ზუგდიდი-კოლხეთი 2:1 - ბეწვის ხიდი ჯერ კიდევ გასავლელია

AutoSharing Option
ჩემპიონატის ფინიშზე გასავარდნ ზონაში ვითარება ძალიან დაიძაბა. მოვლენები ისე განვითარდა, რომ ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება. "ზუგდიდმა" "კოლხეთთან" სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ მოგებით გამოწვეული სიხარული ზუგდიდელებს პარალელური თამაშებიდან მიღებულმა ცნობებმა გაუუფერულა - თავიანთი მატჩები კონკურენტებმაც, "მერანმა" და "საპოვნელამაც" მოიგეს...

მოკლედ, ვინ გადალახავს ბეწვის ხიდს და ვინ ვერა, ეს მხოლოდ მომდევნო უქმეებზე გაირკვევა.

სანამ უშუალოდ მატჩის შესახებ ვისაუბრებდეთ, ზედა ეწერის სტადიონზეც უნდა ვთქვათ. მესტიის გზაზე მდებარე პატარა სოფლის არენა, ერთი მხრიდან დათოვლილი მთების პეიზაჟი რომ ამშვენებს, საკმაოდ კოხტა საბურთაო ადგილია. ორიოდე
თვის წინ, როცა "ზუგდიდმა" აქ პირველი თამაში გამართა, მოედნის საფარი არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში იყო, მაგრამ კლუბის მესვეურებისა და ფეხბურთის ფედერაციის ძალისხმევით, მინდორი მოწესრიგდა და ამჟამად საკმაოდ კარგად გამოიყურება.

ყოველ შემთხვევაში, წინა დღით მოსული კოკისპირული წვიმის მიუხედავად, "ზუგდიდისა" და "კოლხეთის" პრინციპულ დაპირისპირებას ზედა ეწერის არენა სრულ მზადყოფნაში დახვდა...

სავსე ტრიბუნების ფონზე გამართული შეხვედრა ძალიან დაძაბული და ნერვული გამოდგა, რასაც დიდწილად სტუმართა სწრაფმა გოლმაც შეუწყო ხელი. ზურაბ თევზაძემ გრძელი გადაცემით ვლადიმერ კოროპკა გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, რომელმაც მასპინძელთა დაცვის ჩავარდნით ისარგებლა და "კოლხეთი" დააწინაურა.

გაშვებული გოლის შემდეგ, გარკვეული პერიოდი, ზუგდიდელები გონს ვერ მოეგნენ, შეტევაში ხშირად კარგავდნენ ბურთს და სტუმრებს სწრაფი კონტრშეტევების წამოწყების საშუალებას აძლევდნენ.

კოლხებს მალე ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ - კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს კოროპკა თავით გზავნიდა კარში, მაგრამ ამჯერად მეკარე თორნიკე ზარქუა აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე.

საწყისი მღელვარების შემდეგ ზუგდიდელებმა თამაშის დალაგება მოახერხეს და რამდენიმე სახიფათო იერიშიც განახორციელეს. განსაკუთრებით, გურამ და ცოტნე სამუშიები აქტიურობდნენ. პირველის მიერ ძლიერად დარტყმული ბურთი ლაშა ძაგანიამ მოიგერია, ცოტნემ კი ოთარ ჯავაშვილის საჯარიმოს თავური დარტყმა მიაყოლა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა.

ცოტა ხანში საჯარიმოს მისადგომებიდან ძალზე სახიფათოდ დააქუხა შეტევაში ჩართულმა რაფაელ ჩუკურამ, მაგრამ ბურთი სამიზნეს ოდნავ ასცდა. შემდეგ ისევ გურამ სამუშიას მიეცა გატანის შანსი, მაგრამ კვლავ დამაჯერებლად ითამაშა ძაგანიამ, რომელმაც ბურთი ნახტომში მოიგერია.

31-ე წუთზე ზუგდიდელებს აშკარად არ გაუმართლათ - ჯავაშვილის მიერ კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს მალხაზ გაგოშიძე თავით გზავნიდა კარში, მაგრამ ფოთელები გოლისგან ძელმა იხსნა.

ამასობაში, შეტევებით გართულ მასპინძლებს ზღვისპირელთა მწვავე კონტრშეტევა გამოეპარათ. ზუგდიდელთა დაცვა ისევ ჩავარდა, დათა სიჭინავამ კი, რომელიც სტუმართა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, კოროპკა გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ უკრაინელ ლეგიონერს ამჯერად ზარქუამ აჯობა და საკუთარ გუნდს უსიამოვნება ააცილა.

მეორე ნახევარი მასპინძელთა შეტევით განახლდა. კვლავ აქტიური იყო გურამ სამუშია, რომლის დარტყმულს მცველები გადაეღობნენ. ფოთელები მეტოქეს სწრაფი კონტრშეტევებით პასუხობდნენ. შეცვლაზე შესულ ლევან კაკულიას გოლის გატანაც მართებდა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან მიზანი ვერ გაისწორა.

მალე სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ - ცოტნე სამუშია, რომელიც მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, გიორგი ლემონჯავამ აშკარად წესების დარღვევით შეაჩერა და არბიტრ ლაშა სილაგავასგან წითელი ბარათით დაისაჯა.

ზუგდიდელებმა 10 კაცით დარჩენილ "კოლხეთს" მთელი ძალებით შეუტიეს და მალე საწადელსაც მიაღწიეს - ჯავაშვილის ფლანგური გადაცემისა და გურამ სამუშიას შეუჩერებელი დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა და ფოთელთა კარის ბადეში აღმოჩნდა.

