გურამ ენუქიძე: ...ამიტომაც ჩამეშალა "სელტიკში" ტრანსფერი

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურამ" მეორე წრისთვის მზადება რომ დაიწყო, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ, ყველაფერთან ერთად, საკადრო სიახლეებიც გაგვიმხილა. ასე შევიტყვეთ, რომ "ჩიხურაში" გურამ ენუქიძე ვარჯიშობდა...

ვერ ვიტყვით, რომ ეს დიდი სენსაციაა, მაგრამ საინტერესო ამბავი ნამდვილად არის. გურამ ენუქიძე საჩხერელია. 5 წლის განმავლობაში საფრანგეთში თამაშობდა. იყო საქართველოს 19-წლამდელთა და ახალგაზრდული ნაკრებების კანდიდატიც. 23 წლის ახალგაზრდას თამაში შეუძლია როგორც თავდასხმაში, ისე ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე.

"წარმოშობით საჩხერელი ვარ. 9 წლის ვიყავი, როცა ოჯახი საფრანგეთში გადასახლდა და, ფაქტობრივად, საფეხბურთო განათლებაც იქ მივიღე. ბავშვობიდან "მარსელის" სისტემაში
ვვარჯიშობდი, აქედან 3 წელი ასაკობრივ გუნდებსა და დუბლშემადგენლობაში გამოვდიოდი, ბოლოს კი დუბლშემადგენლობაში გადამიყვანეს.

ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ ჯვარედინი იოგები არ დამიზიანდა. მკურნალობას დიდი დრო დასჭირდა და ამასობაში, კლუბთან კონტრაქტი დამიმთავრდა.

"მარსელის" დუბლებში მოხვედრა პატარა ამბავი არ არის, მაგრამ რეალურად რომ ვთქვათ, საფრანგეთში რამდენი ჩემნაირია? ხელშეკრულების გაგრძელებაც აღარ შემომთავაზეს და გუნდის დატოვება მომიხდა. მერე გადავედი "კაენში", ვითამაშე "საბლეში", რომელიც ევროკავშირისგან ყველაზე მოშორებული რეგიონშია", - ამბობს ენუქიძე.

მან საქართველოში დაბრუნების მიზეზებზეც გვითხრა:

"12 წელია, საქართველოში არ ვყოფილვარ. აქაურობის მონატრებაც მქონდა და წმინდა სპორტული მოტივიც, რომ სამშობლოში მეთამაშა.

ყველა მეკითხება - საფრანგეთში ნორმალური ვერაფერი მოძებნე, ყველას ევროპაში გაქცევა სურსო? ასეცაა, ჯერ ნორმალური გუნდი ვერ მოვძებნე და დროის დაკარგვას საქართველოს უმაღლეს ლიგაში თამაში სჯობდა.

"ჩიხურაში" მითხრეს, რომ საკონტროლო შეხვედრა უნდა ჩავატარო, გუნდს თურქულ შეკრებაზეც წავყვები, მაგრამ ჯერ ჩემი დარჩენის საკითხი გადაწყვეტილი არ არის და არც პირობებზე გვილაპარაკია".

ახალგაზრდა ფეხბურთელი გულდაწყვეტილია, რომ ძალიან კარგი ვარიანტები გაუშვა ხელიდან:

"სხვათა შორის, ადრე 19-წლამდელთა და ახალგაზრდულ ნაკრებებში მიწვევდნენ. მაგრამ საფრანგეთიდან საბუთების გამო ვერ მოვდიოდი, რადგან უკან დაბრუნებისას პრობლემები შემექმნებოდა. ახლა კი საფრანგეთის მოქალაქეობა მივიღე და პრობლემა მოგვარებულია.

მაგრამ ნაკრებში ვერჩამოსვლის გარდა, გული სხვა რამეზეც მწყდება: "მარსელის" დუბლებში თამაშისას ჩემით შოტლანდიური ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი - გლაზგოს "სელტიკი" დაინტერესდა. ეგონათ, საფრანგეთის მოქალაქე ვიყავი. მაგრამ როდესაც გაირკვა, რომ საქართველოდან ვიყავი, ტრანსფერი ჩაიშალა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გულს ნუ გაიტეხ! სამშობლოში გირჩევნოდეს და ღმერთი შეგეწევა! ამინ!
0

სიახლეები პოპულარული