ალეკო ამისულაშვილი: ამ "დინამოს" დიდი იმედი მაქვს!

AutoSharing Option
სეზონის განახლებამდე თბილისის "დინამომ" თურქეთის პირველი ლიგის ბინადარ "ქარშიაქადან" საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი, ალეკო ამისულაშვილი შეიმატა. ამისულაშვილს უთამაშია უკრაინულ, რუსულ, თურქულ და აზერბაიჯანულ უპირველეს ლიგებში, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდში კი 45 მატჩი აქვს ჩატარებული...

"ლელო" ამისულაშვილს თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე ელაპარაკა...

- პირველ რიგში, გილოცავთ საქართველოს ჩემპიონობას! ელოდით ნაადრევ ტრიუმფს?
- გმადლობთ! ზუსტად როდის მოხდებოდა ეს, ნამდვილად ვერ ვიწინასწარმეტყველებდი. ისე კი მართლა მჯეროდა, რომ "დინამო" გახდებოდა საქართველოს ჩემპიონი.

ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ის სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები, ვინც
საფუძველი ჩაუყარა ამ წარმატებას. მე პირველ წრეში არ ვიყავი გუნდში. გია გეგუჩაძემ და ბიჭებმა ბევრი გააკეთეს ამ ტიტულისთვის. მერე ჩვენც შევემატეთ გუნდს. შეიძლება იმის თქმა, რომ "დინამომ" ჩემპიონატი ძალიან თანაბრად ჩაატარა.

ახლა ჩვენ წინაშე კიდევ ერთი ამოცანა დგას. საქართველოს თასის ფინალში უნდა გავიდეთ და იქაც წარმატებით ვითამაშოთ. პირველ ნახევარფინალში 3:0 მოვუგეთ საჩხერის "ჩიხურას" და დიდი შანსი გვაქვს.

- პირველი შეხვედრის შედეგიდან გამომდინარე, ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ორრაუნდიანი სათასო ორთაბრძოლის ბედი გადაწყვეტილია?
- არა, არავითარ შემთხვევაში! ვისაც არ უნახავს პირველი ნახევარფინალი, შეიძლება იფიქროს, რომ "ჩიხურას" იოლად მოვუგეთ, მაგრამ ეს ასე არ ყოფილა. საჩხერულმა კლუბმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. უკან არ "ისხდნენ" მთელი გუნდით, ფეხბურთს თამაშობდნენ...

- ხომ არ ისურვებდით, რომ საქართველოს ჩემპიონატში უფრო მეტი კონკურენცია ყოფილიყო, ჩემპიონობა უფრო დაძაბულ ბრძოლაში მოგეპოვებინათ?
- რა თქმა უნდა, სასურველია, რომ მეტი კონკურენცია იყოს საქართველოს ჩემპიონატში. ასევე სასურველია ისიც, რომ უკეთესად იყოს განვითარებული ინფრასტრუქტურა. ძალიან სასიამოვნოა, როცა სავსე ტრიბუნების წინაშე თამაშობ.

ამას წინათ, ქობულეთში ვითამაშეთ ბათუმის "დინამოსთან" და იქაც სავსე იყო ტრიბუნები. ასე იყო ფოთშიც... ალბათ, ქვეყანაში არსებული საერთო ვითარება ასვამს დაღს ჩემპიონატის მატჩებზე დასწრებას. ამბობენ, გულშემატკივარი შედარებით აგრესიულია ჩვენთანო. ეს იმის ბრალიცაა, რომ ხალხი არ ცხოვრობს დალხენილად. ასე რომ იყოს, კომფორტული სტადიონები რომ გვქონდეს, რა ჯობია, შაბათ-კვირას ოჯახთან ერთად რომ წახვალ სტადიონზე. ბავშვებიც ეჩვევიან, სწავლობენ ქომაგობის კულტურას...

- რა არის საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელისთვის მთავარი პრობლემა დღეს?
- "დინამოში" ძალიან კარგი პირობებია. ქართული საფეხბურთო სამყარო პატარაა. ჩვენი მეგობრები თამაშობენ სხვა კლუბებში. ზოგიერთი მათგანი ხანდახან ისეთ რამეს იტყვის, საჯაროდ უხერხულია ამაზე ლაპარაკი... ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებამ დიდი იმედი მომცა. შემდეგი ჩემპიონატი უფრო მაღალი დონის იქნება, ათგუნდიანი კი - უფრო უკეთესი. მე ამის მჯერა.

- საქართველოს ჩემპიონატი და თურქეთის პირველი ლიგა რომ შევადაროთ ერთმანეთს, რომელს მიანიჭებდით უპირატესობას?
- საქართველოს ჩემპიონატი ჩვენია და ის ჩვენვე უნდა დავაყენოთ ფეხზე. ახლა კი ფაქტი ჯიუტია - თურქები გვისწრებენ. აქ შეგვიძლია ვისაუბროთ ინფრასტრუქტურაზე, ბაზებზე, ფინანსებზე... თუნდაც ავიღოთ ის, რომ ყველა თამაში შუქდება ტელევიზიით...

- როგორ "დინამოს" ვიხილავთ ევროთასებზე?
- პირდაპირ გეტყვით, დიდი იმედით ველოდები ევროთასებს. შეკრებაზე ვითამაშეთ საკმაოდ ძლიერ გუნდებთან და ვითამაშეთ კარგი ფეხბურთი. საქართველოს ჩემპიონატზე გადმორთვა მერე ცოტა გაუჭირდა გუნდს. აქ, ალბათ, არაერთი ფაქტორი იყო. მიმაჩნია, რომ ამ ფორმაციის "დინამოს" შეუძლია, ევროთასებზე წარმატებული თამაშით გაახაროს გულშემატკივარი.

- რას იტყვით იურაი იარაბეკზე - როგორც მწვრთნელზე და როგორც პიროვნებაზე?
- უპირველეს ყოვლისა, უნდა ვთქვა, რომ ის ძალიან პოზიტიური ადამიანია. ცდილობს, მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს ყოველი დღისგან. როცა საჭიროა, მკაცრიც არის და, ამავე დროს - მეგობრულიც. ის ითხოვს აგრესიულ ფეხბურთს, მკაცრ ბალანსს შეტევასა და დაცვას შორის...

საერთოდ, ნებისმიერ მწვრთნელს გარკვეული დრო, დაახლოებით 6 თვე მაინც სჭირდება იმისთვის, რომ ბოლომდე გაშინაურდეს ახალ გუნდში. "დინამოში" ძალიან კარგად მიდის ეს პროცესი.

- თქვენ უკვე იმუშავეთ კიდევ ერთ სლოვაკ მწვრთნელთან, საქართველოს ნაკრების ახალ დამრიგებელ ვლადიმირ ვაისთან. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ მასზე?
- სულ 5 დღე ვიყავით ერთად. ჩანს, რომ ძალიან მაღალი დონის მწვრთნელია. ეს ახლავე შემიძლია ვთქვა, განზოგადებას კი ცოტა დრო სჭირდება. რაც შეეხება თამაშს, ყაზახეთთან მატჩის შედეგი არ იყო ჩვენთვის მისაღები. მიმაჩნია, რომ საქართველოს ნაკრებს უფრო ხარისხიანი ფეხბურთის თამაში შეუძლია.

- საინტერესოა თქვენი აზრი მსოფლიოს ჩემპიონატის იმ ჯგუფზე, რომელშიც მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრები...
- დღეს ჩვენ ისეთ მოცემულობაში, ისეთ საფეხბურთო რეალობაში ვართ, რომ საქართველოს ნაკრებისთვის ყველა მოწინააღმდეგე უაღრესად სერიოზულია. ეს არის ძალიან თანაბარი ჯგუფი. არ არის გრანდი, მაგრამ არის რამდენიმე ძლიერი ნაკრები. პირადად მე, ფავორიტად ჩავთვლიდი ძალიან ძლიერ ავსტრიას. რა თქმა უნდა, ძლიერები არიან სხვებიც...

- თქვენ სხვადასხვა დროს არაერთ ისეთ ფეხბურთელთან ერთად გითამაშიათ, სერბეთის ნაკრებში რომ იწვევდნენ თუ იწვევენ. რას ამბობდნენ ისინი, რატომ ვერ ავლენს მათი ნაკრები მართლაც რომ უდიდეს პოტენციალს?
- სხვათა შორის, მართლაც მისაუბრია ამ თემაზე სხვადასხვა სერბ ფეხბურთელთან. ხშირად ხდება, რომ ძალიან ძლიერი ფეხბურთელებიც კი კარიერის პიკში, 29-30 წლის ასაკში მიდიან ნაკრებიდან. როგორც ვიცი, ზოგიერთ ფეხბურთელსა და გულშემატკივრებს შორის არ იყო იდეალური ურთიერთობა. ისე, ძალიან ნიჭიერი ერია არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ, ზოგადად სპორტში.

- დაბოლოს, ცენტრალური მცველის პოზიციაზე რა პერსპექტივას ხედავთ საქართველოს ნაკრებში?
- პერსპექტივა არის. გურამ კაშია აღარ არის ბავშვი, მაგრამ ჯერ მაინც ახალგაზრდაა. რამდენი წელია, მაღალ დონეზე თამაშობს. საბა კვირკველია უკვე წლებია, სტაბილურობას ინარჩუნებს. ლაშა დვალის ძალიან მეიმედება. პოლონეთის ჩემპიონატი სწორად შეარჩია. იქ კიდევ უფრო მოვა ჯანზე. ძალიან ახალგაზრდაა ჯერ. ცენტრალური მცველი 23-24 წლის ასაკში იწყებს აღმასვლას. მოკლედ, პერსპექტივა დიდია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ევროთასებზე წარმატებული გამოსვლა რას ნიშნავს საკვალიფიკაციოს პლეიოფამდე მისვლას?!!!!!!!! (რათქმაუნდა ევროპალიგა ვიგულისხმე) )))))))))
guga
14:14 02-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული