10:43 11-04-2016
დილა-სიონი 2:1 - შინ მოგების გემო [VIDEO]
AutoSharing Option
თავდაპირველი ტაქტიკური განლაგებიდან გამომდინარე, ორივე გუნდი მოსაგებად განწყობილი გავიდა სათამაშოდ. მატჩის დებიუტმა სტუმრების უპირატესობით ჩაიარა. "სიონი" ერთობ თამამად უტევდა. მათ შეტევაში ტანმაღალი დიმიტრი ტატანაშვილი და პორტუგალიელი ლეგიონერი ლუის ალბერტო ვიეირა მედინა ჰყავდათ გამწესებული, რომელთაც თანაგუნდელები აქტიურად ამარაგებდნენ ბურთებით.
მეორე სართულზე პაექრობაში "სიონის" ამ მოიერიშე დუეტმა ერთხანს გვარიანი თავისტკივილიც გაუჩინა გორელებს, თუმცა მათ გარჯას შედეგი არ მოჰყოლია. არადა, ტატანაშვილს ჯერ კიდევ მე-5 წუთზე შეეძლო ახლო მანძილიდან გატანა. ცოტა ხანში ძალიან სახიფათო აღმოჩნდა ბოლნისელთა შუახაზელ ალექსანდრე გოგობერიშვილის მიერ გორელების კარის გასწვრივ ჩაწოდებული ბურთი, რა დროსაც მედინასა და ლუკა რაზმაძეს მილიმეტრები დააკლდათ ორიოდე მეტრიდან გასატანად.
ერთხანს, "დილამ", მოვლენების განვითარებას თითქოს პასიურად რომ ადევნებდა თვალს, მალე თავადაც გამოაჩინა ფხა. მე-18 წუთზე მასპინძლების მიერ განხორციელებული შეტევისას ოთარ მარცვალაძემ წიქარიძის პასი მიიღო, დასარტყმელად გაისწორა, მერლანის კარისკენაც გაგზავნა და ბურთი ხარიხიდან ბადეში გაეხვია - 1:0. გოლი მართლაც ჩინებული გამოვიდა.
ანგარიშში დაწინაურების შემდეგ ის უპირატესობა, რაც "სიონს" იქამდე ჰქონდა, გაქრა. მასპინძლებმა გაცილებით თამამად შეუტიეს, თანაც საპირისპირო კართან მოწინააღმდეგის შემტევი დუეტიც საიმედოდ გაანეიტრალეს. პირველი ნახევრის მიწურულს გიორგი გაფრინდაშვილის მიერ შორიდან კარში ჩახვევის მცდელობა იყო გამოსარჩევი, მაგრამ მიზნამდე ბოლნისელს ცოტა დააკლდა.
შესვენებამდე კი მარცვალაძესაც შეეძლო კიდევ ერთხელ ეხეირა. სწრაფი კონტრიერიშისას ის მეკარესთან თითქმის პირისპირ დარჩა, თუმცა ბოლოს მცველებმა შეუშალეს ხელი. ამიტომ იქვე კარგ პოზიციაში მყოფი გიორგი ჩელებაძე მოძებნა, ოღონდ მცველები "პატარა ჩელეს" დარტყმულსაც გადაეფარნენ.
მეორე ტაიმში, ბურთის ფლობის მხრივ, დიდი უპირატესობა არც ერთ გუნდს აღარ ჰქონია, თუმცა ანგარიშში დაწინაურებული მასპინძლები უფრო დამაჯერებლად მოქმედებდნენ. სტუმართა გუნდის მწვრთნელებმა შეცვლებით სცადეს მოედანზე არსებული, მათთვის არასახარბიელო ვითარების შეცვლა, მაგრამ იქვე უჩა სოსიაშვილმაც მიმართა შეცვლებს - ისლამ მაშუკოვი ლევან ნონიკაშვილით შეცვალა და შუა ხაზი გააძლიერა, რითაც თამაშის სადავეები მეტოქეს არ დაანება.
მე-80 წუთზე ლაშა გვალიამ დავით ხურცილავას სწრაფი და სახიფათო კონტრშეტევა ჩაშალა, რის გამოც მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ათი კაცით დარჩენილ "სიონს" კიდევ უფრო გაურთულდა შეხვედრის გადარჩენის ამოცანა. 86-ე წუთზე გორელებმა მეორეც გაიტანეს. წიქარიძემ ამ გოლშიც შეიტანა წვლილი. მან საშუალო დისტანციიდან დაურტყა მერლანს - მეკარემ ბურთი კი უკუაგდო, მაგრამ ნონიკაშვილმა დაამატა და ტაბლოზე 2:0 აინთო.
ერთ წუთში, ახლა უკვე თავად ნონიკაშვილის პასით, მარცვალაძესაც შეეძლო ანგარიშის გაზრდა, მაგრამ ხელი მოეცარა. 89-ე წუთზე კი ბოლნისელებმა აუტი მოაწოდეს და ერთი შეხედვით უწყინარ სიტუაციაში ოთარ კობახიძემ საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმით მოედანზე 5 წუთის წინ შესულ დავით ლეგაშვილს გაუტანა და საბოლოო წერტილი დასვა - 2:1. ამით "დილამ" წერტილი დაუსვა შინმოუგებელი მატჩების ხანგრძლივ სერიას.
და კიდევ - "სიონს" არ ახლდა მთავარი მწვრთნელი ვარლამ კილასონია. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მან ბოლნისური გუნდი დატოვა, თუმცა "სიონის" პრესსამსახურმა კილასონიას წასვლა უარყო და მისი არყოფნის მიზეზად ავადმყოფობა დაასახელა...
მატჩის შემდეგ
უჩა სოსიაშვილი (დილა):
"რთული სიტუაცია იყო, იქიდან გამომდინარე, რომ მეორე წრეში შინ არც ერთი თამაში არ მოგვიგია. მაგრამ მეორე მხრივ, ეს გვიზრდიდა მოტივაციას, რადგან განსაკუთრებით, ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ გვინდოდა გამარჯვების მოპოვება.
პირველ ტაიმში გუნდები დაცვით ფეხბურთს არ ანიჭებდნენ უპირატეობას. პირველი 20 წუთი, სამწუხაროდ, ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ დავიჭირეთ კარგი მომენტი, როცა ოთარ მარცვალაძემ, ვფიქრობ, ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა... ამან მოგების რწმენა შეგვმატა.
მეორე ტაიმში 4-5-1 განლაგებაზე გადავეწყვეთ და მოწინააღმდეგე გუნდის კაცნაკლულობაც კარგად გამოვიყენეთ. სამწუხაროდ, ბოლოს ვეღარ შევძელით კონცენტრირება და ერთი გოლი გავუშვით, მაგრამ მთლიანობაში, ჩვენთვის მაინც დადებითად შევაფასებდი მატჩს.
ოთხ დღეში ორი მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ, რისთვისაც დიდი მადლობელი ვარ ჩემი ფეხბურთელების".
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIV ტური
10. 04. გორი, "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა-სიონი 2:1
გოლები: 1:0 მარცვალაძე (17. წიქარიძის პასით), 2:0 ნონიკაშვილი (86), 2:1 კობახიძე (89)
დილა: მუჯრიშვილი (84. ლეგაშვილი), სამხარაძე, კვირკველია, ბაგაევი, ხურცილავა, ფალავანდიშვილი, ღონღაძე, წიქარიძე, ჩელებაძე (57. ძარია), მარცვალაძე, მაშუკოვი (61. ნონიკაშვილი).
სათადარიგოები: გამცემლიძე, ქარქუზაშვილი, თექთურმანიძე, მოდებაძე
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
სიონი: მერლანი, კილასონია, სვანიძე (56. კობახიძე), გურეშიძე, გაფრინდაშვილი, გიორბელიძე, გვალია, რაზმაძე, გოგობერიშვილი (56. გოგინაშვილი), ვიეირა მედინა (66. შალამბერიძე), ტატანაშვილი.
სათადარიგოები: ნანიევი, ვასაძე, ფოფხაძე, მანაგაძე
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
გაფრთხილება: გოგობერიშვილი (23), გვალია (34), წიქარიძე (47), მუჯრიშვილი (62), ღონღაძე (63), მედინა (66), გვალია (80)
გაძევება: გვალია (80)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი.
ბომბარდირები:
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 19
ო. მარცვალაძე (დილა) 15
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 14
ნ. კაჭარავა (ცხინვალი/როსტოვი, რუს.) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 12
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 12
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 12
XXIV ტური
11 აპრილი
ფოთი. სარაგბო სტადიონი. 16:00
კოლხეთი-ჩიხურა
თბილისი. მიხეილ მესხი (სათად). 16:00
საბურთალო-ლოკომოტივი
XXV ტური
15 აპრილი, პარასკევი
ლოკომოტივი-მერანი
16 აპრილი, შაბათი
სიონი-დინამო (ბთ)
ჩიხურა-დინამო (თბ)
17 აპრილი, კვირა
შუქურა-დილა
სამტრედია-ცხინვალი
საბურთალო-კოლხეთი
საპოვნელა-ზუგდიდი
გურია-ტორპედო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ვაწაძის ნაცვლად მარცვალაძე გამოიძახოს ნაკრებში ვაისმა, ტექნიკურია, სირბილიც შეუძლია და დარტყმაც აქვს. ამ ეტაპზე ვაწაძეს ჯობია მარცვალაძე, სათამაშო პრაქტიკაც აქვს.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული