რა გახდა "ცხინვალის" წარუმატებელი ასპარეზობის მიზეზი? ამ და სხვა საკითხებზე გუნდის მთავარ მწვრთნელს, კახა კაჭარავას ველაპარაკეთ...
როგორ აფასებს გუნდის გამოცდილი დამრიგებელი მეორე წრეში ცხინვალელთა თამაშს? ამის თაობაზე კაჭარავა ამბობს:
"რა შეფასება შეიძლება გავაკეთოთ? რა თქმა უნდა, შედეგი ჩვენთვის მისაღები
პირიქით, მადლობა მინდა ვუთხრა ბიჭებს. ისინი ყველა შეხვედრაში ბოლომდე იბრძვიან და მაქსიმუმს აკეთებენ "ცხინვალის" წარმატებისთვის. ძალიან მონდომებულები არიან, ბევრს შრომობენ. არანაირი პრეტენზია მათ მიმართ არ მაქვს".
როგორც ჩანს, "ცხინვალს" განსაკუთრებით გაუჭირდა რუსული პრემიერლიგის ლიდერ "როსტოვში" გაყიდული ნიკა კაჭარავას შეცვლა. ის თითქმის ყველაფერი იყო ცხინვალელთათვის. მამა შვილის თაობაზე ამბობს:
"ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი გუნდი ერთ კონკრეტულ ფეხბურთელზე იყო დამოკიდებული. ჩვენს ბოლო შედეგებს მე უფრო საერთო სიტუაციას მივაწერდი.
ნიკა ფორვარდია, თავის საქმეს აკეთებდა ავად თუ კარგად, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ "ცხინვალის" კარგი თამაში პირველ წრეში არ იყო მხოლოდ ნიკას დამსახურება. ჩვენი წარმატების საიდუმლო იდო გუნდურ თამაშში".
საინტერესოა, დარჩა თუ არა "ცხინვალს" მოტივაცია საქართველოს ჩემპიონატში? კაჭარავა გვპასუხობს:
"წინა ტურში "გურიასთან" რომ მოგვეგო, კვლავ გაგვიჩნდებოდა ევროთასებზე გასვლის რეალური შანსი. ახლა კი უფრო გართულდა ამ მხრივ საქმე, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ დაკარგული ჯერ არაფერია. ჩვენ თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე ვიბრძოლებთ".
შესაძლოა, "ცხინვალის" არათანაბარი თამაში იმის ბრალიც იყოს, რომ გუნდმა ვერ მოახერხა გაძლიერება ზამთრის სატრანსფერო პერიოდში. კაჭარავაც ასე ფიქრობს:
"როგორც იცით, ზამთარში ჩვენი გუნდი ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა. შევსება ვერ მივიღეთ ისეთი, როგორიც უნდა მიგვეღო. ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"