სარეკორდო ნიშნულზე! უმაღლეს ლიგაში 6 უცხოელი მწვრთნელი იმუშავებს

AutoSharing Option
ორი დღის წინათ უმაღლეს ლიგაში კიდევ ერთი სამწვრთნელო გადაადგილება მოხდა: გიორგი ჭიაბრიშვილის ნაცვლად "საბურთალოს" მთავარ მწვრთნელად ესპანელი სპეციალისტი პაბლო ფრანკო მარტინი დაინიშნა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე საქართველოს ჩემპიონატში არასდროს ჩამოსულა ისეთი სპეციალისტი, ვისაც მანამდე ევროპის ტოპ-ლიგათაგან (ინგლისი, ესპანეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი) ერთ-ერთში ჰქონდა ნამუშევარი... და აი, ასეთიც გამოჩნდა: პაბლო ფრანკო მარტინი წინა სეზონის გარკვეულ პერიოდში ესპანური პრიმერა დივიზიონის "ხეტაფეს" წვრთნიდა.

ისიც ცალკე თემაა, რომ ამ სეზონში საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში აბსოლუტური რეკორდი დამყარდა: მეორე წრეში, უმაღლეს ლიგაში 5 უცხოელი სპეციალისტი გვყავდა!

ლეგიონერ
მწვრთნელთა ასეთი რაოდენობა ჩვენს ჩემპიონატში არასდროს ყოფილა ერთი სეზონის განმავლობაში; თუმცა, ეს სარეკორდო მაჩვენებელი სამ დღეში კიდევ გაუმჯობესდება და მარტინოს დამატებით ამჯერად უკვე 6 (ექვსი)! უცხოელი მწვრთნელი გააგრძელებს საკუთარი კვალიფიკაციის დამტკიცებას საქართველოს ჩემპიონატში.

უცხოელ მწვრთნელებზე ოდნავ ქვემოთ, მანამდე კი ყველა ის სამწვრთნელო გადაადგილება გავიხსენოთ, ამ სეზონის დაწყებიდან დღემდე რომ მოხდა.

ამას ხომ უკვე მივეჩვიეთ
უკვე წლებია, ჩვენს ჩემპიონატში ის ფაქტ(ებ)ია გასაკვირი, როცა ესა თუ ის მწვრთნელი (მნიშვნელობა არა აქვს, ქართველი თუ უცხოელი) სეზონს დაიწყებს და დაამთავრებს. ეგ კი არა, სულ ახლო წარსულის ამბებს გავიხსენებთ, როცა კონკრეტული სეზონის განმავლობაში საკუთარ პოსტს ორი-სამი სპეციალისტი თუ ინარჩუნებდა ხოლმე.

ამ სეზონში, ჯერჯერობით, საქმე "აშკარად უკეთესობისაკენ" არის: ჩემპიონატის დაწყებიდან დღემდე 6 მწვრთნელი "შემორჩა", ეს სეზონი ვინც დაიწყო და დღემდეც ასრულებს თავის მოვალეობას: შოთა ჭეიშვილი ("დინამო", ბათუმი), სოსო ფრუიძე ("ჩიხურა"), კახა კაჭარავა ("ცხინვალი"), ვარლამ კილასონია ("სიონი"), უჩა სოსიაშვილი ("დილა"), გია ცეცაძე ("სამტრედია").

ამათგან, ცეცაძე პირველ სეზონს ატარებს "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელის რანგში, ვარლამ კილასონიამ წინა სეზონიც სრულად ჩაატარა (ოღონდ რუსთავის "მეტალურგის" თავკაცის რანგში), კახა კაჭარავამ "ცხინვალი" 2013/14 წლების სეზონის მსვლელობის დროს ჩაიბარა და იქიდან მოყოლებული წარმატებით მუშაობს ამ მოკრძალებული რესურსის მქონე გუნდთან.

უმაღლესი ლიგის ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი, 26 წლის უჩა სოსიაშვილი ზედიზედ მეორე სეზონია მოძღვრავს "დილას", ისე, როგორც უმაღლეს ლიგაში მომუშავე მწვრთნელთა შორის ყველაზე გამოცდილი, 67 წლის შოთა ჭეიშვილი.

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შოთა ჭეიშვილი ბათუმის "დინამოს" ჯერ კიდევ ... პირველ ეროვნულ ჩემპიონატში მოძღვრავდა!

აი, რაც შეეხება კიდევ ერთ გამოცდილ სპეციალისტს, 57 წლის სოსო ფრუიძე უმაღლეს ლიგაში "ჩიხურას" უკვე მეოთხე სეზონია წვრთნის, საერთოდ კი საჩხერულ კლუბს... 2008 წლიდან თავკაცობს!

აი, ასეც ხდება ხოლმე, როცა ერთი და იგივე სპეციალისტი ერთსა და იმავე გუნდში გადაბმულად ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მუშაობს და სოსო ფრუიძის შემთხვევაც ამის ნათელი დადასტურებაა.

თავიდანვე დაიწყო...
ამ სეზონში სამწვრთნელო გადაადგილებები, ფაქტობრივად, ჩემპიონატის სტარტიდანვე დაიწყო და პიკს ზამთრის სატრანსფერო პაუზის დროს მიაღწია, როცა მთავარი მწვრთნელი ოთხ გუნდში გამოიცვალა. პირველი ცვლილება კი II ტურის მერე მოხდა, როცა გელა სანაიას ნაცვლად "შუქურას" მთავარ მწვრთნელად თეიმურაზ შალამბერიძე დაინიშნა. თუმცა ახალგაზრდა სპეციალისტ გელა სანაიას დიდხანს არ მოუწია უქმობა: VII ტურის შემდეგ ფოთის "კოლხეთი" ჩაიბარა, სადაც მანამდე ზაზა ინაშვილი მუშაობდა.

...უცნაური ამბები ხდებოდა სეზონის სტარტზე (და, საერთოდ, მთელი ჩემპიონატის მსვლელობისას) "გურიის" ირგვლივ: V ტურის შემდეგ კახა გოგიჩაიშვილის ნაცვლად ლანჩხუთელთა გუნდის მთავარ მწვრთნელად ბადრი კვარაცხელია დაინიშნა. თუმცა მომდევნო, VI ტურში, ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, "გურიამ" პირველივე მატჩი წააგო "მერანთან", რომელსაც ასევე ახალი მწვრთნელი მოძღვრავდა: მარტვილური კლუბის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით, გალაქტიონ ჭუბაბრიამ უკრაინელი სპეციალისტი ვლადიმირ ლობასი ჩაანაცვლა.

"მერანმა" კი მოიგო ის მატჩი "გურიასთან" (2:0), მაგრამ მარტვილელთა საყვარელ გუნდს უკვე მომდევნო ტურში... ბადრი კვარაცხელია მოძღვრავდა! ამ უკანასკნელის ადგილი კი "გურიის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გია ჩხაიძემ დაიკავა, რომელმაც პირველი წრის ბოლომდე იმუშავა და ამჟამად ლანჩხუთელებს რუსი სპეციალისტი, ვიქტორ დემიდოვი წვრთნის.

VII ტურის მერე კიდევ სამ გუნდში მოხდა სამწვრთნელო გადაადგილება: ვასილ მაისურაძის ნაცვლად "ლოკომოტივის" თავკაცად ესპანელი სპეციალისტი ჟერარდ სარაგოსა მულეტი დაინიშნა, რომელიც საქართველოს ჩემპიონატს ხანმოკლე პაუზის მერე დაუბრუნდა.

სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა უმაღლეს ლიგაში კიდევ ერთი უცხოელი სპეციალისტი: 62 წლის ალექსანდრ შტელინმა "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გიორგი დარასელია შეცვალა. აღსანიშნავია, რომ შტელინი საქართველოს ჩემპიონატსა და ქუთაისის "ტორპედოს" საკმაოდ დიდი ხნის პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

ასევე მოხდა სამწვრთნელო გადაადგილება "ზუგდიდშიც", სადაც ბესიკ შეროზიას ნაცვლად ლევან მიქაძე დაინიშნა. თუმცა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "ზუგდიდში" კიდევ ერთი სამწვრთნელო გადაადგილება მოხდა: ლევან მიქაძის ნაცვლად უკრაინელი სპეციალისტი იური ბაკალოვი მივიდა.

ზამთრის პაუზის დროს მოხდა ცვლილება თბილისის "დინამოშიც": საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გადასული გია გეგუჩაძე სლოვაკმა სპეციალისტმა იურაი იარაბეკმა ჩაანაცვლა.

მეორე წრის დაწყებიდან მომხდარ ჯერჯერობით პირველ სამწვრთნელო ცვლილებაზე კი ზემოთ ვისაუბრეთ და ამ შემთხვევაში მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ ესპანელი პაბლო ფრანკო მარტინი საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში 24-ე უცხოელი სპეციალისტი იქნება...

არის რეკორდი!
...1998/99 წლების სეზონის დამთავრებამდე 5 ტური რჩებოდა, თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად იოჰან ბოსკამპი რომ დაინიშნა. სწორედ ეს ჰოლანდიელი სპეციალისტი გახლდათ საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში პირველი უცხოელი მწვრთნელი და ამის შემდეგ ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება.

ბოსკამპის მერე ჯანი კარნევალე (იტალია) გამოჩნდა, შემდეგ - ალექსანდრ შტელინი (უკრაინა), ივო შუშაკი (ხორვატია), ლუის ცაკარიასი (პერუ), ჟოაო დე კამპუში (ბრაზილია), ვლადიმერ ზემლიანოი (უკრაინა), ანდრეი ჩერნიშოვი (რუსეთი), დუშან უჰრინი-უფროსი (ჩეხეთი), ანატოლი პისკოვეცი (უკრაინა), რაინერ ცობელი (გერმანია), ვლადიმერ კაშჩეი (უკრაინა), ალექს გარსია (ესპანეთი), ვალდას ივანაუსკასი (ლიტვა), დუშან უჰრინი-უმცროსი (ჩეხეთი), რომან პოკორა (უკრაინა), რატკო დოსტანიჩი (სერბეთი), ვლადიმირ ლობასი, კონსტანტინ ფროლოვი (ორივე - უკრაინა), ჟერარდ სარაგოსა მულეტი (ესპანეთი), ვიქტორ დემიდოვი (რუსეთი), იური ბაკალოვი (უკრაინა), იურაი იარაბეკი (სლოვაკეთი).

აქვე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ 1999 წლის მერე საქართველოს ჩემპიონატში მხოლოდ ერთხელ მოხდა, როცა ჩვენთან უცხოელი სპეციალისტი არ მუშაობდა: 2010/11 წლების სეზონში. სამაგიეროდ, სწორედ იმ სეზონში... პირველ ლიგაში გვყავდა უცხოელი სპეციალისტი, რომელმაც მართლაც წარმატებით იმუშავა - ანატოლი პისკოვეცის დამოძღვრილმა "გაგრამ" უმაღლესი ლიგის საგზურიც მოიპოვა და, რაც მთავარია, საქართველოს თასიც მოიგო!

აქვე, რახან პისკოვეცის ეს მიღწევა ვახსენეთ, სხვადასხვა დროს ჩვენთან მომუშავე უცხოელი მწვრთნელების წარმატებებიც უნდა ჩამოვთვალოთ და ამ "ნომინაციაში" აბსოლუტური ლიდერი ივო შუშაკია: ხორვატი სპეციალისტის ხელმძვანელობით მოასპარეზე თბილისის "დინამომ" საქართველოს ჩემპიონატიც მოიგო, საქართველოს თასიც და "თანამეგობრობის თასიც"!

დუბლი შეასრულა აგრეთვე დუშან უჰრინმა (უმცროსმა), მისმა მამამ, დუშან უჰრინმა (უფროსმა) - საქართველოს ჩემპიონატი მოიგო, რაინერ ცობელმა კი - საქართველოს სუპერთასი.

საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როცა კონკრეტული სეზონის მსვლელობის დროს უმაღლეს ლიგაში ორ ან სამ უცხოელ სპეციალისტს უმუშავია.

აბსოლუტური რეკორდი კი ამ სეზონში დამყარდა: მეორე წრის სტარტზე ერთდროულად 5 უცხოელი მწვრთნელი მოძღვრავდა ქართულ გუნდს! სამ დღეში კი ეს რეკორდი გაუმჯობესდება, როცა "საბურთალოს" ახალ მთავარ მწვრთნელს, პაბლო ფრანკო მარტინს დებიუტი ექნება საქართველოს ჩემპიონატში.

ისე, უმაღლესი ლიგის 16 გუნდიდან ექვსში რომ უცხოელი სპეციალისტი იქნება მთავარი მწვრთნელი, ცოტა არ იყოს, დამაფიქრებელ სიტუაციად უნდა მივიჩნიოთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
გთხოვთ მიუძღვნათ სტატია იმ მწვრთნელებს და ფეხბურთელებს ვინც უგუნდოდ არიან დარჩენილები.
გიო
16:34 10-03-2016
0
"ისე, უმაღლესი ლიგის 16 გუნდიდან ექვსში რომ უცხოელი სპეციალისტი იქნება მთავარი მწვრთნელი, ცოტა არ იყოს, დამაფიქრებელ სიტუაციად უნდა მივიჩნიოთ..." - და დასკვნა რა არის, დასკვნა? ))
Kote
16:54 10-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული