მერანი-სამტრედია 2:3 - შეცვალე და მოიგე!

AutoSharing Option
მარტვილში საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მატჩი გაიმართა. განა ბევრი ვიცით ისეთი შეხვედრები, ხუთი გოლი დასკვნით 15 წუთში რომ გადის?! "მურთაზ ხურცილავაზე" ვნებათაღელვა წამითაც არ ჩამცხრალა.

პირველად სიტუაცია მარტვილელთა კართან დაიძაბა. ბუდუ ზივზივაძემ გამჭოლი გადაცემა შეასრულა მოწინააღმდეგის საჯარიმოში, მაგრამ უშედეგოდ. ამას უკვე მარტვილელთა მომენტი მოჰყვა. შოთა ჯიქიას მიერ შესრულებული "სტანდარტის" შემდეგ შეტევაში ჩართულმა ანდრო გიორგაძემ თავით ბურთს მიმართულება შეუცვალა, თუმცა ნიკა საბანაძემ ერთობ ხელსაყრელი შანსი გაუშვა ხელიდან.

მეორე წუთზე ისევ ჯიქიამ ჩააწოდა სამტრედიელთა კარის მიმართულებით. ვანო ხაბელაშვილი ეფექტური დარტყმით
ცდილობდა გატანას, თუმცა ვერ მოახერხა. ავთო ენდელაძის შორი მანძილიდან დარტყმულ ბურთს კი ზურაბ მამალაძე ადგილზე დახვდა.

30-ე წუთზე პირველ ტაიმში ყველაზე რეალური საგოლე მომენტი შეიქმნა. თემურ მარკოზაშვილმა ფლანგური გადაცემით მეკარეს ერთი-ერთზე შეატოვა დავით ჯიქია - ახალგაზრდა სამტრედიელის დარტყმა ოდნავ ასცდა მარტვილელთა კარს. იქვე ზურაბ მამალაძემ გიორგი დათუნაიშვილს არ გაატანინა.

მეორე ტაიმი პირველზე ბევრად სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. ბოლოს და ბოლოს, მარტვილის მთავარ სპორტულ არენაზე შეკრებილმა, საკმაოდ მრავალრიცხოვანმა ქომაგმა 5 გოლი იხილა. ქომაგზე ვთქვით და ისიც შევნიშნოთ, რომ "სამტრედიას" ამ პრინციპულ მატჩში, სულ მცირე, 500 ფანი ამხნევებდა.

მეორე ტაიმი მარტვილელთა მიერ შექმნილი სახიფათო მომენტით დაიწყო. ჯიქიას მიერ ჩაწოდებულ ბურთს ჯღამაია დაუხვდა, თუმცა მისი დარტყმა კარს ასცდა. იქვე, იმავე ჯიქიამ იაქტიურა. მის გადაცემას ჩასაფრებული ბესიკ ჩიმაკაძე გამოეხმაურა და "სამტრედია" გადარჩა.

62-ე წუთზე სამტრედიელთა თავკაცმა გია ცეცაძემ მინდორზე ირაკლი სიხარულიძე შეუშვა. როგორც გაირკვა, ეს შეცვლა გადამწყვეტი აღმოჩნდა - "სამტრედიას" სწორედ ირაკლის დუბლმა მოაგებინა.

ეს იყო და, გუნდებმა მომენტები გაცვალეს. ჯერ ხაბელაშვილმა ვერ გაიტანა თავით, მერე - დაჩი ცნობილაძემ. 71-ე წუთზე ხაბელაშვილის პასით მეკარესთან პირისპირ საბანაძე გავიდა, მაგრამ ფორვარდმა რაღაც სასწაულით ვერ გაიტანა.

76-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა. ჯიქიამ მოხდენილი დარტყმით ომარ მიგინეიშვილის კარის მარჯვენა კუთხეში შეასრიალა ბურთი.

"სამტრედიამ" ორ წუთში გაათანაბრა. ბუდუ ზივზივაძის ჩაწოდების შემდეგ შეცვლაზე შესულმა დავით რაჟამაშვილმა მძლავრი თავურით აღადგინა წონასწორობა - 1:1.

84-ე წუთზე ავთო ენდელაძემ მარცხენა ფლანგზე გაილაღა და გამჭოლი პასით გაატანინა სიხარულიძეს, რის შემდეგაც ცეცაძის გუნდი დაწინაურდა.

"მერანმა" ისევ შეაგდო. 86-ე წუთზე ნოდარ კიკნაველიძის გადაცემა ბენჟამინ ტეიდმა გოლად აქცია.

მატჩის მესამე დამატებული წუთი მიდიოდა და ფრე თითქოს გარდაუვალი ჩანდა, როცა სიხარულიძემ მასპინძელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა, დუბლი შეასრულა და "სამტრედიას" უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.

არბიტრის სასტვენის შემდეგ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა მარტვილელ ქომაგებსა და კლუბის დირექტორ ელდარ ბაკურიას შორის. გულშემატკივარი "მერანის" მენეჯმენტით იყო უკმაყოფილო. საბედნიეროდ, ინციდენტი მალევე ჩაცხრა...

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XX ტური
13.03. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა"
მერანი-სამტრედია 2:3
გოლები: 1:0 შ.ჯიქია (76), 1:1 რაჟამაშვილი (78), 1:2 სიხარულიძე (84), 2:2 ტეიდი (86), 2:3 სიხარულიძე (90)
მერანი: მამალაძე, მელიავა, გიორგაძე, ციმაკურიძე, გეგია, უგულავა (37. ჯღამაია), ტეიდი, ჩიმაკაძე, ხაბელაშვილი (85. გოგუაძე), შ. ჯიქია (81. კიკნაველიძე), საბანაძე.
სათადარიგოები: სევოსტიანენკო, ი. ციცხვაია, აშორტია, შენგელაია
მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია
სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, ცნობილაძე, შერგელაშვილი, დათუნაიშვილი, ენდელაძე (90. სანდოხაძე), მარკოზაშვილი, იოსელიანი (55. რაჟამაშვილი), დ. ჯიქია (62. სიხარულიძე), ზივზივაძე.
სათადარიგოები: მეშველიანი, კერძევაძე, მთივლიშვილი, ცინცაძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილება: შერგელაშვილი (62), ჯღამაია (72), მელიავა (82)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი.

ბომბარდირები
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 16
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
ო. მარცვალაძე (დილა) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 12
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 12
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 12

XXI ტური
17 მარტი, ხუთშაბათი
დინამო (თბ)-დილა

18 მარტი, პარასკევი
სამტრედია-ზუგდიდი
სიონი-საბურთალო
ცხინვალი-ტორპედო
ჩიხურა-დინამო (ბთ)
შუქურა-ლოკომოტივი

19 მარტი, შაბათი
საპოვნელა-კოლხეთი
გურია-მერანი.

ალეკო კაკაურიძე
ბესიკ გვაზავა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
უკვე 30 წელზე მეტია სამტრედიას თამაშებს ვუყურებ ძლიერი გუნდიც გვყოლია და სუსტიც, დასამახსოვრებელი მატჩები და ლამაზი გამარჯვებებიც გვქონია, ეს თამაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო კლუბის ისტორიაში, საოცარი ემოციები იფქვეოდა სტადიონზე. ეს ბიჭები იმსახურებს იმ დიდ მხარდაჭერას რაც მათ აქვთ სამტრედიელი გულშემატკივრებისგან. ალალი იყოს ის ტაში და ოვაციები რითაც გაგაცილეს მოედნიდან. მადლობა ბიჭებს და მადლობა მათ მაესტროს ბატონ გია ცეცაძეს და მთელს სამწვრთნელო შტაბს.
samtreziia
23:42 14-03-2016
0
როგორი საქმეა ახლა სამტრედიელთათვის 17-ში დინამოს გულშემატკივრობა :) რომ დინამომ მოიგოს და ამით სამტრედიელთა მეორე ადგილის პოზიცია გამყარდეს? :) ...ისე კი ფრეც არ იქნება ცუდი საქმე!
ჯორდანო უბრუნებელი
16:11 14-03-2016
0

სიახლეები პოპულარული