12:12 18-04-2016
ლოკომოტივი-მერანი 1:1 - როცა თითოეული ქულა მნიშვნელოვანია [VIDEO]
AutoSharing Option
- "მერანი" და "ლოკომოტივი" მატჩში მომხდარ ინციდენტს ეხმაურებიან
ამაზე ცალკე, აქ კი თამაშის მსვლელობას შევეხოთ. შეხვედრის დასაწყისში "მერანი" უფრო აქტიურობდა და ორჯერ მწვავედაც შეუტია. ჯერ საჯარიმოში მყოფმა ლაშა ჯღამაიამ სცადა ანგარიშის გახსნა და არაზუსტად დაარტყა, მერე კი "ლოკომოტივის" მცველი უხეშად შეცდა და შანსი შოთა ჯიქიას მიეცა, მაგრამ სიზუსტემ ისიც დააღალატა.
ფეხბურთის დაუნდობელი კანონი სწრაფადვე ამოქმედდა - სტუმრებმა მომენტით ვერ ისარგებლეს, "ლოკომოტივმა" კი შანსი გოლად აქცია. დავით უბილავამ ორჯერ მწვავედ შეუტია. მასპინძელთა კაპიტანი მეკარესთან პირისპირ გადიოდა, თუმცა წაიქცა და ვითარება განიმუხტა. მაგრამ მე-11 წუთზე "მერანი" ვეღარ გადარჩა - დავით ჩაგელიშვილმა "ლოკომოტივის" კაპიტანს ბურთი საჯარიმოში შეაყოლა, უბილავა სამ მცველს ეფექტური ცრუმოძრაობებით გასცდა და კარის ბადე შეარხია - 1:0.
"ლოკომოტივს" საქმის მოთავება პირველივე ტაიმში შეეძლო. მაგრამ ამის მიუხედავად, მეორე გოლის გატანის რეალური შანსები გაანიავა. მაგალითად, თავის გამოჩენა შეეძლო დიასამიძეს, მაგრამ ვითარება მცველმა განმუხტა.
"მერანი" ტაიმის ბოლოსღა გამოცოცხლდა და შეუტია. კიჭი მელიავამ კარის წინ დასარტყმელ პოზიციაზე ივანე ხაბელაშვილი მოძებნა, მაგრამ მისი თავური არაზუსტი გამოდგა.
მეორე ნახევარში "მერანი" უფრო უკეთ ათამაშდა და უპირატესობასაც დაეუფლა. 46-ე წუთზე ნიკა საბანაძემ მეკარესთან პირისპირ დატოვა მელიავა, რომელსაც რევაზ თევდორაძემ არ გაატანინა - მასპინძლები აშკარა გოლს გადაურჩნენ. მალე სახიფათო მომენტი სტუმრების მიერ გათამაშებულ "სტანდარტს" მოჰყვა, აკაკი წყაროზიას დარტყმის შემდეგ კი თბილისური კლუბი ძელმა იხსნა.
თბილისელთა მთავარი მწვრთნელი ჟერარდ სარაგოსა მულეტი მიხვდა, რომ ასე გუნდი მოგებას ხელიდან გაუშვებდა და შეტევების გაძლიერება სცადა, მაგრამ ესპანელის მცდელობა უშედეგო გამოდგა: მოედანზე შესული ზვიად ქანთარია მონდომებული იყო და სახიფათოდაც დაარტყა, მაგრამ მთლიანად გუნდი ვერაფერს ახერხებდა.
ლიგიდან გავარდნის საფრთხის გამო გაბრაზება და ბოლო ძალების მობილიზება სტუმრებს უფრო ეტყობოდათ.
დაძაბულობა კი უფრო და უფრო მატულობდა. გოლის გატანამდე მარტვილელები არბიტრისგან ორჯერ ითხოვდნენ პენალტს. მათი აზრით, ორივე შემთხვევაში ხაბელაშვილს მცველები აშკარად ეუხეშნენ, თუმცა არსენ ნონიკაშვილმა სხვაგვარად განსაჯა.
საბოლოოდ, "მერანის" მონდომებას უკვალოდ არ ჩაუვლია: 84-ე წუთზე ნოდარ კიკნაველიძემ "სტანდარტიდან" საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც საბანაძემ მშვენიერი თავურით წონასწორობა აღადგინა - 1:1.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXV ტური
15.04. თბილისი. "მიხეილ მესხი"
ლოკომოტივი-მერანი 1:1
გოლები: 1:0 უბილავა (11. ჩაგელიშვილის პასით), 1:1 საბანაძე (84. კიკნაველიძის პასით)
ლოკომოტივი: თევდორაძე - ჩიტეიშვილი, მახარაძე, გეთიაშვილი (61. ჭანტურია), ფოფხაძე - ქიქავა, სამურკასოვი - მზევაშვილი (67. გავაშელიშვილი), დიასამიძე (52. ქანთარია), უბილავა - ჩაგელიშვილი.
სათადარიგოები: კუპატაძე, გაბაძე, კიკაბიძე, არდაზიშვილი
მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა მულეტი
მერანი: მამალაძე - მელიავა (80. უგულავა), ორბელაძე, ციმაკურიძე, გიორგაძე - ტეიდი, წყაროზია (78. ჩიმაკაძე) - ჯიქია, ჯღამაია (46. კიკნაველიძე), ხაბელაშვილი - საბანაძე.
სათადარიგოები: სევასტიანენკო, გეგია, შენგელია, გოგუაძე
მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია
გაფრთხილებები: ჯიქია (40), ქიქავა (56), ციმაკურიძე (64)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი
ბომბარდირები
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 19
ო. მარცვალაძე (დილა) 15
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 15
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 13
ნ. კაჭარავა (ცხინვალი/როსტოვი, რუს.) 13
XXVI ტური
23 აპრილი, შაბათი
დილა-საპოვნელა
დინამო (ბთ)-შუქურა
ზუგდიდი-ლოკომოტივი
მერანი-საბურთალო
ცხინვალი-გურია
24 აპრილი, კვირა
კოლხეთი-დინამო (თბ)
ჩიხურა-სამტრედია
ტორპედო-სიონი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული