სოსო ფრუიძე: ეს ჩემთვისაც მტკივნეული თემაა...

AutoSharing Option
მეორე წრეში საჩხერის "ჩიხურა" მოფერიანდა და 6 თამაშში 16 გოლი გაიტანა. ეს "სამტრედიას" (18 გოლი) შემდეგ მეორე მაჩვენებელია. ფაქტია, რომ სოსო ფრუიძის გაწვრთნილებმა ლიდერ თბილისის "დინამოზე" (13 გოლი) უფრო შედეგიანი ფეხბურთი აჩვენეს. ამის დამსახურებაა, "ჩიხურას" მეორე წრეში უკვე 11 ქულა რომ აქვს და ლიდერთა სამეულს მიუახლოვდა.

არადა, პირველი წრის ბოლოს ეს დისტანცია გაცილებით დიდი იყო და ბევრმა საჩხერელთა ევროამბიციას ხაზიც გადაუსვა...

"ლელოსთან" ინტერვიუში ფრუიძე ამბობს, რომ ეს პროგრესი შემთხვევითი არ არის...

ლოგიკური პროგრესი
- სეზონის განახლების შემდეგ "ჩიხურა" კარგად გამოიყურება. რამ
გამოიწვია გუნდის სახეცვლილება?

- ასე ვიტყოდი: შემთხვევითი არც ისაა, რომ პირველი წრე კარგად ვერ ვითამაშეთ და არც ის, მეორე წრე კარგად რომ დავიწყეთ. გახსოვთ, ჩემპიონატის სტარტამდე სულ რაღაც 10 დღით ადრე შევიკრიბეთ და უგუნდოდ დარჩენილი ფეხბურთელები ავიყვანეთ. შეუთამაშებლები ვიყავით, კარგად ვერ მოვემზადეთ და პირველ წრეში განსაკუთრებული შედეგი ამიტომაც ვერ ვაჩვენეთ...

მაგრამ ზამთარში ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ, ბიჭები შეეჩვივნენ ერთმანეთს, გუნდის მოთხოვნებს და გამოჩნდა, რომ გარკვეული პოტენციალი გვქონდა. პლუს ამას, საკმაოდ კარგი მეკარე დაგვემატა, რომელიც ამ პოზიციაზე საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა...

დაგვიბრუნდა გიორგი რეხვიაშვილი, რომელიც "ჩიხურასთვის" ძალზე სერიოზული ძალა იყო და იმედია, კიდევ უფრო დიდ სამსახურს გაგვიწევს.

- რატომ გამოტოვა რეხვიაშვილმა ბოლო ტური?
- სამწუხაროდ, ძველი ტრავმა გაუმიზეზდა. მაგრამ იმედია, მალე დაგვიბრუნდება. მისი გამოცდილება ახლა განსაკუთრებით გვჭირდება.

- თორნიკე გრიგალაშვილის წასვლის შემდეგ "ჩიხურაში" მარჯვენა მცველის პრობლემა შექმნა. რატომ ვერ შეინარჩუნეთ ეს ფეხბურთელი?
- თორნიკეს კონტრაქტში ეწერა, რომ ნებისმიერ დროს შეეძლო წასვლა, თუ უცხოური კლუბი ხელშეკრულებას შესთავაზებდა. ის გერმანიაში მიიწვიეს და ხელს ვერ შევუშლიდით.

- გასაგებია, რომ მარჯვენა მცველი აღარ გყავთ და მის პოზიციაზე ნახევარდაცველ გიორგი კორიფაძეს ამიტომაც ათამაშებთ, მაგრამ გარკვეული მიზნები გაქვთ და ასე დროს მცველი რატომ არ დაიმატეთ?
- საქართველოში სასურველი კანდიდატი ვერ შევარჩიეთ და შემტევი ნახევარმცველის, კორიფაძის დაცვაში დახევა მოგვიხდა. ვერ ვიტყვით, რომ დაცვაში თამაში მისი პლუსია, მაგრამ იქ იმიტომ დავაყენეთ, რომ შეტევის კარგად წამოწყება ეხერხება. უკეთესი ვარიანტი არ გვქონდა.

ყველა გარდამავალი ჩემპიონატისთვის ემზადება
- საერთოდ, მცველების შერჩევისას ამ კრიტერიუმით ხელმძღვანელობთ, რომ შეტევებში უნდა ერთვებოდეს?
- დიახ, მე ასეთი მოთამაშეები მომწონს და თუ აკვირდებით, ეს დღევანდელი ფეხბურთის მოთხოვნაცაა. სხვათა შორის, მცირე ხნის წინათ, საკმაოდ საინტერესო უცხოელი მცველი შემოგვთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან შეტევებში კარგად ვერ ერთვებოდა. ამიტომ მიკვირს, რასაც მაბრალებენ, თითქოს, დაცვითი ფეხბურთი მიყვარს. მეორე წრეში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი გუნდი ვართ და ამას დაცვითი ფეხბურთით ვერანაირად ვერ შევძლებდით...

სხვათა შორის, მეკარე დინო ჰამზიჩი იმიტომ ავივანე, რომ პირველი ფეხით კარგად თამაშობს და შეტევებს იწყებს, სლოვენიელი ნახევარმცველი ანეჟ ლოვრეჩიჩი კი ბურთს კარგად ფლობს და შეტევებს არ აყოვნებს.

- ადრე ბევრჯერ გითქვამთ, რომ ლეგიონერების ჩამოყვანის მოწინააღმდეგე იყავით. ბალკანელების აყვანას რატომ დათანხმდით?
- დიახ, ასე ვფიქრობდი, რადგან ჩვენთან ლეგიონერს დიდ ხელფასს ვერ ვთავაზობთ. გამონაკლისი წინა სეზონში მოხდა, როცა უკრაინელები დავიმატეთ. ეს ჩვენი მეგობარი ქვეყნის მიმართ ერთგვარი თანადგომის გამოხატულებაც იყო, სადაც ბევრი მოთამაშე უგუნდოდ დარჩა...

მაგრამ ახლა ვითარება გვაიძულებს, რომ დამოკიდებულება შევცვალოთ. რეალურად, გარდამავალი ჩემპიონატისთვის ყველა გუნდი თადარიგს აქედანვე იჭერს. ძალიან რთული ჩემპიონატი იქნება და გუნდები გაძლიერდებიან.

საერთოდ, დაფინანსების ახალი სისტემა ცუდი არ არის. თუ კლუბები ფულს აზრიანად დახარჯავენ, მაშინ აუცილებლად წაგვადგება. მაგრამ ჩვენც ამ ფულს პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ და ნორმალური მოთამაშეები ჩამოვიყვანოთ. ისეთი ნამდვილად არ გვჭირდება, ჩვენი გასაზრდელი თუ იქნება. გასაზრდელი საქართველოშიც ბევრი გვყავს და რაღა უცხოელს ვუპატრონოთ, ბარემ ჩვენიანს მივხედოთ.

ევროპაზე მოხვედრის იმედი
- სამეულს დაუახლოვდით, მაგრამ "სამტრედიასა" და "დილას" ჯერ მაინც ჩამორჩებით. ამ სხვაობის აღმოფხვრა რეალურად მიგაჩნიათ?
- ეს ძალიან რთული იქნება, რადგან "სამტრედიასა" და "დილას" 6-6 ქულით ჩამოვრჩებით, ეს კი პატარა სხვაობა არ არის. მაგრამ მე-4 ადგილისთვის აუცილებლად ვიბრძოლებთ და წინსვლასაც შევეცდებით. ახლებურ ფორმატში, ეს ევროპის ლიგაზე გასვლის ერთ-ერთი შესაძლო შანსია, რადგან თასის ფინალისტის ნაცვლად, გარკვეული განლაგების შემთხვევაში, ევროპის ლიგაზე მეოთხეადგილოსანი ითამაშებს. ამავე დროს, ევროპაზე მოხვედრის იმედი ეროვნული თასიდანაც გვაქვს, სადაც ნახევარფინალში ვართ გასულები.

- ბოლო წლებში, "ჩიხურა" სულ ლიდერებსა და ევროსაგზურისთვის მებრძოლ გუნდებს შორის არის და ევროთასებზეც ბევრჯერ გახვედით. მაგრამ ქვეყნის ჩემპიონობისთვის ბრძოლას ვერ ახერხებთ. თქვენი რესურსებით ეს არარეალურია?
- ახლა სამეულისთვის ბრძოლაც რთული გახდა და ეს არა მხოლოდ ჩვენს ბიუჯეტზე, არამედ, ინფრასტრუქტურაზეცაა დამოკიდებული.

- საერთოდ, ბევრი ქართული კლუბის წინსვლას არა მხოლოდ მწირი ბიუჯეტი, არამედ, გაუმართავი ინფრასტრუქტურა ან სულაც მისი არარსებობა აბრკოლებს. ამ კუთხით, "ჩიხურას" პერსპექტივაზე რას გვეტყვით?
- გვითხრეს, რომ მალე მთელ ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყება და ერთ-ერთი პირველი - საჩხერის ცენტრალური სტადიონის კეთილმოწყობა და რეკონსტრუქცია იქნება. ასეთ შემთხვევაში, სერიოზული ინფრასტრუქტურა გვექნება - ივანწმინდის სტადიონსა და საჩხერეში არსებულ ხელოვნურსაფრიან მოედანს, სადაც ჩვენი საფეხბურთო სკოლაა, გუნდის ბაზად გამოვიყენებთ.

- გული მწყდება, რომ ვერ მოხერხდა "ჩიხურას" იმ ბირთვის შენარჩუნება, რომელიც ევროპის ლიგის მესამე ეტაპამდე გავიდა და "ბურსასფორი" გამოაგდო. მაშინდელი შემადგენლობა, გარკვეული ხნის შემდეგ, მაინც შეძლებდა ჩემპიონობისთვის ბრძოლას. ნუთუ შეუძლებელი იყო მათი შენარჩუნება?
- ეს ჩემთვისაც მტკივნეული თემაა. ის მართლაც კარგი გუნდი იყო და მისი შენარჩუნება და გაძლიერება "ჩიხურას" ძალიან წაადგებოდა. მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, ჩვენ რომ გვსურს. ბევრ მოთამაშეს უფრო მეტი ანაზღაურება შესთავაზეს და ჩვენ მათ "ჩიხურაში" ვერ გავაჩერებდით.

რას ვიზამთ, შემადგენლობის ცვლა ფეხბურთის კანონია. იმედია, ახლა არანაკლებ შეთამაშებულ და ძლიერ გუნდს ჩამოვაყალიბებთ და გულშემატკივარს ისევ გავახარებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
სოსოს ნაირი მწვრთნელი ნეტავი ბევრი ყავდეს საქართველოს
tengo
14:21 28-03-2016
0
სოსო მართალია თუ ევროპაზე ვერ გახვედით ავტომატურათ ტოვებ პოსტს და მიგყავს მაფიათ ქცეული უმოქმედო არანაირ შედეგზე ორიენტირებულ საძმაკაცოს???
mosamartle
17:43 26-03-2016
0

სიახლეები პოპულარული