ლოკომოტივი-სამტრედია 0:1 - ომარ შეუდარებელი

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის მორიგი ტურის ბოლო მატჩში "სამტრედიამ" გასვლაზე დაამარცხა თბილისის "ლოკომოტივი".

თამაში კარგი სანახავი გამოვიდა. ეგაა, ტრიბუნებზე ქომაგების ხალვათობა იყო და თუ გვინდა, ჩემპიონატის დონემ თანდათან აიწიოს, ჩვენი პირველობა ჩვენვე უნდა დავაფასოთ. არც სუსხმა თუ თამაშის დაწყების ჩვენთვის ცოტა უცნაურმა დრომ არ უნდა შეგვაშინოს.

შეხვედრა "დინამო არენაზე" შედგა, რაკი "მიხეილ მესხზე" საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მორიგი შესანიშნავი გამარჯვებით გაგვახარა - ესპანეთს შანსი არ დაუტოვა...

"დინამო არენაზე" კი ვნახეთ,
რომ "სამტრედია" ძალიან საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, მზარდი გუნდია. იმერელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ერთობ კონცენტრირებულად ითამაშეს, თუმცა რომ არა ომარ მიგინეიშვილის დიდებული გარჯა, სამტრედიელები შინ 3 ქულით ვერ გაბრუნდებოდნენ - დიახ, სამტრედიელთა გამოცდილმა მეკარემ, ვფიქრობთ, კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

თავი რომ დავანებოთ მოგერიებულ 11-მეტრიანს, ომარმა ყველა სხვა ეპიზოდშიც გაიბრწყინა. ვერ ვიხსენებ, საქართველოს ჩემპიონატის მატჩში როდის ითამაშა მეკარემ ასე მაღალ დონეზე... ამას თან დაერთო "ლოკომოტივის" შემტევთა უზუსტობა და ასე მივიღეთ შეხვედრის საბოლოო ანგარიში.

"ლოკომოტივი" ამ მატჩს საკადრო პრობლემებით შეეგება. ტრავმის გამო იუქმეს - კაპიტანმა ნიკა ჭანტურიამ, გამოცდილმა ცენტრალურმა მცველმა გიორგი ხიდეშელმა და ფრანგული "ბასტიიდან" გუნდში ახლახან დაბრუნებულმა ლუკა კიკაბიძემ.

აქვე ერთიც: უკვე მეორე შეხვედრაა, თვალს ვადევნებ "ლოკომოტივის" უნივერსალი ნახევარმცველის, რატი არდაზიშვილის გარჯას და უნდა დავწერო - ქართულ ფეხბურთს ძალიან კარგი ბიჭი ეზრდება. მთავარია, თავში არ აუვარდეს, იმ სენით არ დაავადდეს, ბევრ ნიჭიერ ქართველს რომ მოუჭრა დიდი ფეხბურთისკენ სავალი გზა...

სწორედ არდაზიშვილმა შექმნა მე-7 წუთზე მასპინძელთა პირველი სახიფათო მომენტი. მამია გავაშელიშვილის პასის შემდეგ რატიმ ახლო მანძილიდან სცადა გატანა, თუმცა საენდშპილო დარტყმულს სიზუსტე დააკლო...

თერთმეტ წუთში "ლოკომოტივს" ანგარიშის გახსნის დიდებული შანსი მიეცა. სამტრედიელმა მცველმა საჯარიმოში წააქცია ერეკლე სულთანიშვილი და არბიტრმა უყოყმანოდ დანიშნა პენალტი. ბურთთან ორივე გუნდში ყველაზე გამოცდილი ალექსი ბენაშვილი მივიდა. ლოკომოტიველმა, თითქოს, კარგად დაარტყა და გოლიც გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ... შესანიშნავად ითამაშა მიგინეიშვილმა, ვინც ნახტომში აარიდა საფრთხე საკუთარ კარს.

პირველი ტაიმის ბოლომდე მასპინძელი თავდაუზოგავად ცდილობდა ანგარიშის გათანაბრებას. ყველაზე აქტიური ისევ და ისევ არდაზიშვილი იყო. მან ჯერ შორეული დარტყმით სცადა სამტრედიელთა კარის აღება, მერე კი სოლო-რეიდს გამჭოლი გადაცემა მოაყოლა, თუმცა შემტევებმა ბურთზე გასვლა დააგვიანეს.

რამდენიმე შანსი მიეცათ ბაჩანა ცხადაძესა და გავაშელიშვილს, თუმცა მათ გადამწყვეტ დარტყმებს მცირეოდენი სიზუსტე აკლდა. ჩანს, ბაჩანას ცოტაც სჭირდება და ის საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდი იქნება. "ლოკომოტივის" ახალწვეულმა ბევრი იმუშავა, საგოლე შანსებიც შეექმნა... ოღონდ, ეგ არის, რომ გოლის გატანა ვერ შეძლო.

დაიწყო მეორე ტაიმი და "სამტრედიამ" ეგრევე გაიტანა. იმერელთა შემტევი ირაკლი სიხარულიძე მეკარე რევაზ თევდორაძეს პირისპირ შეეყარა, უკან ჩამოიტოვა და გოლიც, თითქოს, გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ... ბურთს მცველები გადაეფარნენ, თუმცა იქვე აღმოჩნდა ბუდუ ზივზივაძე, ვინც სამტრედიელთა გამარჯვების გოლი შეაგდო.

ანგარიშში ჩამორჩენილმა "ლოკომოტივმა" წნეხი გააძლიერა. დემურ ჩიხლაძის შორეული დარტყმა მიგინეიშვილმა აიღო. მანვე არ გაატანინა არდაზიშვილსა და ცხადაძეს. შეტევაში ჩართული ბორის მახარაძის დარტყმულს კი სიზუსტე არ ეყო.

მეორე ტაიმში "სამტრედია" უკეთესი იყო, ვიდრე პირველში. მასპინძლებს იმდენი მომენტი აღარ ჰქონიათ, რამდენიც პირველ ნახევარში, მაგრამ საგოლე შანსები მაინც იყო. ყველაზე რეალური მომენტი ცხადაძეს ჰქონდა - დავით სამურკასოვის კარგი პასის შემდეგ თავზე უგდებდა ბურთს მიგინეიშვილს, მაგრამ... "სამტრედია" გადარჩა.

თამაშის ბოლომდე მიზანი ვერც გიორგი გეთიაშვილმა და მახარაძემ გაასწორეს. საბოლოოდ, "სამტრედიამ" მოიგო და თბილისში ჩამოყოლილი ერთგული ქომაგი ძალიან გაახარა.

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ფეხბურთში ყოველთვის ის ვერ იგებს, ვინც მოწინააღმდეგის კართან მეტ მომენტს ქმნის.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVII ტური
27.02. თბილისი. "დინამო არენა"
ლოკომოტივი-სამტრედია 0:1
გოლი: 0:1 ზივზივაძე (48)
გამოუყენებელი პენალტი: ბენაშვილი (18. მეკარე)
ლოკომოტივი: თევდორაძე, ფოფხაძე, ჩიტეიშვილი, გეთიაშვილი, ქიქავა, სულთანიშვილი (73. სამურკასოვი), მახარაძე, ბენაშვილი (31. ჩიხლაძე), არდაზიშვილი (62. კიკნაძე), ცხადაძე, გავაშელიშვილი.
სათადარიგოები: კუპატაძე, ქანთარია, უბილავა, გაბაძე
მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა მულეტი
სამტრედია: მიგინეიშვილი, შერგელაშვილი, ცნობილაძე, მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, რაჟამაშვილი, დათუნაიშვილი, მარკოზაშვილი (73. ჯიქია), ენდელაძე, სიხარულიძე (64. იოსელიანი), ზივზივაძე (88. ახალაძე).
სათადარიგოები: მეშველიანი, სანდოხაძე, მთივლიშვილი, შ. კერძევაძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილება: ცნობილაძე (38), სიხარულიძე (43), გეთიაშვილი (75), რაჟამაშვილი (85), ჩიტეიშვილი (85)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.

ბომბარდირები:
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 15
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
ო. მარცვალაძე (დილა) 13
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 10
ი. სიხარულიძე (სამტრედოა) 10
დ. ტატანაშვილი (სიონი) 10
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 10

XIX ტური
6 მარტი, კვირა
დინამო (თბ)-მერანი
გურია-ლოკომოტივი
ტორპედო-დინამო (ბთ)
სიონი-საპოვნელა
ცხინვალი-დილა
შუქურა-კოლხეთი
ჩიხურა-ზუგდიდი

7 მარტი, ორშაბათი
სამტრედია-საბურთალო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამტრედია ახლა საბურთალოს "გაუმასპინძლდება" და მერე შეუდგება გასვალზე მეტოქეების მოთელვას!
jango
13:57 29-02-2016
0

სიახლეები პოპულარული