"ტორპედო", როგორც "ვიტესი"? კლუბის პრეზიდენტი ჟორდანიასა და შტელინზე

AutoSharing Option
მერაბ ჟორდანია ხან თბილისის "დინამოში" "დააბრუნეს", ხან ფეხბურთის ფედერაციაში, ახლა კი მას ქუთაისის "ტორპედო" "ჩააბარეს". თბილისის "დინამოს", სფფ-ისა და არნემის "ვიტესის" ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში შესაძლო საქმიანობაზე ათასგვარი ხმა ისმოდა და ისმის, მაგრამ ჯერ ერთი მათგანიც არ დადასტურებულა.

10 მაისსაც გავრცელდა ცნობა, თითქოს ქუთაისის "ტორპედოსა" და თერჯოლის "საპოვნელას" მატჩს ჟორდანიას წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც შემდეგ ქუთაისის მერ შოთა მურღულიასთან ერთად კლუბის ბაზა მოინახულეს.

არსებული ვერსია, რომ ქართული ფეხბურთის ყოფილი პირველი პირი ქუთაისური კლუბის შეძენითაა დაინტერესებული, თავად
ჟორდანიამ არ უარყო და შესაბამისი განცხადებაც გაავრცელა.

მაგრამ ამ განცხადებიდან ცოტა სხვაგვარი ვითარება გამოიკვეთა: ჟორდანია კი არ აპირებს კლუბის ყიდვას, არამედ ეძებს სპონსორს, რომელიც კლუბს იყიდის, მას კი კლუბის მმართველად დანიშნავს. ზუსტად ანალოგიური სქემა იყო "ვიტესშიც".

შესაძლო გარიგების თაობაზე ლანჩხუთის "გურიის" პოზიცია ჯერჯერობით უცნობია. ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტმა თემურ ჩეჩელაშვილმა "ლელოს" კითხვებს უპასუხა:

- მერაბ ჟორდანია ამბობს, რომ ქუთაისის "ტორპედოს" თაობაზე მოლაპარაკებები ჰქონდა...
- მე კლუბის პრეზიდენტი ვარ და თუ დამიჯერებთ, პირადად ამ საკითხზე სასაუბროდ ჟორდანიას არ შევხვედრივარ.

პრეზიდენტად თებერვალში დამნიშნეს და შესაძლოა, ეს მოლაპარაკება მანამდე იყო. როგორც ვიცი, ეს იყო მაშინ, როცა გუნდს გიორგი დარასელია ავარჯიშებდა.

- საერთოდ, მოლაპარაკება არც სხვა შესაძლო ინვესტორთან გაქვთ?
- ოფიციალური მოლაპარაკება არავისთან გვაქვს. პოტენციურ სპონსორთან კონსულტაციები კი მიმდინარეობს, მაგრამ წინასწარ ამაზე ლაპარაკი არ მსურს.

- ორი ტურიც და, ჩემპიონატი დასრულდება. ალექსანდრ შტელინი დარჩება მთავარ მწვრთნელად?
- ჯერ ვნახოთ, ჩემპიონატს როგორ დავასრულებთ. დარჩენილ ორ მატჩში 6 ქულის აღებას ვგეგმავთ.

- არაოფიციალურად, უკრაინელის შესაძლო შემცვლელთა გვარებიც დასახელდა...
- შტელინის შემცვლელის?

- დიახ, "ტორპედოს" ყოფილი ნახევარმცველის, კახა ჩხეტიანის კანდიდატურამ გაიჟღერა. ის ახლა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის ასისტენტია...
- ჩვენ მოლაპარაკება ნამდვილად არ გვქონია. დასრულდება სეზონი, გუნდის მომავალზე დავილაპარაკებთ და რაც "ტორპედოსთვის" უკეთესი იქნება, იმას გავაკეთებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
შენ ვინ დაგელაპარაკებოდა?ამ ხნის ასაკში სადმე მოსვლა შეიძლებოდა?ჩვენ გვჯერა ტორპედოს მომავლის,რადგან წელიწადნახევრის წინ დაჩოქილი ერთი ფეხბურთელით დარჩენილი გუნდი შედგა და რაგაც სახე მიიღო.ახალი სპონსორის სიჭკვიანე იქნება,ის ხალხი და ფეხბურთელები გვერდით დაიკენოს ვინც ეს სამუშაო გასწია.
levani
18:02 11-05-2016
0
ყველა როგორ მართავს პოტენციურ სპონსორთან მოლაპარაკებებს:))) ბოლო ისევ გამგეობის ხარჯზე რო არიან
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული