სწორედ ამ ტურის შედეგების მიხედვით გაირკვა, რომ "სამტრედია" და "დილა" ამ ზაფხულს ევროპალიგაზე იასპარეზებენ, ხოლო ვაკანტურ მე-4 ადგილთან დაკავშირებითაც უცვლელი დარჩა სიტუაცია და გასავარდნ ზონაშიც - არც "ჩიხურასა" და "სიონს" შორის შეცვლილა ქულათა სხვაობა და არც
ერთი შეხედვით, უმაღლესი ლიგის დატოვების საფრთხე "გურიასა" და "ლოკომოტივსაც" ემუქრებათ, მაგრამ მაინც გვგონია, რომ ეს გუნდები შეძლებენ და დარჩენილ ორ ტურში ორ-ორ ქულას მოიპოვებენ (ეგ კი არა, შესაძლოა, თითო-თითოც ეყოთ..).
თუმცა, ყველა შესაძლო ვარიანტზე სხვა დროს ვისაუბროთ, მანამდე კი გასული ტურის გამორჩეული ფაქტები თუ მოვლენები გავიხსენოთ.
სარეკორდო შედეგიანობა
არავის უნდა უკვირდეს, ჩემპიონატის ფინიშის მოახლოებასთან ერთად საყაიმო ანგარიშების ნაკლებობა რომ შეიმჩნევა. ასე მოხდა ამ ტურშიც, როცა მხოლოდ ერთი ფრე დაფიქსირდა (თანაც, ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრაში) და ამ შემთხვევაში ეს ანგარიში მასპინძელთათვის მისაღები უნდა ყოფილიყო: "ჩიხურამ" კვლავაც შეინარჩუნა ოთხქულიანი უპირატესობა "სიონთან" და სოსო ფრუიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე საჩხერელთა გუნდს დარჩენილ ორ ტურში 3 ქულაც სჭირდება ევროტურნირებზე დასაბრუნებლად და თასის ფინალში... თბილისის "დინამოს" გამარჯვებაც! თუმცა, გასულ ტურში ფრეების ნაკლებობაზე მეტად სხვა ფაქტ(ებ)ი იყო აღსანიშნავი თუ გამოსარჩევი: რვა მატჩში 26 გოლი გავიდა, რაც საუკეთესო შედეგია მეორე წრეში.
ამას გარდა, როგორც იქნა, ნავსი გატყდა და ასე ნანატრი ჰეთ თრიკიც ვიხილეთ, თანაც, ერთდროულად - ორი!..
ახალი ბომბარდირი
თბილისის "დინამომ" თავისი XVI ჩემპიონობა სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე გაინაღდა, ამ გუნდის ცენტრფორვარდ გიორგი ქვილითაიას კი გუნდურთან ერთად, ინდივიდუალური ტიტული ახლავე შეიძლება რომ მივულოცოთ! 22 წლის გიორგი ქვილითაიამ "გურიასთან" მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა და საუკეთესო ბომბარდირთა დავაში უახლოეს კონკურენტს 6 გოლით უსწრებს.
ჩემპიონატი ჯერ არ დამთავრებულა და გიორგი ქვილითაიას უკვე 23 გოლი აქვს გატანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო წლების საუკეთესო შედეგის გაუმჯობესების შანსიც არსებობს. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგი კი ასევე თბილისის "დინამოს" თავდამსხმელს, ლევან მელქაძეს ჰქონდა, რომელმაც 2004/05 წლების სეზონში 27 გოლი გაიტანა.
თუმცა, საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში სამი ისეთი გამორჩეული მეგოლე გვყავდა, რომელთა შედეგების გამეორებასაც, ალბათ, ვერავინ შეძლებს: მერაბ მეგრელაძეს, ოთარ კორღალიძესა და ზვიად ენდელაძეს ხომ სეზონში 40-41 გოლი გაჰქონდათ...
ისევ გიორგი ქვილითაიაზე გვინდა ვთქვათ, რომელმაც ამ სეზონში უკვე მეორე ჰეთ-თრიკი შეასრულა და ამ მაჩვენებლითაც უკონკურენტოა!
მონატრებული ჰეთ-თრიკი
თითქმის ორი თვის წინ იყო, "საბურთალოს" 19 წლის კაპიტანმა გიორგი ხარაიშვილმა "გურიასთან" საშინაო მატჩში ჰეთ-თრიკი რომ შეასრულა. აღსანიშნავია, რომ მეორე წრეში არც მანამდე და არც მერე მსგავსი შედეგი ვერავინ უჩვენა და აი, ერთდროულად ორი ჰეთ-თრიკიც: გიორგი ქვილითაიას გარდა, ამ ტურში სამი გოლის გატანა "ზუგდიდის" 21 წლის ფლანგის შემტევმა გურამ სამუშიამაც შეძლო, თანაც - როგორი მნიშვნელობის მატჩში!
მოგეხსენებათ, რომ "ზუგდიდი" და "მერანი" უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძვიან და მათ შორის დაპირისპირებაც ექვსი კი არა, ბევრად "მეტქულიანიც" იყო. ჰოდა, აი, ასეთი თამაშის ბედი გადაწყვიტა გურამ სამუშიამ, რომელსაც აქამდე ჰეთ-თრიკი კი არა, დუბლიც არ ჰქონდა შესრულებული უმაღლეს ლიგაში.
აქვე, იმასაც დავძენთ, რომ "ზუგდიდის" მოგება იმითაც არის ფასეული, რომ "მერანთან" ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვს (0:0, 3:0). თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირველესი პრიორიტეტი ხომ ურთიერთშეხვედრებია...
დუბლიც ორია!
ჰეთ-თრიკებით თუ არა ვართ განებივრებულნი, აი, დუბლი ნამდვილად აღარ გვიკვირს, თუმცა ამ ტურში ისეთი ამპლუის ფეხბურთელებმა შეძლეს ორი გოლის გატანა, გამოკვეთილი ცენტრფორვარდები რომ არ არიან. აი, თუნდაც, "სამტრედიის" გამოცდილი შუახაზელი, 31 წლის გიორგი დათუნაიშვილი, რომლის "დუბლმაც" საბოლოოდ გადაწყვიტა ამ იმერული კლუბის საევროპე მიზნების შესრულება! აღსანიშნავია, რომ ამპლუით საყრდენ ნახევარმცველს გიორგი დათუნაიშვილს ამ ტურამდე "დუბლი" უკანასკნელად 4 წლის წინათ ჰქონდა შესრულებული...
გიორგი დათუნაიშვილი "სამტრედიის" ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია, ისე, როგორც "ცხინვალშია" გიორგი ივანიშვილი. ამ უნივერსალმა გარემარბმა გამორჩეული მატჩი ჩაატარა "შუქურას" წინააღმდეგ და უმაღლეს ლიგაში თავისი პირველი დუბლიც შეასრულა.
პენალტებმაც იმატა...
სეზონის დასრულებასთან ერთად დაძაბულობაც რომ მატულობს, არახალი ამბავია, მაგრამ ამ ბოლო დროს პენალტების რიცხვმაც მოიმატა და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ამ ტურში დანიშნული თითქმის ყველა პენალტი ზუსტად იქნა შესრულებული. აი, ისინიც, პენალტის ნიშნულიდან რომ შეძლეს გოლის გატანა: გიორგი ქვილითაია ("დინამო", თბ), გურამ სამუშია ("ზუგდიდი"), გიორგი კახელიშვილი ("გურია"). ისე, რახან პენალტები ვახსენეთ, საერთოდ, სტანდარტული მდგომარეობების შესრულების მაღალპროცენტულ მაჩვენებელზეც უნდა ვთქვათ.
თუნდაც, "ტორპედო"-"საპოვნელას" მატჩი ავიღოთ, სადაც მასპინძელთა ცენტრალურმა მცველებმა გიორგი ნერგაძემ და ბაქარ მირცხულავამ ერთიმეორეზე ეფექტური გოლები გაიტანეს თავური დარტყმებით და ორივეჯერ ჩინებულ გადაცემებს ირაკლი კლიმიაშვილი ასრულებდა.
აღსანიშნავია, რომ 23 წლის ბაქარ მირცხულავამ ამ სეზონში პირველი გოლი გაიტანა, 33 წლის გიორგი ნერგაძეს კი საქართველოს ჩემპიონატში უკანასკნელად 7 წლის წინათ ჰქონდა გოლი გატანილი - მერე ხომ სამხრეთ აფრიკაში ასპარეზობდა...
...სტანდარტული მდგომარეობის კიდევ ერთ უბადლო შემსრულებელზეც უნდა ვთქვათ - ოთარ მარცვალაძისგან ეფექტურ გოლებს მიჩვეულები ვართ და გამოცდილმა ფორვარდმა ამ ტურშიც დაამტკიცა თავის მაღალი კლასი, როცა "საბურთალოსთან" მატჩში ჩინებულად შეასრულა საჯარიმო დარტყმა.
არანაკლებ ლამაზი გოლი გაიტანა თბილისის "დინამოს" კარში გიორგი ალავერდაშვილმაც - ლანჩხუთელთა გუნდის 28 წლის შემტევმა ნახევარმცველმა შორი მანძილიდან ბურთი მეტოქის კარის "ცხრიანში" გაგზავნა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"