ზუგდიდის "ოდიში": მოვიპოვოთ ევროსაგზური, შევავსოთ სტადიონი!

AutoSharing Option
"ჩვენ დავწერთ ისტორიის დიდ ფურცელს!" - ასეთია პირველი ლიგის ზუგდიდის "ოდიში 1919"-ის ამბიცია. გუნდმა, რომელიც "ლაზიკას" საფუძველზე დაფუძნდა, პირველ წრეში მხოლოდ 16 ქულა დააგროვა და 18 გუნდს შორის მე-16 ადგილზე იყო...

...მაგრამ გუნდმა მეორე წრე განსაკუთრებული მოტივაციითა და ცვლილებებით დაიწყო - მთავარ მწვრთნელად უკრაინელი სპეციალისტი სერგეი ჟიცკი დაინიშნა. გუნდში მიიწვიეს უმაღლეს ლიგასა და სხვადასხვა ნაკრებში ნათამაშები შოთა ლომია, ლევან აკობია, ლევან კუტალია, შოთა გვაზავა, ლაშა ღონღაძე, ლევან ქანთარია, ირაკლი ეხვაია, მანუჩარ ივარდავა, კიევის "არსენალის" ყოფილი მეკარე ვლადისლავ ჩანგელია.

შედეგი სახეზეა
- "ოდიშმა" მეორე წრეში ჩატარებული 8 მატჩიდან 6 მოიგო და მე-16 ადგილიდან მე-8 საფეხურზე ავიდა. ამას გარდა, მესამეადგილოსან ხობის "კოლხეთს" 9 ქულით ჩამორჩება, მესამე ადგილი კი უმაღლეს ლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში მონაწილეობის უფლებას იძლევა.

აქ მთავარი კიდევ ერთი დეტალია - ეროვნული და უეფას ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებით, ფეხბურთის ფედერაციის საბოლოო გადაწყვეტილებები 31 მაისს გვეცოდინება. ისე, ცნობისთვის, პირველ ლიგაში ლიცენზირება მხოლოდ ოთხ კლუბს აქვს გავლილი - ცხინვალის "ლიახვს", "ვიტ ჯორჯიას", "გაგრასა" და "ოდიში 1919"-ს.

კლუბის უფროსი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი მალხაზ ჭეჟია ამბობს, რომ პროგრესი შემთხვევითი არ არის:

"2015 წლის 30 აგვისტოს დირექტორად ზაზა ფარცვანია დანიშნეს, მე კი - გუნდის უფროსი გავხდი. მშვენიერი სახელი ერქვა კლუბს - "ლაზიკა", მაგრამ "ოდიში 1919" დავარქვით, რადგან ესაა ზუგდიდში დაფუძნებული ყველაზე ძველი კლუბი და მისი ისტორიიდან გაქრობა სირცხვილი იქნებოდა.

გუნდი რომ ჩავიბარეთ, მომზადებაც დასრულებული იყო და დაკომპლექტებაც. ამით იყო გამოწვეული, პირველ წრეში მე-16 ადგილი რომ დავიკავეთ. მაგრამ მეორე წრისთვის უკრაინელი მწვრთნელი ჩამოვიყვანეთ და ბევრი ახალი მოთამაშეც მოვიწვიეთ. ჟიცკიმ გუნდი ისე მოამზადა, უმაღლესი ლიგის ბევრ კლუბს შეშურდება.

ერთადერთი, ჩხოროწყუში "სამგურალთან" წავაგეთ და იმასაც არ ვიმსახურებდით. ხობის "კოლხეთთან" კი 5 მოთამაშე გვაკლდა და ამის მიუხედავადაც, ბევრი მომენტი შევქმენით. სამწუხაროა, რომ ვერც ერთი ვერ გამოვიყენეთ".

ჭეჟია მიიჩნევს, რომ ზუგდიდში ძლიერი საფეხბურთო კლუბის ჩამოყალიბება შესაძლებელია:

"ზუგდიდი არის ფეხბურთელებით უმდიდრესი რაიონი. მისი პოტენციალი სანახევროდაც რომ გამოვიყენოთ, დარწმუნებული ვარ, ნაკრებებსაც სოლიდური შევსება ექნებათ და თავადაც არაფერი გაგვიჭირდება.

ძლიერი საფეხბურთო გუნდის შექმნა რეალური რომ არის, ამაში ეჭვი არასოდეს შემპარვია, თუმცა ყოველთვის რაღაც გვიშლიდა ხელს. ამაზე ვფიქრობდი მაშინაც, როდესაც "ზუგდიდის" დირექტორი ვიყავი. მაგრამ იქ ხელოვნური ბარიერები მექმნებოდა და ბოლოს, წინა ხელისუფლებამ მომიშორა...

ახლანდელი მოტივაცია გარდამავალმა ჩემპიონატმაც განაპირობა. პირველი ლიგიდან 5 გუნდი ვარდება და მერე დაბრუნება და უმაღლეს ლიგაში გადასვლა ზღაპარს დაემსგავსებოდა. ზამთარში ძირფესვიანი გაძლიერება ამიტომაც გადავწყვიტეთ.

მიხარია, რომ გუნდში ასეთი კარგი გარემოა. იმიტომ, რომ "ოდიში 1919" თამაშებს არ ყიდის და არავის არ ეკვრება. ახალგაზრდებს შეშურდებათ, ისეთი მონდომებულები არიან 37 წლის აკობია, 33 წლის ლომია და 32 წლის ივარდავა.

ლევან კუტალიას მსგავსი ფეხბურთელი კი ბევრი უმაღლეს ლიგაშიც არ მეგულება. გუნდი მოედანზე ისე გადის, როგორც ბოლო თამაშზე".

გასული წლის შემოდგომიდან ზუგდიდში, ჯანაშიას ქუჩაზე, უეფას სტანდარტების 2 სტადიონის მშენებლობა დაიწყო - ობიექტი 6,5 ჰექტარს დაიკავებს და დამხმარე ინფრასტრუქტურაც ექნება. პროექტის ღირებულება 20 მილიონი ლარია. მთავარი სტადიონი 7 200 მაყურებელზეა გათვლილი. დაიგება ბუნებრივი საფარი, ხოლო დამხმარე არენაზე ხელოვნური მოედანი იქნება, ტრიბუნები კი 1 224 მაყურებელს დაიტევს.

"ოდიში 1919"-ის დირექტორი იმედოვნებს, რომ ახალ არენაზე მალე ითამაშებენ:

"ჩხოროწყუში ჩატარებულმა თამაშმა დამარწმუნა, რომ საქართველოში ფეხბურთი არასოდეს ჩაკვდება. სტადიონზე 3 ათასამდე მაყურებელი მოვიდა. იმან, რაც სტადიონზე ხდებოდა, დიდი სიხარული მომგვარა. სასწაული ქომაგობა იყო, ბოლო წამამდე არ გაჩერებულან.

ჩვენი რეგიონული ფედერაციის უსუსურობის შედეგია, სამეგრელოს უდიდეს პოტენციალს რომ ვერ იყენებდნენ. "ბაიას" ბაზა რომ არა, რეგიონში ნორმალური სტადიონი და ბაზა არ იქნებოდა.

სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებამ და ზუგდიდში სტადიონის მშენებლობამ დაგვაიმედა. ახალი არენის გახსნას 2017 წელს ვარაუდობენ და ჩემი დიდი ოცნებაა, სავსე ტრიბუნების წინ ვითამაშოთ, ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო სამეულში მაინც მოვხვდეთ და ევროსაგზური მოვიპოვოთ.

მჯერა, ადრე თუ გვიან, ეს რეალური იქნება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
Saxlshi gaagrdzele purclebze cera da iq gakide tamashebi :***
Mematiane
17:31 31-03-2016
0
ვავა სქანშენ
ხოხ
17:59 30-03-2016
0

სიახლეები პოპულარული