გასულ უქმეებზე ქართულ ფეხბურთში ისეთი ხმაურიანი ფაქტი მოხდა, ანალოგი აქამდე რომ არ ჰქონია - "გურიას", რომელსაც ჩვენი საზომებით, სეზონში ყველაზე მეტი ლეგიონერი ჰყავს, არც მეტი, არც ნაკლები, ოთხი მათგანი შეკრებიდან... გაეპარა...
ამ ოთხიდან ორი კოსტარიკელია და ორივე მცველი: ძირითადის მოთამაშე მორალეს ნუნიესი და სათადარიგოდ ქცეული ალვირ ჟამირ ბენეტი. კიდევ ორი კი პანამელია - ჯამალ როდრიგესი, რომელსაც თამაში არ უწევდა და ფორვარდი კარლოს სმოლი, ვინც "გურიასთვის" ყველაზე დიდი დანაკლისია.
სამ არასრულ მატჩში სმოლმა 3
ასეთი არაორდინარული შემთხვევის ფონზე, საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, საფეხბურთო კლუბმა "გურიამ" გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ფეხბურთელები გადაფრინდნენ სტამბოლში. ასევე, კლუბს გასტუმრებული აქვს მათ მიმართ სახელფასო-საპრემიო ვალდებულებები და რომ "გურია" ამზადებს დოკუმენტაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში წარსადგენად, რათა მათ მიმართ გატარდეს დისციპლინარული ზომები.
ჩვენი ინფორმაციით, "გურიის" წარმომადგენლებმა საქმის კურსში ჩააყენეს ფეხბურთის ფედერაცია და კონსულტაციებს იურიდიული სამსახურის უფროს კესო ჩხიკვაძესთან გადიან.
როგორც ირკვევა, ლეგიონერებმა, რომელთაც მოქმედი კონტრაქტი აქვთ და თვითნებურად მიატოვეს კლუბი, 5-წლიანი საერთაშორისო დისკვალიფიკაცია ემუქრებათ.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელებმა უკან დაბრუნება მოითხოვეს, მაგრამ ეს რომც დადასტურდეს, კლუბი მათ მიღებას აღარ აპირებს, რადგან მომხდარს "გურიის" ღალატად მიიჩნევენ. თუმცა არაა გამორიცხული, კარლოს სმოლთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვან.
ერთ-ერთი ვერსიით, ფეხბურთელებმა პირად აგენტს განუცხადეს, რომ ოჯახები მოენატრათ და ამიტომ გაფრინდნენ სამშობლოში. თუმცა ეს არასერიოზულია. სხვა ვერსიით კი, ხსენებულ ფეხბურთელებს კლუბიდან წასვლა მას შემდეგ სურდათ, რაც "გურიამ" თემურ მახარაძის წინამორბედი ვიქტორ დემიდოვი დაითხოვა. თუმცა ეს ვერსიაც ნაკლებდამაჯერებელია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"