"აქ არც თვითონ თამაშობენ და არც შენ გათამაშებენ! ძალიან მინდა ევროპაში..."

AutoSharing Option
არნემის "ვიტესი" ქართველებისთვის ისეთივე საქომაგო გუნდი გახდა, როგორიც წლების წინათ "ფრაიბურგი" იყო. ამ კლუბის პრეზიდენტობისას, მერაბ ჟორდანიამ იქ ქართველები წაიყვანა - გიორგი ჭანტურია, გურამ კაშია, ვაკო ყაზაიშვილი...

რამდენიმე ჩვენებურიც სინჯებზე იყო - ასაკობრივ გუნდში ლევან ჟორდანია ვარჯიშობდა, კლუბის სელექციონერი კი ზაზა ბოკერია გახლდათ. ახლახან კი, როგორც ვწერდით, "ვიტესის" წარმომადგენლად საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, დაინიშნა გოგა გახოკიძე და ცნობილი გახდა, რომ არნემული კლუბი გიორგი ნავალოვსკისა და "საბურთალოს" 19 წლის კაპიტან გიორგი ხარაიშვილს იწვევს...

ნავალოვსკი არც მალავს, რომ საქართველოდან წასვლა სურს,
მაგრამ ქვეყნის ეროვნული გუნდისა და გორის "დილას" მარცხენა ნახევარმცველს ტრანსფერზე კონკრეტული ლაპარაკი მაინც უჭირს და ამბობს, რომ ეს საკითხი მალე გადაწყდება.

ნავალოვსკისთან ინტერვიუ მის ტრავმაზე საუბრით დავიწყეთ - 29 წლის ფეხბურთელი მარტვილის "მერანთან" საქართველოს ჩემპიონატის XIV ტურის შეხვედრაში დაშავდა და პირველ ტაიმშივე შესაცვლელი გახდა...

- როგორც ამბობენ, სერიოზული წინადადებები გაქვთ. ამ დროს კი, დაშავდით და ბუნებრივია, გვაინტერესებს, რამდენად სერიოზულია ტრავმა?
- თამაშის დროს კუნთი ამტკივდა, მაგრამ საბედნიეროდ, არ გაწყვეტილა, მხოლოდ დამეჭიმა და იოლად გადავრჩი. სავარაუდოდ, ერთი ან ორი კვირა დავისვენებ და მერე ჩვეულებრივად ვივარჯიშებ.

- თქვენ მიმართ "ვიტესის" ინტერესზე ბევრი დაიწერა. ასეთი დეტალიც კი გახმაურდა - თითქოს, ჰოლანდიური კლუბი მარცხენა მცველის პოზიციაზე ჩილელი და იაპონელი ფეხბურთელების ვარიანტებსაც განიხილავს...
- ძალიანაც მინდა ახლავე გითხრათ, დამთავრდება პირველი წრე და "ვიტესში" გადავდივარ-მეთქი. ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი. არ დავმალავ, რომ ამ საკითხებზე გვისაუბრია.

ჰოლანდიაში ტრანსფერთან დაკავშირებით უფრო ბევრი რამ უახლოეს პერიოდში გაირკვევა. ძალიან მინდა, ეს გარიგება შედგეს, მაგრამ ჯერ კონკრეტული შემოთავაზება არ ყოფილა, საკითხი ახლა წყდება.

- დანამდვილებით ვიცით, რომ პოლონეთის ნაკრებთან თამაშის შემდეგ თქვენით ვარშავის "ლეგია" დაინტერესდა. ამ კლუბის პრესტიჟულობიდან და პოლონური ფეხბურთის განვითარების დონიდან გამომდინარე, არც ესაა უინტერესო ვარიანტი. ეტყობა, თქვენი პოლონური ფესვების შესახებაც იციან...
- რა თქმა უნდა, "ლეგია" ძალიან ძლიერი გუნდია და მართლაც იყვნენ დაინტერესებულები, მაგრამ პრობლემა შეიქმნა - ლეგიონერებზე შეზღუდვაა, გუნდში კი 8 თუ მეტი ლეგიონერი ჰყავთ... ვნახოთ, იანვარში ბევრი რამ გაირკვევა.

საქართველოს შემდეგ "ლეგიაც" და "ვიტესიც" სასურველი გუნდებია. "დილასთან" კონტრაქტი მაისამდე მაქვს, მაგრამ... ძალიან მინდა ევროპაში წასვლა...

- გასაგებია, რომ პირობების გამო ვერ ჩერდებით...
- ეს ერთი საკითხია.

- ფაქტია, რუსეთის პირველი ლიგის "ტოსნოდან" გამოძახებული უფრო ეფექტური ჩანდით, ვიდრე - საქართველოში დაბრუნებული. აქაურმა გარემომ ასე უარყოფითად იმოქმედა?
- სამწუხაროდ, ჩემპიონატის დონე ყველაზე მოქმედებს. სხვათა შორის, მახსოვს, ჯერ კიდევ სამი წლის წინათ ჩემზე "ლელოში" წერდით - ნაკრებისთვის დასაკარგი არ არისო და ვიღაცებმა, თავი მაგარი პატრიოტები რომ ჰგონიათ, ერთი ამბავი ატეხეს - რუსეთის პირველი ლიგიდან ნაკრებში ფეხბურთელის გამოძახება სირცხვილიაო.

მეც მინდა, რომ რუსეთის პირველ ლიგაში კი არა, საქართველოში ვიყო, უფრო ძლიერი ჩემპიონატი გვქონდეს და ფეხბურთელები აქეთ ჩამოდიოდნენ, მაგრამ... რაც არის, ეს არის...

- რა არის საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა?
- ბევრი რამ, მაგრამ მხოლოდ ცუდზე ლაპარაკი არ მსურს. იმედია, ვითარება აქაც გამოსწორდება. იცით, რა ნიჭიერი ბავშვები არიან?

სხვათა შორის, ძალიან ზერელე წარმოდგენა აქვთ და ცდებიან, როცა ამბობენ - საქართველოს ჩემპიონატში თამაში იოლიაო. სისულელეა! პირიქით - ჩვენს უმაღლეს ლიგაში თამაში ძალიან ძნელია. აქ არც თვითონ თამაშობენ და არც შენ გათამაშებენ! თანაც უფრო მეტი იმპროვიზაცია და დაუგეგმავი მოქმედებებია, ვიდრე რუსეთში...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული