ქართული საფეხბურთო კლუბების აღდგენა: ტენდენცია თუ?..

AutoSharing Option
ფეხბურთის განვითარების პროექტის წარდგენისას, ცხადია, მისი ყველა დეტალის დაკონკრეტება ვერ მოხერხდა. ამიტომ, ბოლო დღეებში რამდენიმე კლუბის წარმომადგენელი დაგვიკავშირდა და კონკრეტულ საკითხებში გარკვევა გვთხოვა.

მაგალითად, ზესტაფონის "მარგვეთის" ადმინისტრატორ დიმიტრი მაღრაძეს აინტერესებს:

"საერთოდ, პროგრამა ქართულ ფეხბურთს რომ წაადგება, ამაზე ორი აზრი არ არის. დიდი ხანია, რაც ფეხბურთში ვარ და არ მეგონა, თუ პროგრამა ასე კარგად იქნებოდა დაწერილი. უბრალოდ, ცალკეული დეტალები გარკვევას მოითხოვს და გვინდა, ვიცოდეთ - რა გველის და რა გზას უნდა დავადგეთ, რა ფინანსების იმედი უნდა გვქონდეს..." - სვამს კითხვას "მარგვეთის"
მაღალჩინოსანი.

მას ასევე აინტერესებდა, მეორე ლიგაშიც ჩატარდება თუ არა გარდამავალი ჩემპიონატი და რა ფორმატით:

"ვიცით, რომ გარდამავალი ჩემპიონატის შემდეგ, პირველი ლიგიდან ეროვნულ ლიგა 1-ში 12 გუნდი გადავა. სულ კი ეროვნულ ლიგა 1-ში 20 გუნდი იქნება, რომლებიც 10-10-გუნდიან ჯგუფებად დაიყოფა. მაგრამ ახლა სამი რეგიონული ზონაა და არა მხოლოდ "მარგვეთს", სხვებსაც აინტერესებთ, დანარჩენი 8 გუნდი მეორე ლიგიდან როგორ შეირჩევა".

განმარტებისთვის სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტ ნიკა ჯღარკავას მივმართეთ:

"რა თქმა უნდა, გარდამავალი ჩემპიონატი მეორე ლიგაშიც ჩატარდება. მიმდინარე სეზონის შემდეგ, გუნდები მეორე ლიგის ოთხ დივიზიონში გადანაწილდებიან. ეროვნულ ლიგა 1-ში კი ამ ოთხ ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებზე გასული 8 საუკეთესო გუნდი დაემატება პირველი ლიგის 12 გუნდს და ორ 10-10-გუნდიან ჯგუფს დააკომპლექტებს".

მაგრამ, ჯღარკავას თქმით, ჯერ უცნობია, გარდამავალ ჩემპიონატში ამა თუ იმ ზონაში რამდენი გუნდი ითამაშებს. ისევ ჯღარკავა გვპასუხობს:

"ოთხ ზონაში რამდენი გუნდი გამოხატავს თამაშის სურვილს, ამის წინასწარ თქმა ახლა წარმოუდგენელია. სხვათა შორის, რამდენიმე დაშლილი კლუბის მესვეურმა გამოხატა კლუბის აღდგენისა და გარდამავალ ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილი".

კლუბების აღდგენის მცდელობა საყურადღებო ფაქტია - თუ ბოლოდროინდელ ინფორმაციებს დავუჯერებთ, ეს ტენდენციადაც შეიძლება გადაიქცეს. გარდა იმისა, რომ გუნდები გარდამავალი ჩემპიონატისთვის მზადებას აქედანვე იწყებენ და ფეხბურთელებით გაძლიერება სურთ, ქართულ ფეხბურთს კლუბების რაოდენობის გაზრდაც უდავოდ წაადგება.

ცნობისთვის, უკრაინაში, რომელიც სულაც არ არის მსოფლიო ფეხბურთის ლიდერებში, 6500 პროფესიული და სამოყვარულო კლუბია, საქართველოში კი ეს ციფრი სამარცხვინოდ ცოტაა - სულ რაღაც 71. მართალია, ქვეყნების მასშტაბებიც გასათვალისწინებელია, მაგრამ... 71?

ვისაც ახლა კლუბის აღდგენა თუ დაფუძნება სურს, ორი მოტივი ამოძრავებს - ზოგს სპორტული ჟინი, ზოგს კი - ფული. იქიდან გამომდინარე, რომ გარდამავალი ეტაპი ხანმოკლე იქნება, ზონები რეგიონს მაქსიმალურად მიებმება. მაგალითად, შიდა ქართლის გუნდს შორს წასვლა არ მოუწევს. 50 ათასი ლარი გუნდისთვის ბევრი არაფერია, მაგრამ ასეთ პირობებში მაინც მისაღებია.

შესაძლოა, ამით ვერავინ აშენდეს, მაგრამ როცა ამ ფულსაც ათასი გზით შოულობენ (უფრო კი ვერ შოულოდბენ), ფეხბურთში დაბრუნება და კლუბის აღდგენა მიმზიდველი საქმე ხდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
წინა ხელისუფლება ცდილობდა კლუბების ,,შენახვა,, ოლიგარქებზე შეეტენა.ათეულ მილიონებს აკეთებ და 1–2 მილონი ფეხბურთელებსაც დაახარჯე...არ მოგეწონათ?ეხლა იხადეთ თითოეულმა საკუთარი ჯიბიდან,მოიკელით პენსიები,სოც.დახმარება და შეინახეთ ზარმაცი ფეხბურთელები,რომლებიც შედეგსაც ვერ დებენ(((,,მდიდარს ართმევს,ღარიბს აძლევს,, არ მოგეწონათ?ეხლა ღარიბებს ართმევს..
ზაზა
15:19 26-02-2016
0
ჰო ჰო აბა რა, ახლა მოუნდათ თურმე კლუბების აღდგენა.
giga
15:58 26-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული