საქმე ისე მიდის, რომ ბოლო ტურებში რაიმეს ხელაღებით წინასწარმეტყველება ჭირს და წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობაც მნიშვნელოვნად მატულობს. გაძევებების მხრივ, ეს ტური მიმდინარე ჩემპიონატში სარეკორდი იყო. ვიხილეთ 7 წითელი და ბევრი ყვითელი ბარათი და ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ მომავალმა ტურმა ჩავლილს გადააჭარბოს...
ბევრი არაფერი
ამ ტურს ძალთა განლაგების მხრივ ბევრი არაფერი შეუცვლია. როგორც ცხრილის ზედა, ისე ქვედა ნაწილში ძალიან დიდი ბრძოლაა გაჩაღებული. ერთადერთი, რაც გარკვეულია, ეს ჩემპიონის ვინაობაა.სწორედ ჩემპიონის
საერთოდ, იმერლებს დარჩენილ სამ შეხვედრაში ამდენივე ქულის აღება სჭირდებათ საიმისოდ, რომ ევროპალიგაზე ასპარეზობა გაინაღდონ, რაც გია ცეცაძის ახალგაზრდული გუნდისთვის პრობლემა არ უნდა იყოს.
თუ ასე მოხდა, "სამტრედია" 25-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდება ევროპულ ტურნირებს. მოვლენებს წინ გავუსწრებთ და ვიტყვით, რომ ეს პატივი ცეცაძის კრებულმა აშკარად დაიმსახურა. საერთოდ, ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში "სამტრედიამ" მეხუთედ მოახერხა უპრინციპულესი მეტოქის დამარცხება.
ევროასპარეზზე ოფიციალურად გასასვლელად 3 ქულა სჭირდება გორის "დილასაც". ეს იმ შემთხვევაში, თუ საჩხერის "ჩიხურა" ყველა დარჩენილ შეხვედრას მოიგებს. საქართველოს ჩემპიონატში ახლა მეოთხე ადგილიც პრიორიტეტულია, რადგან არის შანსი, რომ ამ ადგილზე გასული კლუბი ევროთასებზე გავიდეს. საქართველოს ჩემპიონი "დინამო" თასის ნახევარფინალშია, ფინალამდე კი თითქმის არაფერი აშორებს და წარმატების შანსი იქაც აქვს.
ბოლნისის "სიონმა" "ცხინვალთან" მოულოდნელი მარცხით ძალიან გაირთულა ოთხეულში მოხვედრის ამოცანა. ისე ჩანს, რომ ბოლნისური კლუბი თასიდანღა თუ გაჭრის ევროპულ ფანჯარას.
თერჯოლის "საპოვნელამ" ზესტაფონში, უმაყურებლო მატჩში მინიმალური ანგარიშით მოუგო ბათუმის "დინამოს" და უმაღლეს ლიგაში დარჩენის რეალური შანსი გაიჩინა. ეგაა, თუნდაც მთავარ კონკურენტ "ზუგდიდს" სამიდან 2 თამაში საკუთარ მოედანზე დარჩა გასამართავი.
ჯერ არ აქვთ თავი ქუდში "გურიას", "ლოკომოტივსა" და "კოლხეთს", მაგრამ ამ გუნდების დაქვეითება მაინც ძალზე რთული წარმოსადგენია, ისევ და ისევ - დაგროვებული ქულების გამო.
აქვე იმედს გამოვთქვამთ, რომ სეზონის ბოლოს ყველაფერი სპორტული პრინციპების დაცვით მოხდება და უმაღლეს ლიგას ის გუნდები დატოვებენ, რომელთაც ამ ხვედრს სატურნირო ცხრილი არგუნებს.
პირველად, 11 დეკემბრის შემდეგ...
ძალიან ხშირად ჩვენს ჩემპიონატში ისე ხდება, რომ როცა ერთ გუნდს "სჭირდება" თამაში და მეორეს არა, სწორედ ეს გუნდი იგებს. ასე არ მოხდა ბოლნისში, სადაც კახა კაჭარავას გაწვრთნილმა "ცხინვალმა" ევროსაგზურისთვის მებრძოლი "სიონი" დაამარცხა.შიდაქართლელებმა 11-თამაშიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს - 11 დეკემბრის შემდეგ პირველად მოიგეს. საინტერესოა, რომ ბოლნისელთა კარში გოლები ექსსიონელებმა - ვილი ისიანმა და ზვიად ლობჟანიძემ გაიტანეს.
ნუ დაგვავიწყდება, რომ "ცხინვალში", რბილად რომ ვთქვათ, მძიმე ფინანსური მდგომარეობაა და მართლაც მისასალმებელია, გუნდი ასეთ ვითარებაში განუხრელად რომ ახერხებს "სამართლიანი თამაშის პრინციპების" დაცვას.
აუცილებლად უნდა შევაქოთ "საბურთალო". მას შემდეგ, რაც გუნდი ესპანელმა პაბლო ფრანკო მარტინმა ჩაიბარა, ახალგაზრდულმა კრებულმა დამარცხების სიმწარე აღარ იცის. "საბურთალომ" საკუთარ თავს არ უღალატა ზუგდიდშიც, სადაც ქულები დააკარგვინა უმაღლესში ადგილის შესანარჩუნებლად გააფთრებით მებრძოლ მასპინძელს.
არ უნდა დაგვავიწყდეს "ტორპედოს" ჩაუქობაც. მას შემდეგ, რაც გუნდს ალექსანდრ შტელინი დაუბრუნდა, რიონისპირელებმა ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგეს. არადა, "ტორპედოს", ერთი შეხედვით, მოტივაცია საერთოდ აღარ შერჩა.
ზოგადად, ამ ტურში სტუმრებმა 5 შეხვედრა მოიგეს და ერთხელაც უნდა დავწეროთ, რომ რაიმეს წინასწარმეტყველება ძალიან გაჭირდა.
არ დაავიწყდებათ...
განვლილი ტური ნამდვილად არ დაავიწყდება რამდენიმე ფეხბურთელს. ასე მაგალითად, "გურიის" შემადგენლობაში გოლით გამოირჩა 26 წლის ირაკლი კვეკვესკირი, ვისთვისაც ეს პირველი წარმატება იყო საქართველოს ჩემპიონატში.ასევე პირველი გოლი გაიტანა ბათუმის "დინამოს" 19 წლის მოიერიშე ბექა ჭკუასელმა. "ჩიხურას" 29 წლის მცველმა გიორგი რეხვიაშვილმა კი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გამოიჩინა თავი.
"ცხინვალის" შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა 25 წლის ვილი ისიანმა. ასევე პირველად შეაგდო "დილაში" 27 წლის ირაკლი ძარიამ.
გია ტუხაშვილი
ალეკო კაკაურიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"