16 თებერვალს, საგურამოში, თბილისის "ლოკომოტივის" ბაზაზე, პრესკონფერენცია გაიმართა. მედიასთან სალაპარაკოდ გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟერარდ სარაგოსა მულეტი, კლუბის სპორტული დირექტორი გიორგი ყიფიანი და ახალი კაპიტანი ნიკა ჭანტურია წარდგნენ. ესპანური შეკრების შეფასებისა და გეგმების გაცნობის გარდა, გუნდმა ახალწვეულებიც წარადგინა.
მეორე წრეში "ლოკომოტივის" ღირსებას გუნდის კაპიტანი ნიკა ჭანტურია, რევაზ თევდორაძე, ალეკო მზევაშვილი, ბაჩანა ცხადაძე, ლუკა კიკაბიძე და ბორის მახარაძე დაიცავენ.
გიორგი ყიფიანი:
"მოსამზადებელი პერიოდი დასრულდა. პირველი ეტაპი თბილისში გავიარეთ, მეორე - ესპანეთში. იქ გუნდმა 6
ახლა საჩხერის "ჩიხურასთან" მატჩისთვის ვემზადებით. მოსამზადებელ ეტაპზე რამდენიმე ფეხბურთელი დავიმატეთ. ბოლო დღეებში ჩვენთან თამაშის სურვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ბაჩანა ცხადაძემაც გამოთქვა - ის ჩვენ უდავოდ გაგვაძლიერებს.
აქვე ვიტყვი, რომ კიკაბიძესთან და ყველა სხვა ახალწვეულთან ხელშეკრულებები 2018 წლამდე გავაფორმეთ. მესმის, რომ ამ ეტაპზე, ჩემპიონობაზე ფიქრი არარეალურია. თუმცა შემდეგი სეზონიდან ამისთვის ვიბრძოლებთ.
"ლოკომოტივი" პროგრესული კლუბია და აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ადრე თუ გვიან ჩვენი მცდელობა ევროპულ დონეზე დაწინაურების საშუალებას მოგვცემს.
კლუბის განვითარებისთვის ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს სატელევიზიო რეპორტაჟები, რომელთა ხილვაც გულშემატკივრებს ყოველ პარასკევს "სილქ უნივერსალზე" შეეძლებათ".
ჟერარდ სარაგოსა:
"მოსამზადებელი პერიოდი დასრულდა. გუნდმა ექვსი კვირის განმავლობაში ძალზე ნაყოფიერი შეკრება გაიარა და ესპანეთიდან მშვენიერი განწყობით დაბრუნდა.
ალბირში კარგი სპარინგები გვქონდა. განსაკუთრებით, დონეცკის "შახტართან" - უკრაინელები ჩემპიონთა ლიგის სისტემატური მონაწილეები არიან და ამით ყველაფერია ნათქვამი. მათ ფეხბურთელებს 90 წუთის განმავლობაში არანორმალურად მაღალ ტემპში შეუძლიათ თამაში. ამ დროს ბევრი რამის სწავლა და ხარვეზების დანახვა შეგვიძლია. ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი ეს თამაში. ჩვენი მიზანი სწორედ ასეთ ფეხბურთთან შეგუება და მისი დანერგვაა. ევროპულ ფეხბურთს ფეხი უნდა ავუწყოთ.
ქართველ ფეხბურთელებში ვხედავ პოტენციალს, რაშიც განვლილ შეკრებაზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ახალი ფეხბურთელები კარგად შეეწყვნენ გუნდს. "ლოკომოტივი" მეორე ეტაპისთვის კარგად მოემზადა".
ნიკა ჭანტურია, რომელიც თბილისის "დინამოს" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი გახლდათ, ზამთარში "ლოკომოტივს" დაუბრუნდა. 20 წლის ცენტრალური მცველი ახალი გუნდის შეკრებით კმაყოფილია.
"ესპანური შეკრება ნაყოფიერი და საინტერესო იყო. რამდენიმე მნიშვნელოვანი ტესტ-მატჩიც ჩავატარეთ და თითოეული ფეხბურთელი მეორე წრეს კარგი განწყობით ხვდება. მთავარია, შეკრებაზე ნასწავლი და მთავარი მწვრთნელის დავალებები ჩემპიონატში შევასრულოთ და მაქსიმალურად მაღალი ადგილისთვის ვიბრძოლოთ.
მნიშვნელოვანია ტრანსფერები, რადგან ახალწვეულებმა გუნდი გააძლიერეს. დღეს გავიგე, რომ ჩვენთან ბაჩანა ცხადაძეც ითამაშებს. ვფიქრობ, ის გუნდს დიდ სარგებლობას მოუტანს", - ამბობს ჭანტურია.
მან "ლელოსთან" თბილისის "დინამოდან" წასვლის რეალურ მიზეზებზეც ილაპარაკა:
"ტყუილია, თითქოს, გუნდი იმიტომ დავტოვე, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაშის იმედი არ მქონდა. კონტრაქტი დამიმთავრდა, მის გახანგრძლივებაზე კი ვერ შევთანხმდით.
სულაც არ მიმაჩნია, რომ "ლოკომოტივში" დაბრუნება უკან გადადგმული ნაბიჯია. ახლა ძალიან ამბიციური გუნდი ყალიბდება და მეც მსურს, ამ პროცესში მივიღო მონაწილეობა.
ამ ეტაპზე ჩემთვის ასეც სჯობდა. თუნდაც იმიტომ, რომ კლუბმა კონტრაქტში ჩემთვის სასურველი პუნქტები შემომთავაზა".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"