გოლმა მასპინძლებზე დადებითად იმოქმედა. მათ მთელი ძალებით შეუტიეს და გოლსაც ამწიფებდნენ, მაგრამ ზურგი ისე მოაშიშვლეს, ერთი-ორჯერ, სტუმართა მწვავე კონტრშეტევებისას, კინაღამ დაისაჯნენ.

საბოლოოდ, მასპინძლებს ვა-ბანკზე წასვლამ გაუმართლათ - ფოთელებმა საკუთარ საჯარიმოში გურამ სამუშია წესების დარღვევით შეაჩერეს. პენალტი თავად დაზარალებულმა შეასრულა, დუბლიც გაიფორმა (გასულ ტურში "მერანთან" სულაც ჰეთ-თრიკი შეასრულა) და საკუთარ გუნდს ზედიზედ მეორე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოაპოვებინა.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIX ტური
14.05. ზედა ეწერი
ზუგდიდი-კოლხეთი 2:1
გოლები: 0:1 კოროპკა (5. თევზაძის პასით), 1:1 გ. სამუშია (63. ჯავაშვილის პასით), 2:1 გ. სამუშია (74-პენ)
ზუგდიდი: ზარქუა, ქანთარია, ჩუკურა, გაგოშიძე (69. მალანია), ჯავაშვილი, ტყემალაძე, სიხარულია, ჩანადირი (46. თუთბერიძე), გ. სამუშია, ც. სამუშია, ქირია (86. ფიფია).
სათადარიგო: ჯომიდავა, მიქაძე, შეველი, კაკაჩია
მწვრთნელი: ლევან მიქაძე
კოლხეთი: ძაგანია, კილასონია, თევზაძე, ჩაკვეტაძე, ლემონჯავა, გიგაური, კორობკა, სიჭინავა, გურეშიძე (56. პოლულიახი), ქებურია, ნიქაბაძე (24. კვარაცხელია/46. ლ. კაკულია).
სათადარიგო: ხოფერია, თუხარელი, ტუღუში, თ. კაკულია
მწვრთნელი: გელა სანაია
გაფრთხილება: სიჭინავა (63), პოლულიახი (64), ქირია (74), ჩაკვეტაძე (77)
გაძევება: ლემონჯავა (54)
არბიტრი: ლ. სილაგავა.

ბომბარდირები
გ. ქვილითაია (დინამო, თბ) 24
ო. მარცვალაძე (დილა) 17
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 16
ჯ. ჯიღაური (დინამო, თბ) 13
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 13
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13.

ბოლო ტური
22 მაისი, კვირა
ტორპედო-საბურთალო
დილა-ზუგდიდი
დინამო (ბთ)-მერანი
სამტრედია-სიონი
დინამო (თბ)-შუქურა
კოლხეთი -გურია
ცხინვალი-ლოკომოტივი
ჩიხურა-საპოვნელა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ნუ აგვატირე რაა, ისე გამოვიდა, რომ მარტო ,,საპოვნელა" დაჩაგრულა ამ ჩემპიონატში (სარკაზმი არ გაგიტყდეს, გიცნობ ვინც ხარ და პატივს გცემ)
თუ გინდა სიმართლე, თქვენ არასწორმა მენეჯმენტმა მიგიყვანათ აქამდე, ზამთარში ბევრი დახარჯეთ და მხოლოდ სახელი და გვარები შეიძინეთ, უმეტესობა მოტივაცია დაკარგული ფეხბურთელი. ამ ტანხაში გაცილებით ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება შეიძლებოდა.
irakli apkhaidze-s
17:06 16-05-2016
0
ირაკლებო (თუ ვინც ხართ) მოდი რა თქვენ მაინც შეეშვით საპოვნელას, წელს ვისაც არ შეეზარა ყველამ უნამუსოდ გადაუარა გუნდს (მსაჯებმა, კონკურენტებმა, სადისციპლინომ)...
ორივეს ჯარიმებიო რომ ამბობთ ცხინვალთან ჩვენ სტუმრებს გამოგვიწერეს 5000 ლარი და მასპინძლებს 1500, ისიც შეკამათებაზე, არც არავის უჩხუბია იქ. მერე დინამოსთან რამდენი წუთი დაამატა მსაჯმა და 2 პენალტით ქულა ამოგვაცალა, ზუგდიდთან ხო საერთოდ, ლამის სისხლის სამართლის ტოლფასი დანაშაული ჩაიდინეს მსაჯებმა, ახლა ზუგდიდის ადგილზე ჩვენ უნდა ვიყოთ მარტო იმ თამაშიდან გამომდინარე (სხვებს რომ თავი დავანებოთ) და რა მივიღეთ ბოლოს - უმაყურებლო თამაში სეზონის ბოლომდე, როცა გუნდი ისედაც სხვა ქალაქში თამაშობს...
ჩვენთვის არავის არაფერი მოუცია, იქეთ წაგვართვეს ბევრჯერ არასწორად. მაგ ლოგიკით ტორპედოს უნდა მოეცა თურმე კიდე წინა ტურში და მოგვცა 4 გოლი ჩვენ კარში...
საჩხერეს რაც შეეხება წელს 3-ჯერ შევხვდით და 2-ჯერ 2-0 წავაგეთ და ერთხელ ფრე ვითამაშეთ თასზე (საიდანაც გამოვვარდით).
და მარტვილია საწყალი? რამდენი წუთი დაუმატა მსაჯმა ნახე?
მოკლედ ენას ძვალი არა აქვს... ნუ გადგათ ეს ,,საპოვნელა" გულზე ყველას...
Irakli apkhaidze
16:06 16-05-2016
0

სიახლეები პოპულარული