საკადრო რევოლუცია "ჩიხურაში": ტატანაშვილი, გაბედავა და სამნი "ცხინვალიდან"...

AutoSharing Option
სეზონი დასრულდა და საჩხერის "ჩიხურა" ძალიან ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა. მივყვეთ თანმიმდევრობით და გავიგოთ, რა გეგმები აქვს კლუბს...

მეკარეები
ბოსნიელ მეკარე დინო ჰამზიჩს "ჩიხურასთან" კონტრაქტი წლის ბოლომდე აკავშირებს და მისი დატოვება სურთ, თუმცა... სამაგიეროდ, მეორე წრეში დამატებული თემურ კაკალაძე მისვლიდან მალევე წავიდა. გუნდს დაემშვიდობება დავით კუპატაძეც.

მცველები
დარჩნენ ლაშა ჩიკვაიძე, გიორგი განუგრავა, გიორგი რეხვიაშვილი და შოთა კაშია. წავიდა მარცხენაფლანგელი დავით მეგრელიშვილი, ლოკომოტიველ ოთარ კუსიანს კი იჯარის ვადა დაუსრულდა.

ნახევარმცველები
ამ ამპლუის მოთამაშეებიდან დარჩნენ ბესიკ დეკანოიძე, გიორგი კორიფაძე და დენის დობროვოლსკი.

ახალ კლუბს მოძებნის გიორგი
ჭანკოტაძე. გიორგი ჯოხაძეს, კახა კაკაშვილსა
და ჭიაბერ ჭეჭელაშვილს კონტრაქტები დაუმთავრდათ, ახალ ხელშეკრულებას არ აფორმებენ და, შესაბამისად, მათაც ახალ გუნდებში ვიხილავთ. გუნდი სამიდან ორმა ლეგიონერმაც დატოვა - სლოვენიელმა ანეჟ ლოვრეჩიჩმა და მარკო ვუკაშოვიჩმა.

წავიდა ორივე კირკიტაძე. კლუბში იჯარით მყოფი ნახევარმცველი თორნიკე კირკიტაძე თბილისის "დინამოს" დაუბრუნდა, თუმცა ძნელი სათქმელია, ახალ სეზონს თბილისურ კლუბში გაატარებს თუ სხვა გუნდში მოუწევს ასევე იჯარით გადასვლა.

თავდამსხმელები
დარჩნენ თორნიკე მუმლაძე და მიხეილ სარდალიშვილი. როგორც ვთქვით, საჩხერული გუნდი მეორე კირკიტაძემაც - ფლანგის თავდამსხმელმა დავით კირკიტაძემ დატოვა, რაც თავადვე დაგვიდასტურა.

"კონტრაქტი დამიმთავრდა და თავისუფალი აგენტი გავხდი. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში "ჩიხურაში" თამაშები აღარ მიწევდა და სეზონის ბოლოს არც კონტრაქტის გაგრძელება შემოუთავაზებიათ. ამიტომ კლუბის ხელმძღვანელებს თავადვე ვუთხარი, წავალ-მეთქი. ორივესთვის ასე აჯობებს. არის ვარიანტები და იმედია, დაინტერესებულები კიდევ გამოჩნდებიან. მალე გადაწყდება, ახალ სეზონს სად გავატარებ", - ამბობს დავით კირკიტაძე.

გუნდში აღარ ითამაშებს მისი ერთ-ერთი ლიდერი ლაშა კუჭუხიძე. ტანმაღალი თავდამსხმელი საჩხერეში 2014 წელს მარტვილის "მერანიდან" გადავიდა და დიდი როლიც ითამაშა იმაში, "ჩიხურამ" ევროპალიგის მესამე ეტაპამდე რომ გააღწია. მაგრამ 24 წლის კუჭუხიძეს კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი დაუსრულდა და ფიქრობს, სად გააგრძელოს კარიერა.

დავით ვოლკოვი, ისევე, როგორც თორნიკე კირკიტაძე, "დინამოდან" იჯარით დაიმატეს და ვადა მასაც ამოეწურა, თუმცა, შესაძლოა, საჩხერელებმა იჯარა ორივე დინამოელს გაუგრძელონ.

სოლიდური ნამატი
ამავე დროს, სოსო ფრუიძე საკმაოდ სოლიდურ შევსებას ელის. გადაწყვეტილია, რომ საჩხერულ კლუბში გააგრძელებს კარიერას ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, ფოთის "კოლხეთის" კარის დარაჯი კოკა სეფიაშვილი.

მის გარდა, "ჩიხურაში" თბილისის "დინამოს" დუბლებიდან 18 წლის ნიკა ქავთარაძესაც იწვევენ.

დიდი ალბათობით, "ჩიხურა" გერმანიიდან თორნიკე გრიგალაშვილს დაიბრუნებს. 23 წლის მარჯვენა მცველი გერმანიის რანგით მეოთხე ლიგის "შვარც ვაის რედენს" აწ დასრულებული სეზონის მეორე ნახევარში შეუერთდა და რეგიონალლიგაში 8 მატჩი ჩაატარა, მაგრამ მან კლუბი სავიზო პრობლემის გამო დატოვა და საქართველოში დაბრუნდა.

გადაწყვეტილია, რომ გუნდს თბილისის "დინამოდან" საბა ლობჟანიძეც დაემატება, რაც "ჩიხურას" უდავოდ გააძლიერებს.

ფრუიძის განკარგულებაში მყოფი "ცხინვალიდან" ერთდროულად სამი მოთამაშე მივიდა - ცენტრალური მცველი ლევან კაკუბავა და ფლანგის თავდამსხმელები - გიორგი ივანიშვილი და ირაკლი ლექვთაძე.

გუნდმა დაიბრუნა ორი თავდამსხმელი - ბათუმის "დინამოდან" გიორგი გაბედავა, ხოლო ბოლნისის "სიონიდან" - დიმიტრი ტატანაშვილი. ისინი ფრუიძის ხელმძღვანელობით 2013-14 წლების სეზონში თამაშობდნენ.

მოკლედ, საჩხერეში აღარ ხუმრობენ და საქმეს ისეთი პირი უჩანს, მომავალ სეზონში, სულ მცირე, სამეულისთვის იბრძოლებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
გაბედავა შენი იმედი გვაქვს გვასახელე როგორც წინათ, გაიხარე შენი ოჯახით...
qartveli
19:33 02-06-2016
0
სოსო მაგარი მწვრთნელი ხარ, რომ გუნდში დააბრუნე ტატანაშვილი და გაბედავა, მაგათ ვერც დინამო და ვერც დილა ვერ გააჩერებს და ევროპაზეც გასახელებენ , გუნდის დირექციას და მწვრთნელებს დაიმატეთ გველესიანი და მაგარი გუნდი იქნება, ჩემიონებიც იქნებით. წარმატებებს გისურვებთ...
kaxa
19:32 02-06-2016
0

სიახლეები პოპულარული