიკი შეასრულა, როცა გოლით დაასრულა ინდივიდუალური გარღვევა. ცხადია, "ცხინვალის" ფორვარდს ბევრი შეუძლია და ეს ამ შეხვედრამაც ნათლად დაადასტურა.
მეორე ტაიმში "საპოვნელასაც" ჰქონდა ერთი ისეთი მომენტი, "ასპროცენტიანი" რომ ეთქმის. გიორგი ბუხაიძე სეხნია ნადირაძესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ ვერ გაიტანა - ცხინვალელთა მეკარემ შესანიშნავად ითამაშა.
სხვათა შორის, ამ შეხვედრას არც მინდვრისმიღმა ვნებები დაჰკლებია. სტუმარ და მასპინძელ ქომაგთა შორის ტრიბუნაზე გაწევ-გამოწევა იყო. საბედნიეროდ, ინციდენტი მალევე ჩაცხრა.
დაბოლოს, გუნდებს დისკვალიფიკაციის გამო ორი წამყვანი ფეხბურთელი აკლდათ - ცხინვალელებს ლეკვთაძე, თერჯოლელებს კი - ტყეშელაშვილი.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIV ტური
06.12. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ)
ცხინვალი-საპოვნელა 3:0
გოლები: 1:0 კაჭარავა (16), 2:0 კაჭარავა (32), 3:0 კაჭარავა (60)
ცხინვალი: ნადირაძე, გორგიაშვილი (84. შულაია), მახარობლიძე, ქარდავა, ქოჩლაძე (30. ბეჭვაია), ცერცვაძე, კაკუბავა, მაისაშვილი, ჯაფარიძე, ივანიშვილი, კაჭარავა (87. ცაცკრიალაშვილი).
სათადარიგოები: მიგინეიშვილი, ბურძენაძე, ჯიშკარიანი, ლობჟანიძე
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
საპოვნელა: გიორგაძე, ბუცხრიკიძე (27. ცქიფურიშვილი), ენდელაძე, ჯიმშელეიშვილი, ბანძელაძე, შალამბერიძე, ბერუაშვილი, აბესაძე (60. მაკარიძე), ამბროლაძე, მურადაშვილი (81. ზეინკლიშვილი), ბუხაიძე.
სათადარიგოები: კახეთელიძე, ალავიძე
მწვრთნელი: მირიან გეწაძე
გაფრთხილება: ჯიმშელეიშვილი (45)
არბიტრი: შ. ქუხილავა
დღეს
14:00. გორი. "თ. ბურჯანაძე"
დილა-მერანი
XV ტური
11 დეკემბერი, პარასკევი
ლოკომოტივი-ცხინვალი
გურია-კოლხეთი
12 დეკემბერი, შაბათი
სიონი-სამტრედია
მერანი-დინამო (ბთ)
ზუგდიდი-დილა
შუქურა-დინამო (თბ)
საპოვნელა-ჩიხურა
საბურთალო-ტორპედო.
ბომბარდირები
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 11
ო. მარცვალაძე (დილა) 10.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ბუხაიძეს 100% გოლი არ ჩაუტვალეს პრველ ტაიმში, და მსაჯი აშკარად ცხინვალის სასარგებლოდ აკეთებდა ყველაპერს, 2 პენალი არ დანიშნა საპოვნელას სასარგებლოდ პირველ ტაიმში ასევე
0
0
ცხინვალს ვულოცავ ტერჯოლელთა სახელით, დამსახურებულად გაიმარჯვა და კაჭარავაც ყველა ფეხბურთელზე ერთი თავით მაღლა იდგა, მაგრამ რაც იქ მსაჯმა იკადრა ესაა ფეხბურტის შეგნებული მკვლელობა... სამწუხაროა რო უმეტეს პროვინციული გუნდების წინააღმდეგ აქვთ მსაჯებს ხელები და დროშები მიმართული...
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული