უარი "ვიტ ჯორჯიას" - გარდამავალი ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 14 გუნდი იქნება

AutoSharing Option
გუშინ, 1-ელ ივნისს, ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც ნათელს ჰფენს ვითარებას, თუ ვინ ითამაშებს უმაღლეს ლიგაში.

სფფ-ის ცნობით, კლუბების ლიცენზირების მორიგი ციკლი უეფას მიერ დადგენილ ვადაში, 31 მაისს დასრულდა, რომლის შედეგად ლიცენზირების კომიტეტის, ლიცენზირების აპელაციის ორგანოსა და ტრიბუნალის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები.

უეფას 2016-17 წლებისა და 2016 წლის ეროვნული ლიცენზიები მიიღეს თბილისის "დინამომ", "სამტრედიამ", "დილამ", "ჩიხურამ", "სიონმა", "საბურთალომ", "ლოკომოტივმა", ხოლო აპელაციის შედეგად - "ტორპედომ".

მხოლოდ ეროვნული ლიცენზია მოიპოვეს "ცხინვალმა", ბათუმის "დინამომ", "შუქურამ", "გურიამ", "კოლხეთმა", "ზუგდიდმა", "მერანმა" და "საპოვნელამ".

ცნობილია, რომ
ლიცენზირებაზე განაცხადი 20-მა კლუბმა წარადგინა, მათ შორის, 4 პირველი ლიგის კლუბი იყო - "გაგრა", "ოდიში", "ვიტ ჯორჯია" და "ლიახვი". ეროვნული ლიცენზია არც ერთ მათგანს არ მიენიჭა, რაც იმას ნიშნავდა, რომ უმაღლეს ლიგაში ერთიც ვერ დაწინაურდებოდა.

"ვიტ ჯორჯიამ" და "ლიახვმა" ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში გაასაჩივრეს, მაგრამ მათი მოთხოვნა არც სააპელაციო ორგანომ დააკმაყოფილა და გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. კლუბებმა შემდეგ უკვე საფეხბურთო დავების ტრიბუნალს მიმართეს, რათა სფფ-ის ლიცენზირების აპელაციის ორგანოს გადაწყვეტილება გაეუქმებინა.

ტრიბუნალმა სარჩელი 27 მაისს განიხილა და სფფ-ის ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

"ვიტ ჯორჯიამ" ეს გააპროტესტა და ამტკიცებდა, რომ ორი მიზეზი ("მცხეთა პარკი" უმაღლესი ლიგისთვის აუცილებელ ინფრასტრუქტურულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა და თანამშრომლების მიმართ დავალიანებები ჰქონდა), რის გამოც ლიცენზიაზე უარი ეთქვა, უსაფუძვლო იყო.

შედეგად, კლუბმა სფფ-ის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს მიმართა და სთხოვა, აღმასკომის სხდომა მოეწვია და სფფ-ის წესდების საფუძველზე, ფეხბურთის განვითარებისა და სამართლიანობის პოლიტიკის შესაბამისად, "ვიტ ჯორჯიის" უმაღლეს ლიგაში დაშვების საკითხი განეხილა.

თბილისის "ვიტ ჯორჯია": საქმე გაუგონარ უსამართლობასთან გვაქვს!

მაგრამ სფფ-ის განცხადებაში მითითებულია:

"სფფ-ის წესდების შესაბამისად, ტრიბუნალი წარმოადგენს სფფ-ის იურისდიქციის ფარგლებში არსებულ დავებთან დაკავშირებით უმაღლეს ინსტანციას, რომლის გადაწყვეტილებები საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება".

ანუ ამ პასუხიდან ისე ჩანს, რომ "ვიტ ჯორჯიის" საკითხს არც აღმასკომი განიხილავს და უმაღლეს ლიგაში მისი გადასვლა გამოირიცხა. ასე რომ, გარდამავალ ჩემპიონატში უმაღლესი ლიგა 14-გუნდიანი იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ბრავო ბრავო
გუნდს იმიტომ სჯიან რომ მისმა მფლობელმა არველაძეს დაუჭირა მხარი არჩევნებზე

და თქვენ გინდათ ფეხბურთის განვითარება?!! დომენტა თქვენთან შედარებით ბეკენბაუერია
დიტო
11:56 02-06-2016
0
თქვას ფედერაცაიმ კონკრეტული მიზეზი.
tengo
12:20 02-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული