ამას გარდა, ის წლების განმავლობაში ვალერი ლობანოვსკის კიევის "დინამოში" ფიზმომზადებაშიც ეხმარებოდა. დამოუკიდებელი სამწვრთნელო საქმიანობა კი ბელგიაში წასვლის შემდეგ დაიწყო. ამდენად, საქართველოში მისი დაბრუნება მოულოდნელი იყო.
უკრაინელი სპეციალისტი დღეს კვლავ ქუთაისის "ტორპედოს" მწვრთნელია. "ლელოს" ის არა მხოლოდ თავის გუნდზე, არამედ, საინტერესო ზოგად თემებზეც ესაუბრა...
ძალიან ნელა მოქმედებენ...
- ჯერ დავიწყოთ - იმედი მაქვს, რომ ასე იქნება და მაისამდე მაინც ვიმუშავებ.
- რა ცვლილებები იქნება გუნდში?
- რამდენიმე მოთამაშე ჩანიშნული გვყავს, მაგრამ ჯერ მათ გვარებს ვერ დავასახელებ.
- საქართველოში თქვენი პირველი ჩამოსვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ჩვენ მაშინაც უკმაყოფილონი ვიყავით ქართული ფეხბურთის დონით, მაგრამ დღეს, საყოველთაო მოსაზრებით, სიტუაცია კიდევ უფრო რთულადაა...
- მე სხვაგვარად ვიტყვი: უპირველესად, თვალში მომხვდა ის, რომ თბილისის "დინამო", "ლოკომოტივი", "სამტრედია" და "საბურთალო" კარგად ორგანიზებული თანამედროვე ფეხბურთის დემონსტრირებას ცდილობენ. ისინი მართავენ თამაშის რიტმს, გონივრულად ცვლიან შეტევების მიმართულებებს... ანუ, ჩანს კოლექტიური ფეხბურთის იდეა და არა - მოედანზე მექანიკურად შეკრებილ მოთამაშეთა ჯგუფები, რომლებიც ბურთს ქაოსურად აგორებენ. ეს სასიამოვნო სანახავია და ჩემთვის აღმოჩენა იყო...
ამავე დროს, უნდა ვთქვათ, რომ გუნდების ფიზიკური მომზადების დონე საგრძნობლად დაეცა. საქართველოს ჩემპიონატში აშკარად ჩანს, რომ მოთამაშეები მოდუნებულები არიან და ძალიან ნელა მოქმედებენ. არ ჩანს ინდივიდუალური და კოლექტიური სისწრაფეები. 12 წლის წინათ უკეთესი სისწრაფეები იყო, ახლა - ძალიან დაბალია...
დატანჯული ბურთი
- თამაშის ტემპს მხოლოდ ფეხბურთელების სწრაფი გადაადგილება არ განაპირობებს. უპირველესი მაჩვენებელი ბურთის გადაადგილებაა. ამ კომპონენტში ტემპი გაზრდილია. მაგრამ პარადოქსული ვითარებაა: ქართველ ფეხბურთელებს ნიჭი აქვთ, მაგრამ მის გამოყენებას ვერ ახერხებენ.- "შერიფის" თასზე თბილისისა და კიევის დინამოელთა 18-წლამდელების მატჩის ვიდეორეპორტაჟი იყო და იქაც გამოჩნდა, რომ ქართველები მეტოქეს ძალაშიც სჯობდნენ, სისწრაფეშიც და ორთაბრძოლებშიც, მაგრამ... უკრაინელებმა უფრო მარტივად ითამაშეს, ბურთი არ "აწვალეს" და მოიგეს კიდეც...
