უმაღლესი ლიგა. XX ტურის წინ: უცხოელთა ჯახი

AutoSharing Option
სამდღიანი ტური გველოდება და იმის მიუხედავად, რომ ვერც ერთ დაპირისპირებას ვერ ვუწოდებთ გამორჩეულს (გნებავთ - პრინციპულს), მაინც გვგონია, რომ საინტერესო მატჩები გველოდება. ანუ, ისევ და ისევ სატურნირო ინტრიგაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი.

ოღონდ ერთი (თანაც, მთავარი) ინტრიგა, ძალიან დიდი ალბათობით, უკვე აღარც არსებობს: თბილისის "დინამო" უახლოეს მდევარს უკვე 12 ქულით უსწრებს და მართლაც ძნელი წარმოსადგენია, რომ ჩვენმა ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ეს უპირატესობა გაანიავოს.

მოკლედ, ყველა ვთანხმდებით, რომ საჩემპიონო ინტრიგა, როგორც ასეთი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს! სამაგიეროდ, ძალიან დიდი კონკურენციაა მეორე-მესამე ადგილების
დასაკავებლად და აგრეთვე - გასავარდნ ზონაში.

აქედან გამომდინარე, ამ ტურის მერე სატურნირო ცხრილში საკმარისზე მეტი ცვლილება-გადაადგილება რომ მოხდეს, არავის გაუკვირდეს.

11.03. თბილისი. "მიხეილ მესხი". 20:00
ლოკომოტივი-სიონი
პირველი წრე 0:1
ურთიერთშეხვედრები
36: +14 =9 -13, 43:29
დისკვალიფიკაცია: გიორგი ფოფხაძე, ვაჟა ქიქავა (ორივე ლოკომოტივი) - ზურაბ ჯაფიაშვილი (სიონი)

ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება უნდა გამოდგეს და ეს იმის მიუხედავად, რომ მეტოქეებს ამ ბოლო დროს რადიკალურად განსხვავებული შედეგები აქვთ.

თავად განსაჯეთ: "ლოკომოტივმა" მეორე წრეში მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა, თანაც ჟერარდ სარაგოსას გაწვრთნილ გუნდს უკვე რვამატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

აი, "სიონი" კი მეორე წრეში წაუგებლად ასპარეზობს და საერთოდაც, ძალიან ლოგიკურად მიგვაჩნია ის ფაქტი, რომ ვარლამ კილასონიას გუნდს საპრიზო სამეულში მოხვედრის ამბიცია გააჩნია.

12.03. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 15:00
დილა-ჩიხურა
პირველი წრე 1:0
ურთიერთშეხვედრები
11: +6 =2 -3, 21:11
დისკვალიფიკაცია: დავით კვირკველია (დილა)

ჯერ კიდევ ჩემპიონის სტატუსის მქონე "დილა" ტურიდან-ტურამდე იმცირებს ტიტულის შენარჩუნების შანსს; ეგ კი არა, მეორე წრის სტარტზე ჩატარებულ ოთხ მატჩში ნაჩვენები არცთუ წარმატებული შედეგის (5 ქულა) გამოც არის, რომ უჩა სოსიაშვილის გუნდს ამჯერად... მეორე ადგილის შენარჩუნებაზეც მოუწევს ფიქრი.

მით უფრო, ამ ტურში "დილას" საკმაოდ ძლიერი და ამბიციური მეტოქე ჰყავს: "ჩიხურას" უკვე იმის შანსიც გაუჩნდა, რომ ევროტურნირების საგზური მოიპოვოს.

ცალკე აღნიშვნის თემაა საჩხერელთა გუნდის ერთობ შედეგიანი თამაში ზამთრის პაუზის მერე: სოსო ფრუიძის შეგირდებმა მეორე წრის სტარტზე ჩატარებულ ოთხ მატჩში მეტოქეთა კარში 13 გოლი გაიტანეს.

12.03. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 15:00
ზუგდიდი-დინამო (თბ)
პირველი წრე 1:3
ურთიერთშეხვედრები
27: +19=6 -2, 61:15
დისკვალიფიკაცია: გიორგი ქანთარია (ზუგდიდი) - ლაშა პარუნაშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი (დინამო თბ)

ერთ-ერთი აუტსაიდერისა და ერთპიროვნული ლიდერის დაპირისპირება იმითაც არის საინტერესო, რომ უცხოელ მწვრთნელთა დუელიც შედგება: უკრაინელი იური ბაკალოვი სლოვაკი იურაი იარაბეკის წინააღმდეგ!

მეტოქეებს მიზნებიც აბსოლუტურად განსხვავებული აქვთ და, აქედან გამომდინარე, არც ის უნდა გაგვიკვირდეს, ასევე აბსოლუტურად განსხვავებული სერიით რომ ხვდებიან ამ ტურს: "ზუგდიდმა" მეორე წრეში მხოლოდ 1 ქულა აიღო, "დინამო" კი კვლავაც აგრძელებს თავის შთამბეჭდავ სერიას - ზედიზედ 11 მოგება ჩემპიონატში!

13.03. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე". 15:00
საპოვნელა-შუქურა
პირველი წრე 0:4
ურთიერთშეხვედრები
1: +0 =0 -1, 0:4

"საპოვნელას" კრიზისი გრძელდება: თერჯოლელთა გუნდს ზედიზედ 10 წაგება აქვს! არადა, ზამთრის პაუზის დროს გუნდში ერთმანეთზე გამოცდილი ოცამდე (!) ახალწვეული ჩაირიცხა, თანაც "საპოვნელამ" თურქეთში გაიარა შეკრება, მაგრამ მეორე წრეში ეს ყველაფერი შედეგზე არ ასახულა.

სამაგიეროდ, "შუქურამ" დასძლია ხანგრძლივი კრიზისი და თეიმურაზ შალამბერიძის გუნდმა წინა ტურში ნანატრი გამარჯვება იზეიმა.

13.03. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა". 15:00
მერანი-სამტრედია
პირველი წრე 0:4
ურთიერთშეხვედრები
3: +0 =1 -2, 2:8
დისკვალიფიკაცია: სერგი ორბელაძე (მერანი)

"მერანმა" მეორე წრის სტარტზე საგრძნობლად მოუმატა და მარტვილელთა გუნდს ახლა უკვე იმის შანსიც გაუჩნდა, რომ გასავარდნ ზონას დაშორდეს და მე-13 ადგილზე აღზევდეს.

ასევე მხოლოდ და მხოლოდ ქების სიტყვებით უნდა მოვიხსენიოთ "სამტრედია", რომელსაც არც უცხოური შეკრება გაუვლია და ზამთრის პაუზის დროს მხოლოდ ერთადერთი ახალწვეული (გამოცდილი მეკარე - ომარ მიგინეიშვილი) დაიმატა.

გია ცეცაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "სამტრედია", იმის გარდა, რომ უკვე ათმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, სუპერშედეგიანი თამაშითაც გამოირჩევა და ამის ნათელი დადასტურება იყო წინა ტურში "საბურთალოსთან" ამ სეზონის სარეკორდო ანგარიშით (8:2) მოგებაც!

13.03. მატჩის ჩატარების ადგილი უცნობია. 15:00
კოლხეთი-ტორპედო
პირველი წრე 0:1
ურთიერთშეხვედრები
60: +17 =16 -27, 67:92
დისკვალიფიკაცია: თორნიკე შალიკაშვილი (კოლხეთი) - ირაკლი კლიმიაშვილი (ტორპედო)
ზამთრის პაუზის მერე მხოლოდ ორი გუნდია, ოთხივე მატჩი რომ წააგო და ერთ-ერთი სწორედ "კოლხეთია". ვნახოთ, დასძლევს თუ არა ამ კრიზისს გელა სანაიას დამოძღვრილი გუნდი, არადა, მეტოქე მართლაც მშვენიერ ფორმაშია და ამის დასტურად ის ფაქტიც გამოდგება, რომ უკრაინელი სპეციალისტის, ალექსანდრ შტელინის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ტორპედომ" ბოლო სამი მატჩი მოიგო.

