"საპოვნელა" ზესტაფონს შეეხიზნება - ჯელაძე, ოდიკაძეები და ბევრი ახალწვეული თერჯოლაში

AutoSharing Option
ფოტოზე: მარცხნივ ზვიად ჯელაძე
"საპოვნელას" დირექტორმა გიორგი ლოლაძემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ალიმბარაშვილმა თერჯოლის ცენტრალურ სტადიონზე გულშემატკივარს ახალი მთავარი მწვრთნელი - ზვიად ჯელაძე წარუდგინეს.

თერჯოლელთა ახალი დამრიგებელი მუშაობდა თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიაში, 2011-13 წლებში "გაგრას" მთავარი მწვრთნელი გახლდათ, ხოლო 2014-15 წლებში ზაქათალის "სიმურგში" გიორგი ჩიხრაძეს ეხმარებოდა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ჯელაძემ "საპოვნელას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ქომაგები კი ახალ მწვრთნელს სრულ თანადგომას დაჰპირდნენ. გულშემატკივრებთან შეხვედრის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ ახალი მთავარი მწვრთნელი მუნიციპალიტეტის გამგებელ თემურ ჯაფარიძეს გააცნო.

42 წლის სპეციალისტის გადაწყვეტილებით, მის
ასისტენტად "საპოვნელას" ყოფილი დამრიგებელი მირიან გეწაძე იმუშავებს. სამწვრთნელო შტაბში სხვა ცვლილებაცაა: "საპოვნელას" მეკარეებს თამაზ ოდიკაძე გაწვრთნის. საინტერესოა, რომ მანამდეც ამ პოსტზე მამამისი, უფროსი თამაზ ოდიკაძე მუშაობდა. უმცროსი ოდიკაძე 35 წლისაა, მაგრამ საქართველოში უკვე ერთ-ერთი გამორჩეული სპეციალისტის სახელი აქვს. პირველი წრის ბოლომდე ის ქუთაისის "ტორპედოს" მეკარეთა მწვრთნელად მუშაობდა.

გუშინ "საპოვნელასთან" დაკავშირებით კურიოზული ინფორმაცია გავრცელდა: ბულგარული კლუბის, "მონტანას" პრესსამსახურის ცნობით, თითქოს 14 იანვარს, საშინაო არენა "ოგოსტაზე" საკონტროლო მატჩში თერჯოლის "საპოვნელას" უნდა შეხვედროდნენ...

ამ დროს კი თერჯოლელები მშობლიურ ქალაქში ემზადებიან. ჯერჯერობით, უცხოეთში არ მიემგზავრებიან და არც "მფრინავი ხალიჩა" აქვთ, უცებ შავი ზღვის მეორე მხარეს რომ გადაფრენილიყვნენ. ამას "საპოვნელას" ხელმძღვანელთა რეაქცია მოჰყვა და მათ გუშინ განცხადებაც გაავრცელეს:

"ინფორმაცია არაზუსტია და ზამთრის პაუზის შემდეგ "საპოვნელა" პირველად ხვალ შეიკრიბება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ვარჯიშებს განაახლებს".

მეორე წრისთვის მზადებას გუნდი სახეშეცვლილი დაიწყებს. "საპოვნელაში" არაერთი ახალწვეულია: მცველები - თენგიზ ჩიკვილაძე (ქედას "ბეთლემი"), ლაშა ჭელიძე ("ჭიათურა"), დავით ოდიკაძე (ქუთაისის "ტორპედო"). ნახევარდაცვა გაძლიერდება გამოცდილი მოთამაშეებით - ლევან შარიქაძე (ქობულეთის "შუქურა"), ალექსანდრე კოშკაძე (ფოთის "კოლხეთი 1913"), დავით ბოლქვაძე ("ცხინვალი"), გიორგი მიქაბერიძე ("სიონი"), მიხეილ ვაჭარაძე ("საბურთალო"), ირაკლი ქათამაძე (ხონის "იმერეთი") და გიორგი ბიბილეიშვილი ("მცხეთა"), ხოლო თავდამსხმელი მხოლოდ ლევან შილაკაძეა ("ბორჯომი").

ცნობილი გახდა, რომ თერჯოლელებს მეკარე გიორგი სომხიშვილისა (ქუთაისის "ტორპედო") და თავდამსხმელ ჯაბა დვალის (კიშინიოვის "დაჩია") დამატებაც სურთ.

"საპოვნელას" ხელმძღვანელობა ზამთრის მოსამზადებელი ეტაპის მეორე შეკრებას თურქეთში გეგმავს და მალე გვეცოდინება, სად გაემგზავრება გუნდი.

კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ თერჯოლელები სეზონის მსვლელობისას "ზესტაფონის" ბაზაზე ივარჯიშებენ და საშინაო მატჩებსაც დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ჩაატარებენ. "საპოვნელას" სტადიონზე მოედნის საფარი მძიმე მდგომარეობაშია და ამის გამო კლუბი პირველ წრეში მეტოქეებს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მასპინძლობდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს დირექტორატი სად მოძებნა საპოვნელამ? საინტერესოა რამდენია ბიუჯეტი და თუ ეყოფათ? :-D
ვალიco
01:57 16-01-2016
0
წარმატებები საპოვნელას .....
გია ბლუაშვილი
15:04 15-01-2016
0

სიახლეები პოპულარული