დილა-ტორპედო 0:1 - ...აქედან გორი შორია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მეორე წრე გორის "დილამ" მოგებით დაიწყო, მაგრამ განვლილი 3 ტურის შედეგებს თუ გადავხედავთ - ჩარხი უკუღმა დაუტრიალდა. მეორე წრის სასტარტო ტურში "კოლხეთთან" გამარჯვებას ბათუმის "დინამოსთან" ფრე მოჰყვა, "ტორპედოსთან" კი მარცხი, თანაც - შინ.

უკანასკნელ წლებში გორელები ქუთაისელთა წინააღმდეგ საკმაო წარმატებით თამაშობენ და სატურნირო ცხრილში დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარეც, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონისგან ბევრი ამჯერადაც ელოდა მორიგი 3 ქულის მოპოვებას. თუმცა ამჟამინდელმა წაგებამ თბილისის "დინამოსთან" ჩამორჩენა 10 ქულამდე გაზარდა და, შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონობამდე გორიდან უკვე ძალიან შორია...

უშუალოდ მატჩი არ ყოფილა საგოლე
თუ სახიფათო ეპიზოდებით დახუნძლული, სამაგიეროდ, დაძაბულობიდან და მწვრთნელთა ტაქტიკური ჭიდილიდან გამომდინარე, "უინტერესოც" არ ეთქმოდა. სტუმრებმა თავიდანვე აგრძნობინეს "დილას", რომ მხოლოდ საკუთარი კარის მისადგომებთან გამაგრებას არ აპირებდნენ.

გორელებს ისინი მოედნის ნახევრის გადმოკვეთისთანავე ხვდებოდნენ და ცდილობდნენ, სივრცეები მაქსიმალურად შეეზღუდათ. მოდებაძე-მარცვალაძის მრისხანე შემტევი დუეტი სტუმართა უკანა ხაზს პრობლემებს ვერ უქმნიდა. მეტიც - პირველი რეალური ხიფათი სწორედ "ტორპედომ" შექმნა. 24-ე წუთზე ვანო წილოსანს მიეცა საშუალო დისტანციიდან დარტყმის საშუალება. მან ბურთი მეკარისგან შორეულ კუთხეში გაგზავნა, მაგრამ მიზანს ოდნავ ააცილა. თითქმის ანალოგიური პოზიციიდან ორიოდ წუთში ვაჟა ტაბატაძის დარტყმულსაც ცოტა დააკლდა მიზნამდე.

29-ე წუთზე გატანა მართებდა გორელთა შემტევს, ოთარ მარცვალაძესაც. ინდივიდუალური რეიდით მან გვერდი აუარა მცველებს და დაახლოებით პენალტის ნიშნულიდან ძლიერადაც დაარტყა და ხარიხას მცირედით გადააცილა.

მეორე ტაიმში უჩა სოსიაშვილმა თამაშში ჩართო გიორგი ერისთავი, რომელიც შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ერთხანს კარგადაც ამწვავებდა თამაშს, ოღონდ ეს როინ კვასხვაძის კარის ასაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა. 53-ე წუთზე, ერისთავის ზუსტი პასით, ალან ბაგაევმა კარის სიახლოვიდან კინაღამ იხეირა კიდეც - ბურთი ამჯერადაც გადასცდა ხარიხას.

მე-60 წუთზე "ტორპედო" ძალიან ახლოს იყო გოლთან. მასპინძელთა მიერ წამოწყებული შეტევა ქუთათურებმა ჩაჭრეს. გიორგი ქიმაძე პირისპირ გავიდა მეკარესთან, მაგრამ ამ უკანასკნელთან ვერაფერს გახდა.

ცოტა ხანში ანგარიში მაინც გაიხსნა. ლაშა შინდაგორიძემ დაახლოებით 25 მეტრიდან ჩინებულად შეასრულა საჯარიმო. მეკარე მიხეილ მუჯრიშვილი თავგანწირული ნახტომის შედეგად ბურთს გაჭირვებით კი შესწვდა, მაგრამ მისგან ხარიხას მოხვდა და მოედანზე დაბრუნდა, სადაც მცველებს თორნიკე კაპანაძემ დაასწრო და როგორც ბოლოს გამოჩნდა, თურმე გამარჯვების გოლი გაიტანა.

"დილას" 20 წუთი ჰქონდა მარცხისგან თავის დასაღწევად. გორელთა გარჯას შემართება არ აკლდა, თუმცა, ძირითადად, კარის უსაფრთხოებაზე გადართული ქუთაისელები საიმედოდ მოქმედებდნენ და "დილას" შტურმის მოწყობის საშუალება არ მისცეს.

მატჩის შემდეგ
უჩა სოსიაშვილი (დილა):
"დაძაბული და საინტერესო თამაში გამოვიდა. ორივე გუნდი მოსაგებად იბრძოდა და არა ქულის ასაღებად. ჩვენ მთელი თამაშის განმავლობაში ვფლობდით ტერიტორიულ უპირატესობას, ვაკონტროლებდით ბურთს, თუმცა საგოლე მომენტები ნაკლებად იქმნებოდა, რადგან მოწინააღმდეგეს ტაქტიკად დაცვითი ფეხბურთი ჰქონდა არჩეული და კონტრშეტევებზე იყო ორიენტირებული.

სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ იმ მომენტების რეალიზებაც, რაც შევქმენით. უშუალოდ გოლი კი "სტანდარტულიდან" მივიღეთ, როცა ჩვენმა მცველებმა წამიერად კონცენტრაცია დაკარგეს, მაგრამ მომეჩვენა, რომ მოწინააღმდეგემ ეს გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან შეაგდო... თუმცა ეს "დილას" მარცხს არ ამართლებს.

ჩვენ ვიბრძვით, რომ მოვხვდეთ ევროტურნირებზე და საამისოდ მაქსიმუმს გავიღებთ".

ალექსანდრ შტელინი (ტორპედო):
"მეორე წრის საწყის ორ ტურში არასახარბიელოდ ვითამაშეთ. მართალია, მეორე შეხვედრა მოვიგეთ კიდეც, მაგრამ ვერ გამოვავლინეთ შესაძლებლობათა ნახევარიც კი. ამჟამინდელი გამარჯვება კი ჩვენთვის სამმაგად ძვირფასია.

ერთი, რომ დავძლიეთ მცირე ფსიქოლოგიური კრიზისი; მეორე - ვძლიეთ საკმაოდ ძლიერ მოწინააღმდეგეს, რადგან შესწავლილი გვქონდა ბათუმის "დინამოსთან" "დილას" შეხვედრის უმცირესი დეტალებიც კი.

თან ვფრთხილობდით იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც სწრაფ, შემტევ ფეხბურთს თამაშობს;

და მესამე - რაშიც თვეების განმავლობაში ვემზადებოდით, სწორედ ის ფეხბურთი ვაჩვენეთ "დილასთან" მატჩში. გოლი გავიტანეთ, კარგად მოვახერხეთ გადაწყობა; შევძელით, გაგვეძლო და არ მიგვეცა მოწინააღმდეგისთვის მცირე შანსიც კი გოლის გასატანად".

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVII ტური
27. 02. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა-ტორპედო 0:1
გოლი: 0:1 კაპანაძე (69)
დილა: მუჯრიშვილი, ხურცილავა, ქარქუზაშვილი, ბაგაევი, კვირკველია, ფალავანდიშვილი, წიქარიძე (55. ნონიკაშვილი), ძარია (84. მაშუკოვი), კვირკვია (46. ერისთავი), მოდებაძე, მარცვალაძე.
სათადარიგოები: ლეგაშვილი, ლომიძე, სამხარაძე, თექთურმანიძე
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ნერგაძე, მირცხულავა, ქიმაძე, მამასახლისი, კლიმიაშვილი, საღრიშვილი (88. ჭიჭინაძე), წილოსანი (36. ტუღუში), კაპანაძე (74. ფურცხვანიძე), შინდაგორიძე.
სათადარიგოები: მ. ქვილითაია, ბრეგვაძე, ფანცხავა, კვარაცხელია
მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი
გაფრთხილება: საღრიშვილი (63), ბაგაევი (83)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი.

ბომბარდირები:
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 15
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
ო. მარცვალაძე (დილა) 13
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 10
ი. სიხარულიძე (სამტრედოა) 10
დ. ტატანაშვილი (სიონი) 10
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 10

XIX ტური
6 მარტი, კვირა
დინამო (თბ)-მერანი
გურია-ლოკომოტივი
ტორპედო-დინამო (ბთ)
სიონი-საპოვნელა
ცხინვალი-დილა
შუქურა-კოლხეთი
ჩიხურა-ზუგდიდი

7 მარტი, ორშაბათი
სამტრედია-საბურთალო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული