უმაღლესი ლიგა. თებერვლის ნომინანტები: დინამოელთა დომინირება

AutoSharing Option
თებერვალიც "გავაცილეთ" და გაზაფხულის შემოსვლასთან ერთად იმის დროც დადგა, გასული თვის ნომინანტები დავასახელოთ.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული, "ლელო" და კომპანია "ლიდერბეთი" ერთობლივ პროექტს ახორციელებენ, რაც, ჩვენი აზრით, საქართველოს ჩემპიონატის პოპულარიზაციასაც უნდა უწყობდეს ხელს. "თვის ფეხბურთელი" და "თვის მწვრთნელი", - აი, ამ ორ ნომინაციაში გამარჯვებულს გამოავლენს ყოველი თვის დამთავრების შემდეგ გაზეთი "ლელო", ხოლო კომპანია "ლიდერბეთი" კი ამ გამარჯვებულებს სამახსოვრო პრიზებით აჯილდოებს.

ასე ხდება ყოველი თვის მერე, აი, სეზონის დამთავრების შემდეგ კი დაჯილდოების ცერემონიალი ბევრად უფრო მასშტაბური თუ პომპეზური იქნება:
ისე, როგორც შარშან, ამ სეზონის დამთავრების შემდეგაც "ლელო" და "ლიდერბეთი", სულ მცირე, 13 ნომინაციაში გამარჯვებულს გამოავლენენ.

უცვლელი რჩება ამ ღონისძიების ჩატარების ადგილიც: თბილისში, ჭავჭავაძის 7-ში მდებარე "ბიბლუს გალერეა"! სწორედ აქ გაიმართება თებერვლის თვის ლაურეატთა დაჯილდოებაც, რომელთა ვინაობასაც ქვემოთ გაეცნობით; მანამდე კი წინა თვეების ლაურეატები გვინდა შეგახსენოთ:

აგვისტოში თბილისის დინამოელები, გია გეგუჩაძე ("თვის მწვრთნელი") და ალექსანდრე იაშვილი ("თვის ფეხბურთელი") გამოვარჩიეთ, სექტემბერში "დილას" წარმომადგენლები - უჩა სოსიაშვილი ("თვის მწვრთნელი") და ირაკლი მოდებაძე ("თვის ფეხბურთელი"), ოქტომბერში - "შუქურას" მწვრთნელი თეიმურაზ შალამბერიძე და "დილას" ფორვარდი ოთარ მარცვალაძე; ნოემბერ-დეკემბერი კი ერთად "გავაერთიანეთ" და ისევ თბილისის დინამოელები ვაღიარეთ: "თვის მწვრთნელად" - გია გეგუჩაძე, "თვის ფეხბურთელად" კი - გიორგი ქვილითაია.

ახლა კი, დაპირებისამებრ, თებერვლის ლაურეატებზეც; აქვე, ცხრილსაც შემოგთავაზებთ, გასული თვის შედეგების მიხედვით რომ არის შედგენილი.

თებერვლის ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. დინამო (თბ) 3 3 0 0 8-1 9
2. სამტრედია 3 2 1 0 5-1 7
3. მერანი 3 2 1 0 6-4 7
4. დინამო (ბთ) 3 2 1 0 4-2 7
5. ტორპედო 3 2 0 1 4-2 6
6. სიონი 3 1 2 0 4-2 5
7. გურია 3 1 2 0 3-1 5
8. ჩიხურა 3 1 1 1 9-5 4
9. დილა 3 1 1 1 3-3 4
10. ცხინვალი 3 0 3 0 4-4 3
11. შუქურა 3 0 3 0 1-1 3
12. ლოკომოტივი 3 0 1 2 3-5 1
13. ზუგდიდი 3 0 1 2 1-3 1
14. საბურთალო 3 0 1 2 2-11 1
15. კოლხეთი 3 0 0 3 1-5 0
16. საპოვნელა 3 0 0 3 1-7 0

საუკეთესო მწვრთნელი: იურაი იარაბეკი
ნომინანტები:
1. იურაი იარაბეკი (დინამო, თბ)
2. გია ცეცაძე (სამტრედია)
3. შოთა ჭეიშვილი (დინამო, ბთ)

მეორე წრის სტარტზე რამდენიმე გუნდმა მართლაც მშვენიერი შედეგი აჩვენა: გამოცდილი სპეციალისტის, შოთა ჭეიშვილის დამოძღვრილმა ბათუმის "დინამომ" ორი საგარეო მატჩი მოიგო, მოქმედ ჩემპიონ "დილასთან" კი დაძაბული და საინტერესო დაპირისპირება ფრედ (2:2) დაამთავრა;

ბათუმელებმა ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში ნაყოფიერი უცხოური შეკრებაც გაიარეს და ერთობ კვალიფიციური ლეგიონერებიც (ნიკოლა კომაზეცი, მარკო მიხაილოვიჩი) დაიმატეს; ანუ მეორე წრის სტარტზე ამ გუნდის წარმატებული სტარტი გასაკვირი არც უნდა ყოფილიყო, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით "სამტრედიის" ასევე დამაჯერებელ ასპარეზობაზე: გია ცეცაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ახალგაზრდულმა გუნდმა (3 ფეხბურთელის გარდა, ძირითადში 20-21 წლის ბიჭები რომ თამაშობენ) გარკვეულ მიზეზთა გამო უცხოური შეკრება ვერ გაიარა, გამოცდილი მეკარის, ომარ მიგინეიშვილის დამატების გარდა, სხვა არავინ დაუმატებია და სამ სასტარტო ტურში 7 ქულაც მოაგროვა.

ასევე წარმატებული სტარტი ჰქონდა მეორე წრეში "მერანს", რომლის შემადგენლობაც, ფაქტობრივად, 90 პროცენტით გადახალისდა და როგორც აღმოჩნდა, ეს ტრანსფერები სასურველი შედეგის მომტანი აღმოჩნდა.

თუმცა გასულ თვეში ერთადერთმა გუნდმა "მოახერხა" და სამივე მატჩში ქულათა მაქსიმუმი მოაგროვა: თბილისის "დინამომ" სეზონი ცოტა "მძიმედ" განაახლა, მაგრამ ეს უფრო დროის ამბავი უნდა ყოფილიყო და ასეც მოხდა; ყოველ შემთხვევაში, შეკრებაგავლილი გუნდი თავის მესამე ოფიციალურ შეხვედრაში უკვე ისე გამოიყურებოდა, როგორც ჩემპიონატის უპირველეს ფავორიტს ეკადრებოდა. ანუ, ფაქტია, რომ დინამოელთა ახალ თავკაცს, იურაი იარაბეკს მშვენიერი დებიუტი გამოუვიდა საქართველოს ჩემპიონატში.

Sportall.Ge

რა თქმა უნდა, 53 წლის სლოვაკ სპეციალისტს შემადგენლობაც "საჩემპიონო" ჰყავს, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იარაბეკი საკმაოდ ეფექტიანად ახდენს ძირითადი შემადგენლობის როტაციას; არადა, დღესდღეობით თბილისის "დინამოში", ფაქტობრივად, ყველა პოზიციაზე 2 თანაბარი ძალის ფეხბურთელია და მწვრთნელსაც, როგორც იტყვიან, ასარჩევად აქვს საქმე.

საუკეთესო ფეხბურთელი: ალექსანდრე ამისულაშვილი
ნომინანტები:
1. ალექსანდრე ამისულაშვილი (დინამო, თბ)
2. ალექსანდრე იაშვილი (დინამო, თბ)
3. ბუდუ ზივზივაძე (სამტრედია).

სასიამოვნოა, როცა ამა თუ იმ ნომინაციაში საქმე ასარჩევად არის: თებერვალში ხომ ერთდროულად რამდენიმე ფეხბურთელი იმსახურებდა ლაურეატობას!

ისე, როგორც მთელი სეზონის განმავლობაში, კვლავაც გამორჩეული გახლდათ თბილისის "დინამოს" კაპიტანი და ლიდერი, და საერთოდაც, ქართული ფეხბურთის მართლაც დამსახურებული ვეტერანი, 38 წლის ალექსანდრე იაშვილი, რომელმაც "საპოვნელასთან" და "ლოკომოტივთან" ჩინებულად ითამაშა, თუმცა გასული თვის ბოლო მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა;

კვლავაც ჩვეულ ოსტატობას ავლენდა "დილას" ლიდერი, 31 წლის ოთარ მარცვალაძე; ტრავმის მერე მშვენიერი დაბრუნება "მოიწყო" ბათუმის "დინამოს" საყრდენმა ნახევარმცველმა, 25 წლის თეიმურაზ შონიამ, რომელმაც "დილას" და "კოლხეთის" კარში ერთმანეთზე ეფექტური გოლები გაიტანა;

ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა მეორე წრის სამივე სასტარტო მატჩში ქართული ფეხბურთის იმედი, თბილისის "დინამოს" 19 წლის შემტევი ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი; ხოლო მისი თანაგუნდელი, 22 წლის გიორგი ქვილითაია საუკეთესო ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა და ალბათ, სეზონის ბოლომდე შეეცდება, რომ ეს პოზიცია შეინარჩუნოს;

გასულ თვეში ერთადერთი ფეხბურთელი გვყავდა, რომელმაც სამივე მატჩში შეძლო გოლის გატანა: "სამტრედიის" 21 წლის ფორვარდს, ბუდუ ზივზივაძეს ჩემპიონატში უკვე 10 გოლი დაუგროვდა და საუკეთესო ბომბარდირთა დავაშიც ჩაერთო;

კარგად წარმოჩინდნენ ახალწვეულებიც: "მერანის" 22 წლის გარემარბმა ვანო ხაბელაშვილმა თავისი ახალი გუნდის მაისურით საწყის ორ მატჩში 3 გოლი გაიტანა;

მართლაც შთამბეჭდავი დებიუტი ჰქონდა უმაღლეს ლიგაში "ჩიხურას" 19 წლის ფეხბურთელს, თორნიკე კირკიტაძეს, რომელმაც ჯერ სადებიუტო მატჩში ("ლოკომოტივთან"), მერე კი "საბურთალოს" კარში ჩინებული გოლი გაიტანა, როცა შორეული სოლო-რეიდი განახორციელა და ამას ეფექტური და ზუსტი დარტყმაც მოაყოლა.

საერთოდაც, გასულ თვეში არაერთი ეფექტური გოლი ვიხილეთ: უმაღლეს ლიგაში გარკვეული პაუზის მერე დაბრუნებულმა 32 წლის თენგიზ ჩიკვილაძემ ("საპოვნელა") თბილისის "დინამოს" კარში ეფექტური გოლი გაიტანა "სტანდარტულიდან"; ასევე ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა "ტორპედოს" 24 წლის უნივერსალმა ფეხბურთელმა გიორგი ქიმაძემ ("ზუგდიდის" კარში); აღარაფერს ვამბობთ "ლელოს" ვერსიით გასული თვის საუკეთესო გოლზე, რომელიც "ლოკომოტივის" 22 წლის განაპირა მცველმა რევაზ ჩიტეიშვილმა გაიტანა თბილისის "დინამოს" კარში...

...ასარჩევად საქმე მართლაც გვქონდა, თუმცა საუკეთესოთა შორის საუკეთესოდ, ჩვენს ჩემპიონატში კიდევ ერთი ცნობადი "დაბრუნებული", საქართველოს ნაკრების მართლაც შეუცვლელი ფეხბურთელი, 33 წლის ალექსანდრე ამისულაშვილი მივიჩნიეთ!

Sportall.Ge

ზემოთ ვახსენეთ, რომ დინამოელთა ახალი თავკაცი იურაი იარაბეკი სამივე სასტარტო შეხვედრაში სისტემატურად ახორციელებდა ძირითადი შემადგენლობის როტაციას; თუმცა, ერთეულ ფეხბურთელებს ეს როტაცია არ შეხებიათ და მათ შორის გახლდათ ალექსანდრე ამისულაშვილიც, რომელიც თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს თითქმის თერთმეტწლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა.

თელავის საფეხბურთო სკოლის აღზრდილი ჩვენთან თუ უცხოეთში, სადაც კი უთამაშია, ყველგან დაცვის ბურჯი იყო და ასეა ამ სეზონშიც; ამის ნათელი დადასტურება იყო ბოლო მატჩი "საბურთალოსთან", სადაც "დინამო" კაპიტნის სამკლავურით სწორედ ამისულაშვილმა გამოიყვანა და იმდენად დამაჯერებლად და დიდოსტატურად გამოიყურებოდა, ამპლუით მცველმა თავისი გუნდის შემტევების ასევე გამორჩეული თუ აქტიური თამაშიც კი დაჩრდილა!

და, რაც მთავარია, სწორედ ამისულაშვილის, იაშვილისა თუ მარცვალაძის დონის ფეხბურთელების დაბრუნებამაც უნდა შეუწყოს ხელი ჩვენი ჩემპიონატის დონის ამაღლებას, - ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მათ გვერდით რამდენი პერსპექტიული ახალგაზრდა დაოსტატდება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი თქვენს მიმართ მაგრამ ერთი შენიშვნა მინდა მოგცეთ იურაი იარაბეკის დამხმარე მსაჯებიც მინდა მოიხსენიოთ, რომელთა წვლილს დინამოს წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუზღვით!!!
lelo
03:11 04-03-2016
0
ვეთანხმები lelo-ს, რომ არა მსაჯების დახმარება დინამოს შედეგი თებერვალში უნდა იყოს მხოლოდ 5 ქულა, აი ეს არს ჭეშმარიტება და ნუ აგყავთ დინამო ცაში.
vaxo
13:06 04-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული