ფანები აღშფოთებულან! როგორ მოხვდნენ "ტორპედოში" ირანელი ფეხბურთელები?

AutoSharing Option
როგორც ცნობილია, სანაკრებო პაუზისას, ქუთაისის "ტორპედოში" ორი ირანელი ფეხბურთელი მიიყვანეს - 28 წლის ნახევარმცველი შოებ ამირი და 27 წლის მარცხენა მცველი საიედ ჰოსეინ ჰოსეინი...

"ტორპედოს" გულშემატკივრები ამ ფეხბურთელების ჩამოყვანამ გააღიზიანა - აქაოდა, ირანელ ფეხბურთელებს 3 წლის განმავლობაში პროფესიულ დონეზე არ უთამაშიათ, რომ ერთი მათგანი სომხეთის პირველი ლიგის კლუბიდან გამოაგდეს, რომ "ტორპედომდე" დაიწუნეს გორის "დილასა" და "ზუგდიდში" და სად გინახავთ, არაფრისთვის მებრძოლი კლუბი ფეხბურთელებს იმატებდესო?!

31 მარტს ქუთაისის "ტორპედოს" სხვადასხვა თაობის გულშემატკივრების სახელით "ლელოს" წერილი გამოუგზავნეს.

"ბოლო დროს, ქუთაისის "ტორპედოს" ირგვლივ
განვითარებული მოვლენები არ გვაძლევს უფლებას, რომ მას შორიდან ვუყუროთ და მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით შემოვიფარგლოთ.

ფანები მივმართავთ ქუთაისის მერს, შოთა მურღულიას, უახლოეს დღეებში ჩვენი კლუბიდან გაათავისუფლოს ყველა ის ადამიანი, ვინც ირანელი ფეხბურთელების მოყვანაში მონაწილეობდა.

ამას არანაირი კავშირი არ აქვს გუნდის სპორტულ მხარესთან, ირანელების აქ ყოფნა სხვა მიზნებს ემსახურება, რაც ჩვენთვის და ქალაქისთვის ყოვლად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია.

იმედს ვიტოვებთ, რომ ამ განცხადების შემდეგ შესაბამის ზომებს მიიღებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნული პირების დასახელება და ირანელების აქ ყოფნის მიზეზების გასაჯაროება მოგვიწევს, რაც ჩვენი კლუბის პრესტიჟს შელახავს და უკიდურესი ზომების მიღება მოგვიწევს", - წერია განცხადებაში.

* * *
კლუბის პრესსამსახურის ცნობით, 10-დღიანი პაუზის შემდეგ "ტორპედოს" დაუბრუნდა მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ შტელინი, რომელიც ბელგიიდან გამომგზავრებას ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი ტერაქტების გამო ვერ ახერხებდა.

საბოლოოდ, შტელინმა ამსტერდამი-კიევი-ქუთაისის რეისით 29 მარტს ჩამოაღწია საქართველომდე და იმავე საღამოს "ტორპედო" ავარჯიშა კიდეც.

* * *
ამასობაში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონსა და "ტორპედოს" საწვრთნელ ბაზას შესამოწმებლად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების ინსპექტირების ჯგუფის წევრები ეწვივნენ.

მათი დასკვნით, კლუბმა ინფრასტრუქტურული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად მიცემული რეკომენდაციები გაითვალისწინა და ამ ეტაპისთვის დადებითი შეფასება დაიმსახურა. გარკვეული საკითხები კი სეზონის დასრულების შემდეგ უნდა გადაწყდეს.

რაც მთავარია, ფედერაციის წარმომადგენლებმა სტადიონზე მატჩების ჩატარება დასაშვებად მიიჩნიეს. ამგვარად, ტორპედოელები საკუთარ არენას ლამის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდებიან. დაზიანებული მინდვრის საფარის აღდგენითი სამუშაოების გამო მეორე წრეში "ტორპედო" საშინაო მატჩებს მარტვილსა და ზესტაფონში ატარებდა.

ასე რომ, 2 აპრილს ქუთაისელები "ჩიხურას" სწორედ "რამაზ შენგელიაზე" უმასპინძლებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ქუთაისის ტორპედო აქციეს შოთა მურღულიას და მისი საძმაკაცოს გუნდად. არაპროფესიონალები მიიყვანეს გუნდში, ამ თემით იქნებ ვინემ დაინტერესდეს და გააშუქოს წესიერად რა ხდება ტორპედოში, რა კადრები მუშაობენ და რას აკეთებენ!
levan
09:47 01-04-2016
0
როგორ მოხვდნენ და მაგათ ბებიებს ბიკენტიას ქაბაბი გაუსინჯავთ და დაუბარებიათ - ისე არ მოკვდეთ, ქუთაისში არ მოხვდეთო......
თუ სერიოზულად გაინტერესებთ - თითოს 8-8 მილიონი ევრო დაუნიშნეს კვირაში და რაღა თქმა უნდა, ფულს ათეთრებენ, აბა სხვა რა მიზნებს უნდა ემსახურებოდეს?!...
მსქროლავი ტროლი
09:55 01-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული