ლადო ბურდული: ლუკა რაზმაძეს ვერ შევინარჩუნებთ

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონი" საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა და ევროსაგზურისთვის იბრძვის. არადა, სეზონის დაწყების წინ ბევრი ვერც კი წარმოიდგენდა, თუ ბოლნისელებს სერიოზული ამბიციები ექნებოდათ...

"სიონის" გენერალურ დირექტორ ლადო ბურდულს დავუკავშირდით და თავდაპირველად, სეზონის პირველი ნაწილის შეფასება ვთხოვეთ, მერე კი მისგან სიახლეებიც გავიგეთ...

- სეზონის პირველ ნახევარს "სიონისთვის" მხოლოდ დადებითად შევაფასებდი. ჩვენ ისეთი გუნდის ჩამოყალიბება დავისახეთ მიზნად, რომელიც ერთი ოჯახი იქნებოდა, მინდვრის მომვლელითა და დამლაგებლით დაწყებული, მთავარი მწვრთნელით დამთავრებული.

ჩვენ წარმატებით შევძელით ამ ამოცანის გადაჭრა. ახლა "სიონის" წინაშე დგას კონკრეტული მიზანი -
კიდევ უფრო გავძლიერდეთ, კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი გუნდი გავხდეთ. იმ წარმატებაში, რომელსაც "სიონმა" მიაღწია, ყველა ფეხბურთელმა, კლუბის თითოეულმა თანამშრომელმა თავისი წვლილი შეიტანა.

- როგორც ვიცით, "სიონი" თურქეთში გაივლის შეკრებას...
- კი, ეს საკითხი გადაწყვეტილია. თურქეთში შეკრებაზე 1-ელ თებერვალს წავალთ და ბელეკში დავბინავდებით. გადაწყვეტილია, რომ იქ ხუთ ამხანაგურ შეხვედრას ჩავატარებთ. კონტრაქტი გავაფორმეთ დანიურ "ოლბორგთან". ასევე, გადაწყვეტილია, რომ რუმინულ "კრაიოვასთან" ვისპარინგებთ. ამ გუნდს ადრეც ვეთამაშეთ, ძალიან კარგი გუნდია. დანარჩენ სამ მეტოქეს ახლა ვარკვევთ.

- ხომ არ არის შანსი, რომ "სიონი" რუმინეთის ნაკრებს გაეჯიბროს, რომელსაც, ასევე, ერთხელ უკვე ეთამაშეთ...
- რუმინეთის ნაკრებთან სპარინგი დღის წესრიგში ნამდვილად დგას. თანაც, რა დროსაც ჩვენ ჩავდივართ ბელეკში, რუმინელებიც მაშინ ჩამოდიან. ეგ არის, რომ რუმინეთის ნაკრების ხელმძღვანელობას ურჩევნია, რომელიმე ქვეყნის ეროვნულ გუნდთან ითამაშონ. თუ არ გამოჩნდა ასეთი ნაკრები, მაშინ ჩვენ მზად ვართ, რუმინეთის ეროვნულ გუნდთანაც გავმართოთ ამხანაგური მატჩი.

- პირველ წრეში "სიონს" რამდენიმე ფეხბურთელი იჯარით ჰყავდა აყვანილი. დარჩებიან ისინი გუნდში?
- ძალიან მიხარია, რომ ბათუმის "დინამოდან" დიმიტრი ტატანაშვილის გადმოყვანა მოვახერხეთ. ახლა ტატანაშვილი სრულფასოვანი სიონელია.

უახლოეს დღეებში თბილისის "დინამოსგან" მივიღებთ პასუხს ოთარ კობახიძისა და ოთარ ჯაფიაშვილის საკითხზე. რაც შეეხება ლუკა რაზმაძეს, ვინც გორის "დილასგან" გვყავს ნათხოვარი, მას, ალბათ, ვეღარ შევინარჩუნებთ. ჩემი ინფორმაციით, სეზონის მეორე ნახევარში ის "დილას" სჭირდება.

- ახალწვეულები თუ იქნებიან გუნდში?
- დავიმატებთ ორ-სამ ფეხბურთელს. ჩვენ აქცენტი ძირითადი ბირთვის შენარჩუნებაზე გავაკეთეთ და ვფიქრობ, ეს შევძელით კიდეც.

- ამ ეტაპზე გუნდიდან ვინ წავიდა?
- მხოლოდ პაპუნა მოსემღვდლიშვილი. მას უცხოეთში სურს კარიერის გაგრძელება.

- აკაკი შულაიას ტრანსფერი საბოლოოდ მოგვარდა?
- დიახ, ვადასტურებ, რომ ის "სიონში" ითამაშებს.

- შევიტყვეთ, რომ მოლდოვური "საქსანიდან" ირაკლი გოგინაშვილის ტრანსფერზე მუშაობთ...
- მართალია. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად დამთავრდება და ირაკლი ჩვენი გუნდის წევრი გახდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სჰვილო ლუკა ზალიან მიხარია სჰენი წარმატება,გმერტი გფარავდეს...
nino razmadze
23:34 05-01-2016
0
სიონს თავის ინფრასტრუქტურა უნდა ქონდეს უკეთესი იქნება.
bebeto
17:24 07-01-2016
0

სიახლეები პოპულარული