მერანი-კოლხეთი 1:1 - ისევ ბეწვის ხიდზე...

AutoSharing Option
"ყველაფერი არის ძლიერ კარგად, ყველაფერი ძლიერ ცუდად არის" - გალაკტიონის ეს სიტყვები ზუსტად შეესატყვისება "მერანში" არსებულ მდგომარეობას.

ნებისმიერი მენეჯერისა თუ მწვრთნელის საქმიანობა რომ შედეგით ფასდება, ეს მარტივი, ტრივიალური ჭეშმარიტებაა. ფაქტია, პერმანენტულმა ვერმოგებათა სერიამ "მერანი" უკვე დიდი ხანია ერთ-ერთ გამოკვეთილ აუტსაიდერად აქცია. და თუ მარტვილელებს უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსი ჯერ კიდევ შერჩენიათ, ეს არა მათი, არამედ კონკურენტების დამსახურებაა.

ამის ფონზე, უბრალოდ, არაკორექტულია კლუბის დირექტორ ელდარ ბაკურიას მხრიდან გულშემატკივრების ნაწილისა და ჟურნალისტების დადანაშაულება. "ლელო" ერთადერთი სპორტული გაზეთია, რომელიც "მერანის" საშინაო მატჩებს სისტემატურად
აშუქებს. დირექტორი კი ამ გამოცემას, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ - გამოცემის ჟურნალისტს, პროტესტს უცხადებს და თანამშრომლობაზე უარს ეუბნება. ამიტომაც იყო, რომ პრესსამსახურის ჩარევის მიუხედავად, მთავარმა მწვრთნელმა ნამატჩევს ჩვენთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

არა მგონია, "მერანს" ამგვარი რაღაცები რამეში წაადგეს. სჯობს, მენეჯერმა წარუმატებლობის მიზეზი სხვაგან კი არა, იქვე, გუნდის შიგნით ეძებოს...

"მერანს" არავინ არ ებრძვის (ან ვინ და რატომ უნდა ებრძოდეს?!), ჩვენ მიუკერძოებლად, ობიექტურად ვაშუქებთ იმ რეალობას, რასაც დღესდღეობით ყველა ხედავს. ისიც კარგად გვესმის, რომ ვიღაცებისთვის სინამდვილე არცთუ ისე სასიამოვნო შეიძლება იყოს, თუმცა რეალობას არ უნდა მოვწყდეთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩავხედოთ სატურნირო ცხრილს. ამიტომ, ისევ და ისევ მათი ინტერესებიდან გამომდინარე, იმედს ვიტოვებთ, რომ ამ სრულიად უაზრო კამპანიას შეწყვეტენ და თავისუფალი სიტყვის მნიშვნელობას გააცნობიერებენ...

* * *
"მერანის" საშინაო მატჩებზე "მურთაზ ხურცილავა" ყოველთვის გადაჭედილი იყო, თუმცა ბოლო დროს ეს ტრადიცია დაირღვა - სტადიონი მხოლოდ სანახევროდ ივსება. ამის მიზეზი მარტვილელ გულშემატკივართა ბოლოდროინდელი იმედგაცრუებაა. ქომაგებს გუნდის მიმართ ნდობა აქვთ დაკარგული.

ამის მიუხედავად, "კოლხეთთან" მატჩის წინ იყო გარკვეული ოპტიმიზმი, მით უფრო, რომ ფოთელებმა წინა ტურში, ფაქტობრივად, გადაწყვიტეს უმაღლეს ლიგაში დარჩენის საკითხი.

თუმცა სტუმრებს ამ შეხვედრაში არაფერი დაუთმიათ და დამსახურებული ქულაც წაიღეს. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ მატჩმა მარტვილელთა ორგანიზებული და მრავალფეროვანი შეტევებით ჩაიარა. "მერანის" ვერმოგებას ვერც უიღბლობას დავაბრალებთ და ვერც "არაობიექტურ" მსაჯობას... სხვათა შორის, აქვე ვთქვათ ისიც, რომ მატჩში იყო ეპიზოდი, როცა სტუმართა მცველს საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა, თუმცა არბიტრმა ამაზე რეაგირება არ მოახდინა...

ორივე გოლი კი შეხვედრის პირველ ნახევარში გავიდა და ორივე გოლის ავტორად... გიორგი ციმაკურიძე მოგვევლინა. მე-19 წუთზე ვანო ხაბელაშვილის მიერ "სტანდარტულიდან" ჩამოწოდებულ ბურთს თავი ციმაკურიძემ დაუხვედრა და თავისიანები დააწინაურა.

იდენტური იყო იმავე ციმაკურიძის მიერ გატანილი ავტოგოლიც - ტაიმის ბოლოს "მერანის" კარის მიმართულებით საჯარიმო დაინიშნა. ლევან კაკულიამ ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც დასწრებაზე ყველას ციმაკურიძემ "აჯობა" და... - 1:1.

მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ანგარიშში კორექტივების შეტანა ორივე გუნდს შეეძლო. 53-ე წუთზე სტუმრები გოლს სასწაულებრივად გადაურჩნენ: ახლო მანძილიდან ჯერ ჩიმაკაძემ, მოგვიანებით კი უგულავამ ვერ აჯობა მეკარე ძაგანიას.

რეალური მომენტი ქარს გაატანეს სტუმრებმაც - საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან გიორგაძემ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, რითიც ისარგებლა შეცვლაზე შესულმა სიჭინავამ და მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა მამალაძემ სასწაულებრივად იხსნა თავისიანები.

ვთქვათ ისიც, რომ მერანელთაგან განსაკუთრებით გამოსარჩევია ფლანგებზე მოთამაშე ფეხბურთელების - კიჭი მელიავასა და გიორგი გეგიას თამაში. ისინი დაცვაშიც საიმედოდ ირჯებოდნენ და ხშირ შემთხევებში შეტევაზეც აქტიურად გადადიოდნენ.

დარჩენილ დროში მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი ორივე გუნდმა შექმნა, თუმცა, როგორც საბოლოო შედეგიდან ჩანს, ანგარიში აღარ შეცვლილა. მოპოვებული ქულის წყალობით, "კოლხეთმა", ფაქტობრივად, გაინაღდა საუკეთესოთა მარაქაში დარჩენის უფლება, ხოლო "მერანისთვის" სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება "ზუგდიდთან" სტუმრად გასამართავ მატჩს.

მატჩის შემდეგ
გელა სანაია (კოლხეთი): "მერანთან მნიშვნელოვანი ქულა ავიღეთ და დიდი ნაბიჯი გადავდგით უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად. ბიჭები მოედანზე მოტივირებულები გავიდნენ, რამაც შედეგი გამოიღო. თამაშიდან გამომდინარე, ფრე ლოგიკურად მიმაჩნია.

რაც შეეხება ფოთის ცენტრალურ სტადიონს, ვერ გეტყვით, მომავალი სეზონისთვის გაიხსნება თუ არა. ამაზე პასუხი დღეს არავის აქვს".

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVII ტური
30.04. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა"
მერანი-კოლხეთი 1:1
გოლები: 1:0 ციმაკურიძე (19. ხაბელაშვილის პასით), 1:1 ციმაკურიძე (42-საკ. კარში)
მერანი: მამალაძე, მელიავა, გიორგაძე, ორბელაძე, გეგია, ციმაკურიძე (50. უგულავა), ტეიდი, ჯიქია, ხაბელაშვილი (81. აშორტია), ჯღამაია (68. კიკნაველიძე), საბანაძე.
სათადარიგოები: სევოსტიანენკო, რუხაია, ციცხვაია, შენგელია
მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია
კოლხეთი: ძაგანია, კილასონია, ჩაკვეტაძე, გოგონაია, თ. კაკულია (46. სიჭინავა), გიგაური, ქებურია, გურეშიძე, ჟიშკარიანი (70. თუხარელი), კოროპკა, ლ. კაკულია (80. ტუღუში).
სათადარიგოები: ხვიჩია, თევზაძე, პოლულიახი
მწვრთნელი: გელა სანაია
სათადარიგოები: გურეშიძე (11), კილასონია (21), გიგაური (31), ჯღამაია (51)
არბიტრი: ლ. სილაგავა

ბომბარდირები
გ. ქვილითაია (დინამო, თბ) 20
ო. მარცვალაძე (დილა) 16
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 15
ჯ. ჯიღაური (დინამო, თბ) 13
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 13
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13

XXVIII ტური
8 მაისი, კვირა
კოლხეთი-სამტრედია
ზუგდიდი-მერანი
დილა-საბურთალო
დინამო (ბთ)-ლოკომოტივი
ტორპედო-საპოვნელა
ცხინვალი-შუქურა

9 მაისი, ორშაბათი
დინამო (თბ)-გურია
ჩიხურა-სიონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
She dalocvilo 1-1 tu damtavrda tamashi,am mogebit kolxetma gainagda darchenao rogor cer, daukvirdi ras cer da pexburtelebis tu klubis mesveurta sakitxebze mere ilaparaket,imedia ar dablokavt
Irakli 88
12:23 03-05-2016
0

სიახლეები პოპულარული