სიონი-დინამო (თბ) 1:2 - ბრძოლა მინდორზე, შფოთი ტრიბუნებზე... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 მაისს, ქუთაისში, სწორედ ეს გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს საქართველოს თასის გათამაშების ფინალურ მატჩში. ასე რომ, ბოლნისური შეხვედრა სეზონის უმთავრესი მატჩის გენერალური რეპეტიცია იყო...

დისკვალიფიცირებულ ფეხბურთელებს რომ თავი დავანებოთ, ორივე გუნდის სამწვრთნელო შტაბმა არაერთი მოთამაშის დასვენების გადაწყვეტილება მიიღო. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ფინალის ფასი ძალიან დიდია. ის კი არა, "დინამოს" სამწვრთნელო შტაბიც არ იყო სრული შემადგენლობით. წინა ტურში, "გურიასთან" შეხვედრაში მიღებული წითელი ბარათის გამო იურაი იარაბეკი თამაშს ტრიბუნიდან უცქერდა...

შეხვედრა ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო, რასაც თან დაერთო გულშემატკივართა ენერგიული შეძახილები. პირველი სახიფათო
მომენტები კი "დინამომ" შექმნა და ორივე - ერთ შეტევაში.

მიმდინარე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირ გიორგი ქვილითაიას ორჯერ ჰქონდა ანგარიშის გახსნის შანსი. პირველად მისი დარტყმული სოსლან ნანიევმა არანორმალური რეაქციით მოიგერია. მეკარეს კარის ძელიც წაეხმარა. გადმოვარდნილ ბურთზე ისევ ქვილითაიამ დაარტყა. გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ამჯერადაც ნანიევმა ივარგა.

გავიდა სულ ცოტა ხანი და მოვლენათა ეპიცენტრში ისევ "სიონის" კარის დარაჯი მოექცა. მან შეტევაში ჩართულ დინამოელ მცველს - ზაზა ჭელიძეს არ გაატანინა. ბოლნისელთა მეკარე "ამბრაზურასავით" გადაეფარა ჭელიძის მიერ დარტყმულ ბურთს.

"დინამომ" ანგარიში 41-ე წუთზე გახსნა. უჩა ლობჟანიძის ჩაწოდების შემდეგ ბურთი გიორგი გაფრინდაშვილს შეეხო, საბა ლობჟანიძემ კი მეურვე დაჩი ფოფხაძეს დაასწრო და ნანიევს შანსი აღარ დაუტოვა. ასე დაწინაურდა "დინამო".

"დინამოს" ორ გოლს შორის ხიფათი "სიონმაც" შექმნა. ლაშა მანაგაძემ, მთელი შეხვედრის განმავლობაში აქტიური რომ იყო, მოწინააღმდეგეს ბურთი მოპარა და ფლანგზე კობა შალამბერიძეს გააყოლა, რომელმაც ისევ მანაგაძისთვის სცადა დაბრუნება, თუმცა ამ დროს საქმეში გამოცდილი უჩა ლობჟანიძე ჩაერთო და ხიფათი განმუხტა.

"დინამომ" ტაიმის დასრულებამდე კიდევ ერთხელ შეაგდო. დებიუტანტი ლაშა ჯინჭარაშვილის შეცდომის შემდეგ ქვილითაიამ ფოფხაძეს დაასწრო და ნანიევთან პირისპირ გასულმა მშვიდად აიღო მისი კარი.

შეხვედრის ბედი თითქოს გადაწყვეტილი ჩანდა, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე "სიონმა" გაიბრძოლა. აქტიურმა მანაგაძემ ბურთს მახვილი კუთხიდან მიუსწრო და კარისკენაც გაგზავნა, თუმცა ის ბადეს გარედან მოხვდა.

მალევე დაჩი ფოფხაძე ჩაერთო შეტევაში, ლაშა გვალიას მიერ შესრულებული კუთხურის შემდეგ მძლავრი თავურიც დაარტყა, ოღონდ - არაზუსტად.

მერე გიორგი ქვილითაიას შეექმნა დიდებული მომენტი. ის პირისპირ დარჩა ნანიევთან და თითქოს უნდა გაეტანა კიდეც, მაგრამ სოსლანმა ერთხელაც ივარგა, მოძრაობაზე არ აჰყვა შემტევს და თავისიანები აშკარა გოლისგან გადაარჩინა.

"სიონმა" პრესტიჟის გოლი თამაშის ბოლო, დამატებულ წუთზე გაიტანა. უმაღლეს ლიგაში პირველი მატჩის ჩამტარებელმა მინდია შკუბულიანმა ახლო მანძილიდან გამოზომილი დარტყმით დალაშქრა ლიბორ ჰრდლიჩკას კარი.

* * *
ცალკე უნდა ვთქვათ იმ მოვლენების შესახებ, რომელიც სტადიონის ტრიბუნებზე განვითარდა. ორივე გუნდის ქომაგებს შორის ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეხლა-შემოხლას და თამაშზე მობილიზებულ დაცვის სამსახურსა თუ სამართალდამცველებს დიდი ჯაფა დაადგათ საიმისოდ, რომ საქმე ხელჩართულ ჩხუბამდე არ მისულიყო.

საბოლოოდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ "სიონის" გენერალურ დირექტორს, ლადო ბურდულს:

"თავად ნახეთ ყველაფერი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გულშემატკივრებს შორის არ ყოფილა უშუალო კონტაქტი. ამის გამო დაცვის სამსახურს დიდ მადლობას ვუხდი".

ჩვენი მხრივ კი, დიდი იმედი გვაქვს, რომ ქუთაისში სიტუაცია არ დაიძაბება და ორივე გუნდის ქომაგი მინდორზე მხოლოდ იმიტომ მივა, რომ საყვარელ გუნდს დაუჭიროს მხარი.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIX ტური
14.05. ბოლნისი. "თამაზ სტეფანია"
სიონი-დინამო (თბ) 1:2
გოლები: 0:1 ს. ლობჟანიძე (41), 0:2 ქვილითაია (44), 1:2 შკუბულიანი (90)
სიონი: ნანიევი, დ. ფოფხაძე, სვანიძე, გაფრინდაშვილი, გიორბელიძე, ლ. ჯინჭარაშვილი, შალამბერიძე (72. ტატანაშვილი), საჯაია (66. შკუბულიანი), გვალია, მანაგაძე, ვიეირა მედინა.
სათადარიგოები: მერლანი, რაზმაძე, ბეჟუაშვილი, ამაღლობელი, უგრეხელიძე
მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
დინამო: ჰრდლიჩკა, უ. ლობჟანიძე, ზ. ჭელიძე, გურული, თევზაძე, მიკელ ალვარო, ს. ლობჟანიძე, ჯიღაური, ჯანელიძე (56. ჭანტურიშვილი), კიტეიშვილი (68. პარუნაშვილი), ქვილითაია (76. ლილუაშვილი).
სათადარიგოები: ბეგაშვილი, მიქელთაძე, რენე ფერეირა, ზარია
მწვრთნელი: ბრანისლავ გრაზი
არბიტრი: გ. დოგრაშვილი.

ბომბარდირები
გ. ქვილითაია (დინამო, თბ) 24
ო. მარცვალაძე (დილა) 17
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 16
ჯ. ჯიღაური (დინამო, თბ) 13
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 13
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13

ბოლო ტური
22 მაისი, კვირა
ტორპედო-საბურთალო
დილა-ზუგდიდი
დინამო (ბთ)-მერანი
სამტრედია-სიონი
დინამო (თბ)-შუქურა
კოლხეთი -გურია
ცხინვალი-ლოკომოტივი
ჩიხურა-საპოვნელა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული