დინამო (ბთ)-ცხინვალი 2:0 - ახლოს სამეულთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მესამე ადგილისთვის მებრძოლი გუნდების ბრძოლა დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ოპტიმალური შემადგენლობით შეხვედრას ვერც ერთი მეტოქე ვერ შეხვდა: დისკვალიფიცირებულები იყვნენ ბათუმელთა შემტევი გიორგი ქავთარაძე და "ცხინვალის" სამეული - გიორგი ცერცვაძე, ბაქარ ქარდავა და ნიკა ჯიშკარიანი.

უკვე მე-6 წუთზე კი სტუმართა მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა იძულებული გახდა, ტრავმირებული (თემურ შონიასთან შეჯახების შედეგად) ბიძინა მახარობლიძე ვილი ისიანით შეეცვალა.

თავიდანვე უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ და რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნეს. ორჯერ გიორგი გაბედავას შეეძლო თავის გამოჩენა. სახიფათო გამოდგა საჯარიმოს გარედან ნიკა დიასამიძის დარტყმაც, რომელიც ხარიხას მოხვდა.

კუთხურის ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით ბათუმელთა დაწინაურებას გელა გოგიტიძეც ცდილობდა, მაგრამ ბურთი მცირე მანძილით ააცილა მიზანს.

25-ე წუთზე "ცხინვალსაც" ჰქონდა შანსი - გიორგი ივანიშვილმა საჯარიმოში გააყოლა ბურთი ირაკლი ლექვთაძეს და დასარტყმელ პოციზიაზე მყოფმა ამ უკანასკნელმა კარს მცირედით ააცილა.

მასპინძლებმა ანგარიში 31-ე წუთზე გაიხსნეს. არჩილ ტვილდიანმა მარჯვენა ფლანგზე მეტოქის გადაცემა ჩაჭრა და მრავალსვლიანი შეტევა წამოიწყო, რომელშიც 7 ბათუმელი მონაწილეობდა. შემდეგ ბურთი გაითამაშეს თემურ შონიამ, ბექა ვარშანიძემ, ანზორ სუხიაშვილმა, ნიკა დიასამიძემ და გიორგი გაბედავამ, რომელმაც იერიში მარჯვენა ფლანგზე ისევ ტვილდიანს გააგრძელებინა. საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ მცველმა თავით მოიგერია ბურთი, რომელიც უყურადღებოდ დარჩენილ სერბ ფორვარდს, ნიკოლა კომაზეცს მიუგორდა და ამანაც ულამაზესი "მოჭრილი" დარტყმით "ცხინვალის" მეკარე გიორგი ნადირაძეს შანსი არ დაუტოვა - 1:0.

44-ე წუთზე ფლანგური გადაცემის დაგვირგვინებას გაბედავა ცდილობდა, მაგრამ პენალტის ნიშნულიდან მის ძლიერ დარტყმას მეკარე გადაეღობა. მეორე ტაიმის დასაწყისში გაბედავას კიდევ ერთხელ ჰქონდა თავის გამოჩენის შანსი, როცა მეკარის საჯარიმოსთან მყოფი ფლანგიდან კომაზეცმა მოძებნა და მშვენიერი გადაცემით სხვაობის გაზრდის შანსი მისცა, მაგრამ ბათუმელთა შემტევს მიზანმა ამჯერადაც უმტყუნა.

59-ე წუთზე "ცხინვალს" წონასწორობის აღდგენა შეეძლო, მაგრამ ლექვთაძეს ახლოდან დარტყმული მეკარე მიხეილ ალავიძემ მოიგერია. 9 წუთში კი, საჯარიმოს სიახლოვიდან თორნიკე გორგიაშვილის უძლიერესი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და მასპინძლები აშკარა გოლს გადარჩნენ.

64-ე წუთზე "ცხინვალი" მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა - შეხვედრის არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ სტუმართა ნახევარმცველ გიგა ბეჭვაიას ბურთის ხელით შეჩერებისთვის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედანი დაატოვებინა.

65-ე წუთზე ივანიშვილმა ფლანგიდან საჯარიმოსთან კვლავ ლექვთაძე მოძებნა, რომელმაც მომენტით ვერც ამჯერად ისარგებლა.

მატჩის მიწურულს მასპინძლებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. პაპუნა ფონიავამ მოედნის ცენტრში გაბედავა მოძებნა, რომელმაც შეტევა მარცხენა ფლანგზე ვაკო თევდორაძეს გაუგრძელა, ამან კი სამ მცველს შორის გამჭოლი გადაცემით იგივე გაბედავა მეკარესთან პირისპირ დატოვა და - 2:0.

ამ გამარჯვებით ბათუმელებმა უშუალო კონკურენტ "ცხინვალს" გადაუსწრეს, მე-5 ადგილზე აღზევდნენ და სამეულთან ჩამორჩენა 5 ქულით შეამცირეს. "ცხინვალს" კი მეორე წრეში ჯერ თამაში არ მოუგია...

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XX ტური
13.03. ქობულეთი. "ჩელე არენა"
დინამო (ბთ)-ცხინვალი 2:0
გოლები: 1:0 კომაზეცი (31), 2:0 გაბედავა (83. თევდორაძის პასით)
დინამო: ალავიძე, ტვილდიანი, მი ჰაილოვიჩი, გოგიტიძე, სუხიაშვილი, ნ. დიასამიძე (80. გ. კაშია), შონია, ვარშანიძე,
ფონიავა, გაბედავა (90. ტეტუნაშვილი), კომაზეცი (68. თევდორაძე).
სათადარიგოები: მამინაშვილი, ნ. კვანტალიანი, ქორიძე, ზ. ქათამაძე
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
ცხინვალი: ნადირაძე, მაისაშვილი, კაკუბავა, ჯაფარიძე, გორგიაშვილი, ბეჭვაია, ლექვთაძე, ქოჩლაძე (75. ბურძენაძე),
მახარობლიძე (6. ისიანი), ნოზაძე (74. ზ. ლობჟანიძე), ივანიშვილი.
სათადარიგოები: ჩუჩალოვი, ბუტუევი, ბაჭიაშვილი, ბლიაძე
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
გაფრთხილება: ვარშანიძე (37), ბეჭვაია (49), ტვილ დი ა ნი (59), ბეჭ ვაია (64), გაბედავა (75)
გაძევება: ბეჭვაია (64)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია.

ბომბარდირები
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 16
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
ო. მარცვალაძე (დილა) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 12
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 12
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 12

XXI ტური
17 მარტი, ხუთშაბათი
დინამო (თბ)-დილა

18 მარტი, პარასკევი
სამტრედია-ზუგდიდი
სიონი-საბურთალო
ცხინვალი-ტორპედო
ჩიხურა-დინამო (ბთ)
შუქურა-ლოკომოტივი

19 მარტი, შაბათი
საპოვნელა-კოლხეთი
გურია-მერანი.

სერგო კორძაია
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული