სამტრედია-დინამო (ბთ) 2:0 - ზღვიდანაც ვერ შეაჩერეს

AutoSharing Option
"სამტრედია" აგრძელებს შთამბეჭდავ სერიას. ბათუმის "დინამოს" დამარცხების შემდეგ, გია ცეცაძის გუნდს ჩემპიონატში ზედიზედ 7 მოგება და 11 წაუგებელი მატჩი დაუგროვდა და მომავალ უქმეებზე დღეში ქუთაისში "ტორპედოსთან" გასამართ იმერულ დერბის ამაღლებულ განწყობაზე ხვდება.

ზღვისპირლებთან შედარებით "მძიმედ" ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ, "სამტრედიამ" მეორე ნახევარში შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა. პირველი ნახევარი კი არცთუ ისე სანახაობრივი გამოდგა - გუნდები საშუალო ტემპში თამაშობდნენ და სახიფათო მომენტებიც იშვიათად იქმნებოდა.

სამტრედიელებმა საწყის წუთებში რამდენჯერმე სცადეს მდგომარეობის გამწვავება, მაგრამ სტუმრები დაცვაში საიმედოდ იყვნენ გამაგრებულნი და მეტოქეს კარში დარტყმის
საშუალებას არ აძლევდნენ.

პირველი რეალური საგოლე მომენტი მასპინძლებმა მე-19 წუთზე შექმნეს - თეიმურაზ მარკოზაშვილის ძლიერ დარტყმას მცველი გადაეღობა, გამოვარდნილ ბურთს კი ირაკლი სიხარულიძე "მაკრატელათი" გზავნიდა კარში, მაგრამ სამიზნეს ააცილა.

უქმად არც ბათუმელები ყოფილან. სასტარტო მღელვარების შემდეგ ისინიც გააქტიურდნენ და ომარ მიგინეიშვილის კარისკენაც "გაიხედეს". ძალიან კარგად ითამაშა პაპუნა ფონიავამ, რომელიც მეტოქე მცველების სიმრავლემ არ შეაშინა, მოედნის სიღრმიდან საჯარიმოსკენ შეიწია და ძლიერადაც დაარტყა, მაგრამ მდგომარეობა მცველმა განმუხტა.

ცოტა ხანში ისევ ფონიავამ გაამწვავა ვითარება, მაგრამ მისი შორეული და ძლიერი დარტყმა ხარიხას გადასცდა. ტაიმის ბოლოს კვლავ სამტრედიელები გააქტიურდნენ და გოლთანაც იყვნენ ახლოს. ლაშა შერგელაშვილს, რომელმაც ბოლო ორ საშინაო მატჩში 4 ჯარიმა გაიტანა, ამჯერადაც შეეძლო, ეხეირა, მაგრამ მისი საფირმო "სტანდარტულის" შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა.

მეორე ტაიმის საწყისი წუთები თანაბარ ბურთაობაში მიმდინარეობდა და სამტრედიელთა გოლს, თითქოს, არც არაფერი მოასწავებდა, მაგრამ... დიდოსტატურად ითამაშა ბუდუ ზივზივაძემ, რომელმაც მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოს კუთხისკენ შეიწია და ცაციათი მოულოდნელად დასცხო - ასე გავიდა ულამაზესი გოლი მიხეილ ალავიძის კარში.

დაწინაურებამ მასპინძლებზე დადებითად იმოქმედა - უფრო ლაღად ათამაშდნენ და ბათუმელთა კართანაც უფრო "ჩამოცხა". მაგალითად, დაჩი ცნობილაძის უაღრესად სახიფათო თავურის შემდეგ სტუმრები გოლისგან ალავიძემ იხსნა.

თუმცა სამტრედიელთა მორიგი იერიშისას მეკარეც უძლური აღმოჩნდა - დავით ჯიქიამ საჯარიმოს შიგნიდან გამოზომილი დარტყმით ანგარიში ორამდე გაზარდა.

დარჩენილ დროში ორივე გუნდს შეეძლო ანგარიშის შეცვლა. მიზანთან ყველაზე ახლოს იყო ირაკლი სიხარულიძე, რომელიც მატჩის მიწურულს თანაგუნდელებმა მეკარესთან პირისპირ გაიყვანეს, მაგრამ ფორვარდს მეკარემ აჯობა და თავისიანებს დიდი ანგარიშით მარცხი აარიდა თავიდან.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIII ტური
06.04. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
სამტრედია-დინამო (ბთ) 2:0
გოლები: 1:0 ზივზივაძე (53), 2:0 ჯიქია (64)
სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, შერგელაშვილი, ცნობილაძე, რაჟამაშვილი (87. ახალაძე), მარკოზაშვილი (89. მთივლიშვილი), ზივზივაძე, სიხარულიძე, ჯიქია (82. ენდელაძე).
სათადარიგოები: მეშველიანი, ცინცაძე, ა. კვარაცხელია, კერძევაძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
დინამო: ალავიძე, ტვილდიანი, ტეტუნაშვილი, მიხაილოვიჩი, სუხიაშვილი, შონია, ვარშანიძე, ჭკუასელი (65. ბერიაშვილი), ფონიავა (86. კვანტალიანი), გოგიტიძე (77. მაქაცარია), კომაზეცი.
სათადარიგოები: ტაკიძე, ქათამაძე, ქორიძე, კაშია
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი.

ბომბარდირები:
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 17
ო. მარცვალაძე (დილა) 14
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 13

მომდევო XXIV ტური
10 აპრილი, კვირა
კოლხეთი -ჩიხურა
საბურთალო-ლოკომოტივი
დინამო (ბთ)-გურია
დილა-სიონი
მერანი-საპოვნელა
ტორპედო-სამტრედია
ზუგდიდი-შუქურა
ცხინვალი-დინამო (თბ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
სამტრედიაში განადგურდება დინამო
smert
13:11 07-04-2016
0
სამტრედიაში განადგურდება დინამო
smert
13:07 07-04-2016
0

სიახლეები პოპულარული