უმაღლესი ლიგის XXIX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურმა ბევრი სიცხადე ვერ შეიტანა სატურნირო ცხრილში და, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაფერი პირველობის უკანასკნელ დღეს გადაწყდება.

გასარკვევი მხოლოდ ისაა, თუ რომელი ორი გუნდი დატოვებს უმაღლეს ლიგას. ბოლოსწინა ტურამდე ამის საფრთხე ჰქონდა ხუთ გუნდს და ასეთივე სიტუაციაა ბოლო ტურის წინაც. ამ ხუთეულიდან ყველაზე ნაკლები შანსი "საპოვნელას" აქვს, რადგან თერჯოლელებმა რომც მოიგონ, მაინც მეტოქეთა წარუმატებლობის იმედად რჩებიან...

თუმცა, გასავარდნ ზონაში ძალიან ბევრი ვარიანტი შეიძლება გათამაშდეს და ამ ყველაფერზე ბოლო ტურის წინ ვისაუბრებთ.

სამწუხარო რეალობა
რაც შეეხება ამ ტურის წინ კიდევ ერთ
შემორჩენილ ინტრიგას, ამ შემთხვევაში უჩვეულო თუ მოულოდნელი არაფერი მომხდარა: "ჩიხურამ" 3 ქულა მოიპოვა და "სიონისთვის" მიუწვდომელი გახდა. ეგ კი არა, მოვლენების ასეთ განვითარებას, ალბათ, ბოლნისელებიც ელოდნენ და თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ ექსპერიმენტული შემადგენლობით ითამაშეს.

არადა, ეს ხომ თასის ფინალისწინა რეპეტიცია უნდა ყოფილიყო, იმ ფინალის, ხვალ რომ უნდა გაიმართოს და სადაც ევროპალიგაზე საქართველოს მესამე წარმომადგენლის ვინაობა უნდა გაირკვეს: თუ ფინალში "დინამო" გაიმარჯვებს, ევროტურნირების საგზურს მეოთხეადგილოსანი "ჩიხურა" მიიღებს, ხოლო თუ "სიონი" მოიგებს, ერთწლიანი პაუზის შემდეგ ევროპალიგაზე იასპარეზებს.

ბოლოსწინა ტური, მოლოდინისამებრ, უხვგოლიანი გამოდგა. ასევე, არავის უნდა გაჰკვირვებოდა ის ფაქტ(ებ)იც, როცა ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდები მეტად საჭირო ქულებს აიღებდნენ, ისე, როგორც არავის უნდა გაჰკვირვებოდა იმ გუნდების დამარცხება, ჩემპიონატში აღარანაირი მოტივაცია რომ აღარ დარჩათ.

სამწუხარო რეალობასაც მივადექით, ოღონდ არც ის დაგვავიწყდეს, რომ ასეთი უცნაური სცენარები ჩვენი ჩემპიონატის ისტორიაში ყოველთვის იყო და ბოლო ტურებში ზოგიერთი გუნდის გააქტიურებაც ამიტომ არ გვიკვირს. იმედი დავიტოვოთ, რომ მომდევნო სეზონიდან მოყოლებული, ასეთი უმოტივაციო თუ უცნაური მატჩები იშვიათობა იქნება და წესით, ასეც უნდა მოხდეს - ამას უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის შემცირებაც შეუწყობს ხელს და ის სიახლეც, რომ ყველა ადგილი თუ ქულა გარკვეული ფინანსური სარგებლის მომტანი იქნება თითოეული გუნდისთვის...

სამართლიანი თამაშის პრინციპები

საბედნიეროდ, მიმდინარე სეზონში ერთდროულად რამდენიმე გუნდი იცავდა და იცავს "სამართლიანი თამაშის" პრინციპებს. ისე, მართლაც ძნელია, მაქსიმალური მობილიზებით თამაში მოსთხოვო იმ გუნდებს, რომელთათვისაც ჩემპიონატის დარჩენილ მატჩებს არანაირი აზრი აღარ აქვს.

ადრეც სიამოვნებით აღვნიშნავდით "ცხინვალის", "ტორპედოს" თუ "საბურთალოს" მიერ "ფეარ პლეის" პრინციპების დაცვას და სასიამოვნოა, რომ ეს ტენდენცია ბოლოსწინა ტურშიც გაგრძელდა.

აი, თუნდაც "ტორპედოს" მაგალითი ავიღოთ: ალექსანდრ შტელინის გუნდს დიდი ხანია დაკარგული უნდა ჰქონდეს სატურნირო მოტივაცია, მაგრამ ქუთაისელები ბოლომდე იცავენ სამართლიანი თამაშის პრინციპებს და ამჯერადაც მოიგეს ისეთი მატჩი, სადაც ქულები მეტოქეს ("ლოკომოტივი") მართლაც რომ ძალიან სჭირდებოდა.

იგივე უნდა ვთქვათ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ "სამტრედიაზე". გია ცეცაძის შეგირდებისთვის, ერთი შეხედვით, სეზონი უკვე მორჩენილი უნდა იყოს (მეორე ადგილი და ევროტურნირებზე ასპარეზობა განაღდებული აქვთ), მაგრამ "სამტრედია" თამაშს თამაშზე იგებს!

ამ ტურშიც იმერლებმა ძველ და პრინციპულ მეტოქე "გურიას" მოუგეს სტუმრად, იმ "გურიას", უმაღლეს ლიგაში დარჩენა ჯერაც რომ არ გაუნაღდებია.

მივულოცოთ ახალ ბომბარდირს!
ფაქტობრივად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ 2015/16 წლების სეზონის საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი თბილისის "დინამოს" ცენტრფორვარდი გიორგი ქვილითაია იქნება!

22 წლის ქვილითაიამ ბოლნისურ მატჩში მორიგი გოლი გაიტანა და ბოლო ტურის წინ უახლოეს მდევარ ოთარ მარცვალაძეს 7 ბურთით უსწრებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონატში ამდენი (24) გოლი ბოლო 10 წლის განმავლობაში არავის გაუტანია, თან წინ კიდევ ერთი ტურია...

ბომბარდირებზე ვსაუბრობთ და კიდევ ერთი ფეხბურთელი გვინდა ვახსენოთ, რომლის შესაშურმა შედეგიანობამაც "ზუგდიდს" ბოლო ორ ტურში 6 ქულა მოუტანა. 21 წლის გურამ სამუშიაზე მოგახსენებთ, წინა ტურში ჰეთ-თრიკი რომ შეასრულა, ახლა კი დუბლით გამოიჩინა თავი.

სადებიუტო მატჩები, გოლები...
ფინიშის მოახლოებასთან ერთად, მატულობს იმ ახალგაზრდა ფეხბურთელთა რიცხვიც, უმაღლეს ლიგაში სადებიუტო მატჩებს რომ ატარებენ. ასე მოხდა ამ ტურშიც, როცა ალეკო გამცემლიძემ ("დილა"), ენვერ ლილუაშვილმა (თბილისის "დინამო"), ლაშა ჯინჭარაშვილმა და მინდია შკუბულიანმა (ორივე - "სიონი") პირველი მატჩები გამართეს უმაღლეს ლიგაში. ამათგან განსაკუთრებული დებიუტი გამოუვიდა "სიონის" 19 წლის შემტევ შკუბულიანს, რომელიც თბილისის "დინამოსთან" მატჩში შეცვლაზე შევიდა და თამაშის მიწურულს გოლიც გაიტანა!

უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლს ვულოცავთ "საპოვნელას" გარემარბ გიორგი ბიბილეიშვილს, რომელიც მძიმე ტრავმით გამოწვეული 2-წლიანი პაუზის შემდეგ მხოლოდ წინა თვეში დაუბრუნდა მოედანს და აგერ, თავისი სადებიუტო გოლით "საპოვნელას" უმაღლეს ლიგაში დასარჩენად შანსიც დაუტოვა.

ამ ტურში კიდევ ერთმა ფეხბურთელმა შეძლო უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლის გატანა - "დილას" 22 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა გუგა ფალავანდიშვილმა.

სხვა ფაქტები, მოვლენები...
ფინიშის მოახლოებასთან ერთად მომატებული დაძაბულობითა და ემოციებით უნდა აიხსნას ბოლო ტურებში მომრავლებული გაძევებები თუ პენალტები(?!). ბოლოსწინა ტურშიც არბიტრებს ორი ფეხბურთელის (გიორგი ლემონჯავა, პატერსონი) გაძევება მოუხდათ, პენალტის ნიშნულისკენ კი მსაჯებმა ხუთჯერ გაიშვირეს ხელი და ხუთივე დარტყმა ზუსტი გამოდგა.

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ გიორგი ბუხაიძემ ("საპოვნელა") და გიორგი კუხიანიძემ ("ტორპედო") 11-მეტრიანები ეფექტურად (როგორც ვამბობთ ხოლმე - ანდრეა პირლოს სტილში) შეასრულეს...

ეფექტური გოლების თემას ვაგრძელებთ ბექა ტუღუშის ჩინებული "გასროლით". საერთოდაც, 27 წლის ტუღუშს ხშირად სჩვევია ასეთი გოლების გატანა და ასე მოხდა ამჯერადაც, როცა "ტორპედოს" შემტევმა ძლიერი და ლამაზი დარტყმით ბურთი "ლოკომოტივის" კარის "ცხრიანში" მოარტყა.

ტუღუშს საქართველოს ჩემპიონატში ერთი წლის განმავლობაში არ ჰქონდა გოლი გატანილი (მანამდე კვიპროსში თამაშობდა), ხოლო "ლოკომოტივის" უნივერსალმა მცველმა გიორგი ფოფხაძემ ქვეყნის პირველობაზე წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ გაიტანა.

არ უნდა გამოგვრჩეს ბათუმის "დინამოს" 20 წლის შემტევი ნახევარმცველის, თამაზ მაქაცარიას ჩინებული გოლიც "საბურთალოს" კარში. თანაც, მაქაცარია ერთადერთი გახლდათ ამ ტურში, შეცვლაზე შესულმა რომ შეარხია მეტოქის კარის ბადე.

ასევე ერთადერთმა გამოიჩინა თავი ლეგიონერთაგან - "კოლხეთის" 26 წლის ფორვარდმა ვლადიმირ კორობკამ საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა.

დაბოლოს, კიდევ ერთ ლეგიონერზე. "სიონის" 26 წლის მეკარე სოსლან ნანიევმა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ უდავოდ საუკეთესო მატჩი ჩაატარა. 2 ბურთის გაშვების მიუხედავად, თბილისის "დინამოსთან" შეხვედრაში მან იმდენად შთამბეჭდავად ითამაშა, მისთვის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ადგილი არ დაგვენანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბოლო ტურებში ზოგიერთი გუნდის გააქტიურებაც ამიტომ არ გვიკვირს. იმედი დავიტოვოთ, რომ მომდევნო სეზონიდან მოყოლებული, ასეთი უმოტივაციო თუ უცნაური მატჩები იშვიათობა იქნება და წესით, ასეც უნდა მოხდეს - ამას უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის შემცირებაც შეუწყობს ხელს და ის სიახლეც, რომ ყველა ადგილი თუ ქულა გარკვეული ფინანსური სარგებლის მომტანი იქნება თითოეული გუნდისთვის...

ავტორ მაგარი მოსაზრებაა, უმაგრესი !
ისე ხომ არ აჯობებდა ვკითხოთ უეფას შეიძლება თუ არა 6 კლუბიანი ან 8 კლუბიანის ჩატარება? მაშინ საერთოდ არ იქნება უმოტივაციო მატჩები, ყველას ექნება გაორმაგებული შანსები მინიმუმ ევროლიგაზე მოხვედრა,მერე კი თუ წარმატებით ჯგუფურებსაც გაივლიან, უკვე კოეფიციენტებიც დაემატება და 8 კლუბიდან იქნებ 6-იც კი მოხვდეს ევროპალიგაზე და ახდება კოკაია- ფიფიას ოცნებები, მუდმივად ევროპაზე თამაშების.
Guadua
14:14 17-05-2016
0
მგონი არასწორი არჩევანი გააკეთეთ სიმბოლურზე, ზოგი იმსახურებდა და ზოგი ისეთი არაა რომ არვიცი!!
mgoni
14:11 17-05-2016
0

სიახლეები პოპულარული