- ეს ზოგადად ქართული ფეხბურთის პრობლემაა. ამ თამაშის ფილოსოფია ისაა, რომ ბურთი სწრაფად გადაადგილდებოდეს და მცველმა შენი ჩანაფიქრი ვერ წაიკითხოს. ბურთის ხანგრძლივი თრევის შემდეგ მოულოდნელობის ეფექტი მცირდება, ყველაფერი წინასწარ იშიფრება და შეტევა ნაკლებად ეფექტურია. თანამედროვე ფეხბურთი კი არის კოლექტიური სისწრაფე, რომელიც ყველაფერში ვლინდება - აზროვნებაში, გადაადგილებაში, შესრულებაში, მეტოქის თამაშის წაკითხვაში, ბურთისა და მოთამაშეთა სწრაფ და სინქრონულ გადაადგილებასა და ურთიერთგაგებაში...
როცა ქართველი ფეხბურთელები ბურთს მიიღებენ, ვერ ელევიან და ჰგონიათ, რომ ყველამ ყიფიანის მსგავსი პასი უნდა გაკეთოს. წამის მეასედიც ბევრს წყვეტს, ბურთი კართან მალე უნდა მივიდეს. არ მსურს ეს ვულგარული სიტყვით შევაფასო, ამიტომ ასე ვიტყვი - ქართველები ბურთს და საკუთარ გუნდს ტანჯავენ.
ნიჭს ვერ იყენებთ
- თქვენი აზრით, ქართველ ფეხბურთელებს სწრაფად თამაში შეუძლიათ?- რა თქმა უნდა, რადგან საამისოდ, ყველანაირი მონაცემი აქვთ.
- რასაც ახლა ამბობთ, ადრეც გითქვამთ და ბევრი მიიჩნევდა, რომ ეს სიტყვები არასწორად მივიტანეთ მკითხველამდე. თქვენი სიტყვებია - "ქართველებს გენეტიკაში აქვთ გასაოცარი ფიზიკური მონაცემები"...
- დიახ, მე კიევის "დინამოში" ვალერი ლობანოვსკისთან მიმუშავია და მიკვირს, აქ რომ ამბობენ, ფიზიკურად სუსტი მოთამაშეები გვყავსო.
ასეთ სულელურ დასკვნას ვინ აკეთებს? პირიქით, ყველგან თამამად ვიტყვი, რომ თქვენებს გააჩნიათ გასაოცარი, ფანტასტიკური ფიზიკური მონაცემები: ძალა, ფეთქებადი სისწრაფე, სხარტი აზროვნება, ტექნიკა...
არ ვიცი, ეს საიდან მოდის, ეტყობა, მართლაც ქართველების გენეტიკური კოდია, მაგრამ... ამ შესაძლებლობებს ვერ იყენებთ. თქვენებური ფიზიკური მომზადება და საფეხბურთო სწავლება კრიტიკას ვერ უძლებს. რაზეა ლაპარაკი, როცა ფეხბურთელებს, ელემენტარულად, ვერ ასწავლიან ბურთთან მუშაობას, მის მიღებას, დამუშავებას, ართმევასა და კარში სწორად დარტყმას.
ამიტომაც მოდიან დიდების გუნდებში 17-18 წლის ბიჭები, რომელთაც საბაზო ტექნიკა არ გააჩნიათ. მათი ჩამორჩენის აღმოფხვრაში ვკარგავთ დროს, ენერგიას და ბოლოს მაინც არაფერი გამოდის, რადგან ფეხბურთელის აღზრდაში ყველაფერს თავის დრო აქვს. ერთად ყველაფერს ვერავინ ისწავლის და აითვისებს. ამასობაში, მოთამაშე საკუთარი თავის რწმენას კარგავს, რადგან დიდების გუნდში საკუთარ ნაკლს კარგად აცნობიერებს და ხვდება, რომ დაკარგა დრო, რომელსაც ვერასოდეს აინაზღაურებს.
სხვათა შორის, ქართველებთან "ფიზიკაში" ევროპელებისგან განსხვავებული მიდგომაა საჭირო.
