უმაღლესი ლიგის XXI ტურის წინ: ბრძოლა გადარჩენისთვის

AutoSharing Option
19 მარტს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის XXI ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა გაიმართება.

ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე თერჯოლის "საპოვნელა" ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლებს, ხოლო ლანჩხუთში, "ევგრაფი შევარდნაძეზე", ადგილობირივი "გურია" მარტვილის "მერანს" დაუხვდება. ორივე შეხვედრა 15:00 სთ-ზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ სამ დღეზე გაწერილი ტური ხუთშაბათს, "დინამო" (თბ)-"დილას" დაპირისპირებით გაიხსნა, პარასკევს კი კიდევ ხუთი მატჩი გაიმართა. თავ-თავიანთი მატჩები მოიგეს "დილამ" და "სამტრედიამ", რომლებმაც სატურნირო ცხრილის ლიდერ თბილისის "დინამოსთან", რომელსაც 55 ქულა აქვს, სხვაობა 11 ქულამდე შეამცირეს.

19.03. ზესტაფონი. დავით აბაშიძე. 15:00
საპოვნელა-კოლხეთი
ურთიერთშეხვედრები
3: +0=1 -2, 1:7
დისკვალიფიკაცია: თორნიკე შალიკაშვილი (კოლხეთი)
პირველი წრე 0:0

წინა ტურში ორივე გუნდი არა მხოლოდ იმით გამოირჩა, რომ მეორე წრეში პირველი მატჩები მოიგეს, არამედ, ხანგრძლივი და მოუგებელი სერია დაასრულეს; ანუ, "საპოვნელასათვისაც" და "კოლხეთისათვისაც" ეს გამარჯვებები, სატურნიროს გარდა, ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო.

აი, ახლა კი ორივე გუნდს უკვე მთლიანად სატურნირო მოტივაცია ექნება: "საპოვნელა" ჯერაც სახიფათო ზონაში იმყოფება, "კოლხეთი" კი საპლეიოფე, XI ადგილს 10 ქულით არის დაშორებული.

19.03. ლანჩხუთი. ევგრაფი შევარდნაძე. 15:00
გურია-მერანი
ურთიერთშეხვედრები
5: +3=0 -2, 4:4
დისკვალიფიკაცია: ლუკა ნოზაძე (გურია) - ლაშა ჯღამაია, კიჭი მელიავა (ორივე მერანი)
პირველი წრე 0:2

ამ ტურის კიდევ ერთი საინტერესო დაპირისპირება, რომელსაც უდიდესი სატურნირო მნიშვნელობა აქვს: მოიგებს მართლაც "ინტერნაციონალური" "გურია" და მეტოქეს ამჯერად უკვე 8 ქულით ჩამოიტოვებს.

სხვა დანარჩენ ორ შემთხვევაში კი "მერანს" კვლავაც რეალური შანსი დარჩება, რომ უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს. არადა, მარტვილელთა გუნდმა მეორე წრე ჩინებულად დაიწყო (სამ შეხვედრაში 7 ქულა მოიპოვა), მაგრამ ზედიზედ ორმა წაგებამ "მერანი"კვლავაც გასავარდნ ზონაში დატოვა.

ამ გუნდებს შორის ჩატარებულ პირველი წრის მატჩზეც უნდა ვთქვათ, უფრო ზუსტად, მართლაც უცნაურ სიტუაციაზე! VI ტურის წინ, ორივე გუნდში საკადრო ცვლილება თითქმის ერთდროულად მოხდა და 26 სექტემბერს ჩატარებულ მატჩშიც ორივე გუნდი მოედანზე ახალმა მწვრთნელებმა გაიყვანეს: გალაქტიონ ჭუბაბრიამ ("მერანი") და ბადრი კვარაცხელიამ ("გურია").

ის შეხვედრა "მერანმა" მოიგო (ეს იყო მარტვილელთა პირველი და უკანასკნელი გამარჯვება პირველ წრეში), მაგრამ უკვე მომდევნო ტურში გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავდა და ეს გახლდათ... "გურიაში" ერთი მატჩით მისული ბადრი კვარაცხელია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული