ერთი ოთახის გაკეთება რა პრობლემაა?! - რატომ ვერ იღებს ლიცენზიას "ვიტ ჯორჯია"

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილება ცნობილია: ლიცენზიის მაძიებელი 20 კლუბის განაცხადის განხილვის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ლიცენზია პირველი ლიგის ვერც ერთმა წარმომადგენელმა ვერ მიიღო. კომისიამ უარით გაისტუმრა ცხინვალის "ლიახვი", თბილისის "ვიტ ჯორჯია", "გაგრა" და ზუგდიდის "ოდიში 1919". ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი მონაცემებით, წლეულს უმაღლეს ლიგაში პირველიდან ვერც ერთი კლუბი ვერ დაწინაურდება...

მაგრამ არსებობს ერთი "მაგრამ" - ლიცენზირებაზე კლუბებს აპელაციის ვადა 10 მაისამდე აქვთ, ლიცენზირების კომიტეტი კი საბოლოო გადაწყვეტილებას 31 მაისს მიიღებს.

შესაძლოა თუ არა, რომ ვითარება მანამდე შეიცვალოს?
მაგალითად, შევიტყვეთ, რომ ყველაზე ნაკლები დარღვევა თბილისის "ვიტ ჯორჯიას" აქვს, რომელიც პირველ ლიგაში მეორე ადგილზეა.

ამის შესახებ "ლელოს" "ვეტერინართა" მთავარი მწვრთნელი თენგიზ კობიაშვილი ელაპარაკა:

- "ვიტ ჯორჯიაში" ახალგაზრდა მწვრთნელები შევიკრიბეთ, გუნდის ყოფილი წევრები - მე, დათო დიღმელაშვილი და გია ბედიაშვილი, რომელიც მეკარეებს ავარჯიშებს. ისეთი შეკრული გუნდი ჩამოყალიბდა, ოჯახივით ვართ და წარმატებებსაც ამიტომ ვაღწევთ. ამ დროს ვიგებთ, რომ ლიცენზია ვერ მივიღეთ. ბიჭებს ხასიათი გაუფუჭდათ, გაურკვევლობაში ვართ.

მაგრამ "ვიტ ჯორჯიაზე" ლიცენზიის გაცემა მაინც რეალური მგონია.

- ამას რის საფუძველზე ამბობთ?
- ჩვენ ორი დარღვევა აღმოგვიჩინეს. პირველი უპრობლემოდ მოგვარდა - ერთი თვის ხელფასი დაგვიანდა, მაგრამ მალე გაგვისტუმრეს.

მეორე პრობლემა "მცხეთა პარკზე" მასაჟის ოთახის არარსებობა იყო. საქმე ისაა, რომ "მცხეთა პარკზე" ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩები უნდა გაიმართოს და მისი რეკონსტრუქცია სახელმწიფომ და სფფ-მ გადაწყვიტეს.

კლუბში ვიცოდით, რომ გასახდელებისა და სხვა დამხმარე ოთახების მოწესრიგება რეკონსტრუქციის პერიოდში იგეგმებოდა და ჩვენ ამიტომაც არ გავაკეთეთ...

მოკლედ, გაუგებრობა მოხდა, თორემ რა პრობლემაა? ჩვენი პრეზიდენტი გურამ რუხაძე ამბობს, რომ მასაჟის ოთახი ათ დღეში გაკეთდება. დარწმუნებული ვარ, ლიცენზირების კომიტეტი ამას გაითვალისწინებს. ხოლო, თუ პრობლემა ვერ მოგვარდება, სარეზერვო სარბიელად ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი შევიგულეთ.

- "ვიტ ჯორჯია" ქუთაისში გადავა?!
- ცხადია, მცხეთაში თამაში გვირჩევნია, მაგრამ პრობლემის მოგვარებამდე დროებით ასე მოვიქცევით.

ლიცენზირებაში სფფ-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის სიმკაცრე კარგად მესმის და მას თავადაც მივესალმები, ქართული სტადიონები ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოწესრიგდეს. მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ერთ ოთახს "ვიტ ჯორჯია" უპრობლემოდ გააკეთებს და აპელაციის შემდეგ ლიცენზიას მივიღებთ.

- ამის გამოსწორება ნამდვილად შესაძლებელია, მაგრამ "ვიტ ჯორჯიის" პრობლემა მაყურებელთა სიმწირეა...
- კლუბი რომ დაარსდა, მაშინ გამორჩეულად ბევრი გულშემატკივარი გვყავდა. გუნდი თუ გაძლიერდება და ძველ პოზიციებს დაიბრუნებს, ალბათ, მერე მაყურებელიც დაგვიბრუნდება. სხვათა შორის, ხალხი ნელ-ნელა უკვე მოგვიბრუნდა. ეტყობა, ირწმუნეს, რომ ძველმა ვიტჯორჯიელებმა გუნდის აღორძინება დავიწყეთ.

"ვიტ ჯორჯია" თავისი ისტორიით, ამჟამინდელი შემადგენლობით, ინფრასტრუქტურით უმაღლესში თამაშს იმსახურებს. გურამ რუხაძე კლუბს მე-20 საუკუნიდან მოყოლებული ინახავს. სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების შემდეგ "ვიტ ჯორჯიას" დაფინანსების მეტი სტიმული მიეცა და ჩემი გადასახედიდან, ესეც გასათვალისწინებელია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გულშემატკივარი თუ გინდათ ვიტ ჯორჯიას მაგივრად მცხეთა დაარქვით და მთელი მცხეთის რაიონი თქვენ გიგულშემატკივრებთ
mcxeta
21:17 10-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული