"ტორპედოში" ირანელები გამოჩნდნენ, შტელინი ბრიუსელის ტერაქტებმა დააბრკოლა

AutoSharing Option
ფოტოზე: ირანელი ფეხბურთელები "ტორპედოში"

დაზიანებული მინდვრის საფარის აღდგენითი სამუშაოების გამო ქუთაისის "ტორპედომ" მეორე წრის ორი საშინაო მატჩი მარტვილსა და ზესტაფონში ჩაატარა, მაგრამ, კლუბის პრესსამსახურის ცნობით, 2 აპრილს, ეროვნული ჩემპიონატის XXII ტურში, "ტორპედო" საჩხერის "ჩიხურას" რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს, რომელსაც ქუთაისელები ოთხთვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდებიან.

"მომდევნო ეროვნულ ჩემპიონატს, რომელიც ახალი სისტემით და შემცირებული ფორმატით ჩატარდება, ყოველმხრივ მომზადებულნი უნდა შევხვდეთ. ეს ეხება სტადიონის ინფრასტრუქტურას და, რაც მთავარია, სპორტულ მხარეს. გუნდში ცვლილებებს ვგეგმავთ, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ", - ამბობს "ტორპედოს"
პრეზიდენტი თემურ ჩეჩელაშვილი.

მან დაადასტურა, რომ გუნდში ორი ირანელი ფეხბურთელი მიიწვიეს:

"ირანელები ყოფილი ფეხბურთელის, ლევან შავგულიძის რეკომენდაციით მივიღეთ და ჩვენ მათთან ხელშეკრულებები მაისამდე გავაფორმეთ.

მათ ირანის უმაღლესი ლიგის კლუბებში უთამაშიათ, ერთს კი - ირანის ნაკრებშიც. ასე რომ, გამოცდილება არ აკლიათ.

ამ ორ თვეში მწვრთნელებს თავს თუ მოაწონებენ, ხელშეკრულების გაგრძელებაზე ვიფიქრებთ. მანამდე ჩვენ მხოლოდ მათი ბაზაზე ცხოვრებისა და კვების ხარჯს გავიღებთ".

"ტორპედოში" ჩაირიცხა 28 წლის ნახევარმცველი შოებ ამირი, რომელსაც უთამაშია "პაიკანსა" და "საიპაში". იმავე გუნდებში, პლუს "რაჰ აჰანსა" და "მაჩინე საზიში" გამოდიოდა მეორე ირანელი ახალწვეული, 27 წლის მარცხენა მცველი საიედ ჰოსეინი.

სანაკრებო მატჩების გამო ეროვნულ ჩემპიონატში ორკვირიანი პაუზაა და 18 მარტს, "ცხინვალთან" გამართული თამაშის შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ შტელინმა ტორპედოელები სამი დღით დაასვენა. პაუზით თავადაც ისარგებლა და 20 მარტს ბელგიაში გაემგზავრა, რომლის მოქალაქეც გახლავთ. შტელინი ქუთაისში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა ჩამოსვლა ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების გამო უგვიანდება.

სავარაუდოდ, შტელინი ქუთაისში 27 ან 28 მარტს დაბრუნდება, მანამდე კი "ტორპედოს" მისი ასისტენტები ავარჯიშებენ. 26 მარტს ქუთაისელები საღორიას ბაზაზე ფოთის "კოლხეთს" ამხანაგურად შეხვდებიან.

გუნდთან ერთად არ არიან მეკარე როინ კვასხვაძე და მცველი ანრი ჭიჭინაძე. პირველი - ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ ნაკრებში მიიწვია, მეორე კი 19-წლამდელთა დამრიგებელმა გიორგი ყიფიანმა გუშინ ელიტრაუნდში, ინგლისთან ათამაშა.

ტრავმების გამო ვერ ვარჯიშობენ ვანო წილოსანი და თენგიზ ბრეგვაძე, ირანელები კი გუნდთან ერთად ემზადებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
რატომ გეპარება ეჭვი? რამე იცი ამათზე? გინახავს მათი თამაში? რა მაინცდამაინც ლეგიონერებზე გეპარებათ ყველას ეჭვი? ამ ჩვენ გაუზრდელ ძალით ფეხბურთელებზე არ გაქვთ პრობლემა? ლეგიონერი ათი თავით უნდა ჯობდესო რა მარაზმია? ნახევარი თავითაც თუ ჯობია უნდა ჩამოიყვანო ათამაშო და მათ გვერდში გაიზრდება 1-2 ადგილობრივი.
aleksandres
14:50 25-03-2016
0
ზუგდიდმა რო არ დაიტოვა ისინი თუ არიან
fcz8
14:16 25-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული