მოგეხსენებათ, გვეწერა, რომ "მერანი"-"სამტრედიის" თამაშის დასრულების შემდეგ ბაკურიასა და კლუბის გულშემატკივრებს შორის შეკამათება მოხდა და რომ ამ გულშემატკივრებმა კლუბს მენეჯმენტი დაუწუნეს.
მარტვილელთა დირექტორმა ეს კატეგორიულად უარყო.
"არანაირი კამათი არ ყოფილა ჩემსა და გულშემატკივრებს შორის. შეგიძლიათ, ეს პირდაპირ დაწეროთ. არასწორი ინფორმაციაა. სასურველია, სხვა დროს ინფორმაცია ჩემგან ან კლუბის პრესატაშისგან მოიპოვოთ...
თუ ორი-სამი მთვრალი გულშემატკივარი რაღაცას იტყვის, ჩვენ რა შუაში
მე შეურაცხყოფილი ვარ, რადგან გუნდისთვის ფული ოჯახიდან მომაქვს და ასეთ ცილისწამებას არ ვიმსახურებ", - გვითხრა ბაკურიამ.
რედაქციისგან: რა თქმა უნდა, კლუბის დირექტორს აქვს იმის უფლება, რომ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. ასევე, რედაქციასაც აქვს უფლება, თავად შეარჩიოს ინფორმაციის წყარო. "ლელო" მთლიანად ენდობა იმ კორესპონდენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომელთანაც დიდი ხანია ნაყოფიერად თანამშრომლობს.
მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კლუბში დასაქმებულ პიროვნებებს პატივს არ ვცემთ, უბრალოდ, არ ჩავთვალეთ საჭიროდ პრესსამსახურის შეწუხება, მით უმეტეს, გვქონდა ინფორმაცია შეკამათებაზე და არა - ფიზიკურ დაპირისპირებაზე, რაც, ცხადია, უთუოდ გახდებოდა მეტი ყურადღებისა და ბჭობის საგანი.
რაც უნდა იყოს, გულშემატკივარს (ორი იქნება, სამი თუ ასი) ვერავინ წაართმევს იმის უფლებას, რომ აზრი (თუნდა ნეგატიური) გამოთქვას როგორც ამა თუ იმ კლუბის მენეჯმენტის, ისე გაზეთ "ლელოს" ან ფეხბურთის ფედერაციის მუშაობაზე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"