ჩვენი გაზეთის დაბეჭდვამდე უცნობი იყო, თუ სად გაიმართებოდა ეს მატჩი. დღეს, პარასკევს, 11 მარტს,
ფოთს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან სპეციალური კომისია ეწვევა და სწორედ მაშინ გაირკვევა, შეძლებს თუ არა "კოლხეთი" დიდი ხნის პაუზის მერე საშინაო მატჩების მშობლიურ ქალაქში ჩატარებას. თუ პასუხი უარყოფითი იქნა, მაშინ "კოლხეთისა" და "ტორპედოს" დაპირისპირება სამტრედიაში გაიმართება.

13.03. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ). 15:00
საბურთალო-გურია
პირველი წრე 0:0
ურთიერთშეხვედრები
1: +0=1 -0, 0:0
დისკვალიფიკაცია: გაგი მარგველაშვილი (საბურთალო)

ამ ტურში კიდევ ერთი ისეთი მატჩი გველოდება, სადაც ერთმანეთს უცხოელი მწვრთნელები დაუპირისპირდებიან: რუსი სპეციალისტის, ვიქტორ დემიდოვის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "გურია" მეორე წრეში ჯერჯერობით დაუმარცხებელია.

სერიოზულ კრიზისში მყოფ "საბურთალოს" კი ახალი თავკაცი, ესპანელი პაბლო ფრანკო მარტინი დამოძღვრავს, ვისთვისაც ეს მატჩი საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო იქნება. შეგახსენებთ, რომ "საბურთალოს" შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, მეორე წრეში კი ამ ზედმეტად ახალგაზრდულმა გუნდმა მხოლოდ 1 ქულა აიღო...

13.03. ქობულეთი. "ჩელე არენა". 15:00
დინამო (ბთ)-ცხინვალი
პირველი წრე 2:3
ურთიერთშეხვედრები
5: +2=0 -3, 4-5
დისკვალიფიკაცია: გიორგი ქავთარაძე (დინამო ბთ) - გიორგი ცერცვაძე, ბაქარ ქარდავა, ნიკა ჯიშკარიანი (ორივე - ცხინვალი)

წინა სეზონის მსგავსად, ბათუმის "დინამო" ამ სეზონშიც ევროტურნირების საგზურის ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრება და შოთა ჭეიშვილის გუნდმა მეორე წრეც კარგად დაიწყო, მაგრამ წინა ტურში "ტორპედოსთან" დამარცხდა.

სამაგიეროდ, კვლავაც წაუგებლად ასპარეზობს "ცხინვალი". კახა კაჭარავას გუნდი უკვე 10 მატჩი არ დამარცხებულა; თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ მეორე წრეში ნომინალური ცენტრფორვარდის გარეშე მოასპარეზე "ცხინვალმა" ზედიზედ 4 ფრე ითამაშა.

ბომბარდირები
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 16
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
ო. მარცვალაძე (დილა) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 12
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 12
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 10
გ. ბერიაშვილი (დინამო (ბთ) 10
ჯ. ჯიღაური (დინამო (თბ) 10

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნეტა რამ მოკლა საჩეიმპიონო ინტრიგა?... ის მსაჯები დინამოს უკანალში რომ უძვრებიან საერთოდ არ უნდა გააკარო ეროვნულ ჩემპიონატს... ხორავა დასაჯეს 4 თამაშიტო და 2 ტურში პირველი ლიგა იმსაჯა... მაგრები ხართ....
meshaxte
15:16 11-03-2016
0
ბუდუს 10 გოლი არააქვს შეგდებული, 4 აქ 4 :D :D :D თუ წერთ ნორმალურად დაწერეთ.
fcsamtredia
14:45 11-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული