მოკლედ, "ლელოს" რესპონდენტი იური ბაკალოვია...
- ბოლო დროს უკრაინიდან საქართველოში ბევრი ფეხბურთელი ჩამოვიდა. თქვენ იქ საკმაოდ ცნობილი სპეციალისტი ბრძანდებით, კარგ გუნდში გიმუშავიათ და მოულოდნელი იყო, საქართველოში ჩამოსვლას რომ დათანხმდით...
- შესაძლოა, გარედან ასეც ჩანს. თუმცა ეს ჩემთვის პირველი უცხოური გამოცდილებაა. მოლაპარაკება ზუგდიდის მერთან და კლუბის დირექტორ გელა ინალიშვილთან მქონდა. ამაში ჩემი მეგობარი, "ზუგდიდის" გუნდის უფროსი
- სერიოზულ კლუბს სერიოზული ფინანსებიც სჭირდება. აქვს კი "ზუგდიდს" ფული?
- დიდი ფული ნამდვილად არ არის. სამაგიეროდ, აქ არის სტაბილური დაფინანსება, რომლითაც საქმის კეთება და წინსვლა შესაძლებელია. მჯერა, რომ ჩვენი მუშაობა შედეგს გამოიღებს. ამავე დროს, დამაიმედებელია ისიც, რომ "ზუგდიდის" დაფინანსების გაზრდაზეც არის ლაპარაკი.
- უკრაინიდან არცთუ ურიგო წარსულის მქონე სამი მოთამაშე ჩამოიყვანეთ. მაგრამ ბოლოს სამივე საკმაოდ სუსტ გუნდებში თამაშობდა: კოვალენკო ესტონეთის პირველ დივიზიონში, ჩებოტარიოვი - უკრაინის პირველი ლიგაში, ხოლო ვეჩურკო - თურქმენეთში. რა გარანტია გაქვთ, რომ ისინი "ზუგდიდს" საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დარჩენაში დაეხმარებიან?
- ისინი ახლა საკმაოდ კარგად გამოიყურებიან და მჯერა, "ზუგდიდს" სერიოზულად გააძლიერებენ. საერთოდ, მათ დღემდე ნიჭი რომ ვერ გამოავლინეს, უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ვუკავშირებ. ფინანსური პრობლემა ბევრ კლუბს შეექმნა, გუნდები დროულად ვერ მონახეს და დაბალ ლიგებში ან არც ისე ძლიერ საფეხბურთო ქვეყნებში წავიდნენ.
- თემას ოდნავ გადავუხვევ. ვიცით, რომ საომარი მოქმედებების გამო უკრაინულ ფეხბურთში სერიოზული კრიზისია...
- ჩვენს ხალხს ერთმანეთთან ბევრი რამ აკავშირებს. ასე მგონია, რომ ყველაზე მეტად საერთოს უკრაინელები და ქართველები ვპოულობთ. ასე იყო ადრეც, საბჭოურ პერიოდში, და ახლაც. უკრაინაში ისეთი არაფერი ხდება, რაც თქვენ არ გამოგივლიათ და არ გადაგიტანიათ. რას ვიზამთ, ასეთია ომის კანონი, ის ყველაფერს ანადგურებს და ხალხს აზიანებს. მაგრამ მჯერა, უკრაინა ამ პერიოდს გადაიტანს და ფეხზე დადგება...
- ჩამოსვლამდე ზუგდიდსა და ქართულ ფეხბურთზე რა იცოდით?
- ძალიან ბევრი რამ. ვიცი, რომ ზუგდიდში თბილისის "დინამოს" ბევრი ცნობილი ფეხბურთელი აღუზრდიათ - ბორის სიჭინავა, ოთარ გაბელია, სოსო ჭედია... ზაზა ჯანაშია... ბოლო წლებში, უკრაინის ასაკობრივ ნაკრებებში ამ ქალაქიდან წამოსულ ნიჭიერ ბიჭებსაც უთამაშიათ - თემურ ფარცვანიას, ბადრი აქუბარდიას, ვალერიან გვილიას, ლევან გულორდავას...
- თუ არ მეშლება, ქართველებთანაც გიმუშავიათ...
- უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში პაველ იაკოვენკოს ვეხმარებოდი და მაშინაც ბევრი ქართველი გვყავდა - მესხია, იაშვილი... მეამაყება, რომ "არსენალში" მუშაობის პერიოდშიც გავიცანი გიორგი დემეტრაძე, ჯაბა კანკავა, ლაშა ჯაკობია, სანდრო კობახიძე...
სხვათა შორის, ზუგდიდში ჩამოსვლისას დავრწმუნდი, რომ ქართველების ნიჭიერებაზე არსებული შეხედულება ლეგენდა არ არის - ფაქტია. კონკრეტულად ამ ქალაქში ძალიან ბევრი თვითნაბადი ტალანტი აღმოვაჩინე. რამდენიმე ახალგაზრდა განსაკუთრებით მომეწონა და მათ აუცილებლად დავაწინაურებ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"