სხვაგვარი დატვირთვა გჭირდებათ
- რატომ?- თქვენთან, ისევე როგორც სხვა სამხრეთულ ქვეყნებში, ბავშვები ადრე კაცდებიან და, შეიძლება, უფროსების მსგავსად, ნაადრევად დატვირთო. ესეც ეროვნული თავისებურებაა, რომელსაც გათვალისწინება სჭირდება.
სხვათა შორის, მივესალმები ტენდენციას, საქართველოში ბავშვთა ფეხბურთს რომ მიხედეს. ისიც სწორი გადწყვეტილებაა, ესპანურ მოდელს რომ ნერგავთ - თქვენი და პირენეელების ფეხბურთი, ტემპერამენტი, ემოციები, ბუნება და საერთოდ საზოგადოებაც ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ამ მეთოდით გაზრდილ ბავშვებს სერიოზულ "ფიზიკასაც" თუ დაუმატებენ, ნაკრებები უფრო სოლიდურ შევსებას მიიღებენ, დასავლეთ ევროპაში კი ბევრად მეტი ქართველი ითამაშებს. სხვათა შორის, თუ აკვირდებით, ახლა ევროპაში რამდენი უკრაინელია? ბევრი არ არის.
- საქართველოდან ყველა გარბის. უკრაინის ნაკრების მოთამაშეებს კი ადგილზე ინარჩუნებენ...
- ევროპაში ქართველი უფრო მეტია და მიზეზი მხოლოდ ფინანსური მოტივი არ გახლავთ. ევროპაში წასვლა უკრაინის ნაკრების იმ წევრებსაც სურთ, თავის ქვეყანაში დიდ ფულს რომ იღებენ.
ბელგიაში მუშაობის დროს დამიკავშირდა ფეხბურთელი, რომელსაც 50 ათას ევროს უხდიდნენ და ევროპულ გუნდში მოწყობა მთხოვა. მათ ნაკლებად იწვევენ, ვიდრე ქართველებს, რადგან თქვენს მოთამაშეებს გენეტიკურად გააჩნიათ ისეთი თვისებები, რასაც ვერანაირი ვარჯიშითა და შრომით ვერ შეიძენ - პლასტიკურობა, მოქნილობა, ძალა, სათამაშო აზროვნება, სათამაშო ტემპერამენტი... მაგრამ თუ არ იშრომე, მათ ვერც გამოიყენებ.
პარადოქსია, ძლიერი საფეხბურთო სკოლა არ გაქვთ, მაგრამ ევროპაში ქართველებს დღესაც იწვევენ. ამიტომ, კარგი იქნება, საფეხბურთო სკოლას თუ გააძლიერებთ. ასეთ შემთხვევაში, საქართველო ძლიერი საფეხბურთო ქვეყანა გახდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
სიმართლეს რაც უფრო ხშირად გვეტყვიან ცვლილებების სურვილიც მით უფრო ადრე გაჩნდება.
სპორტულ ჟურნალისტიკას ქართული ფეხბურთის გადარჩენა ჯერ კიდევ შეუძლია. მოახლივებულ მსოფლიო ჩემპიონატს „ტრადიციულად“ შევხვდებით, თუ არა, ეს ყველაზე მეტად მასმედიაზე არის დამოკიდებული.
სიტყვას დიდი ძალა აქვს. საჭიროა, ზოგად ფრაზებში განსწავლული ქართველი ჟურნალისტები კონკრეტიკაზე გადავიდნენ და წინა პლანზე საინტერესო პროგრამების მქონე პიროვნებები წამოსწიონ.
ფეხბურთელები თითზე ჩამოსათვლელად დაგვრჩა და მათი უმეტესობა „დამდგარ ფეხბურთს“ თამაშობს. 2018 წელს სისწრაფეები კიდევ უფრო გაიზრდება. ამ კუთხით რამე თუ არ ვიღონეთ ისევ „ტურისტებად“ დავრჩებთ.
გამოვიყენოთ ქართველი ფეხბურთელების ბუნებრივი ფიზიკური მონაცემები და გულშემატკივარი სტადიონზე ისევ დაუბრუნდება!!!!