"იმედია, ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი კლუბებს ამ ყველაფერში გაგვარკვევს"

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და კლუბების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე "ლელო" უკვე წერდა. ცნობილია, რომ სფფ გარდამავალი ჩემპიონატის ახალი ფორმატით ჩატარებას აპირებს.

ჩემპიონატის ახალი ფორმატი: კლუბებთან შეთანხმებულია, რას იტყვის აღმასკომი?

ამ შეხვედრაზე კლუბებმა სხვა საკითხები და მოთხოვნებიც წამოსწიეს წინა პლანზე. ეს "ლელოსთან" ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა მალხაზ მახარაძემ გაამხილა:

"გარდამავალი ჩემპიონატის ფორმატზე დიდხანს ვილაპარაკეთ. საბოლოოდ კი, რაზეც შევთანხმდით, ეს უკვე ყველამ იცის. მაგრამ იქ სხვა მნიშვნელოვან თემებზეც ვილაპარაკეთ.

მიხარია, რომ გულახდილი და საქმიანი საუბარი გვქონდა. მაგალითად, ბათუმის "დინამოს" ინიციატივა იყო, რომ ეროვნულ ჩემპიონატში
ლეგიონერებზე ლიმიტი გაგვეზარდა. ახლა სამ ლეგიონერზე გვაქვს უფლება, დანარჩენებზე კი თანხაა გადასახდელი.

მაგრამ გარდამავალ ჩემპიონატში ლეგიონერებზე ლიმიტის ხუთ მოთამაშემდე გაზრდა მოვითხოვეთ. სხვაგვარად, ჩემპიონატის დონე ვერ ამაღლდება. ეს ინიციატივა თითქმის ყველა კლუბმა გაიზიარა. თბილისის "დინამოს" წარმომადგენელი მიხეილ ხუციშვილი კი უფრო შორს წავიდა და ლიმიტის ექვსამდე გაზრდაც კი მოითხოვა", - ამბობს მახარაძე.

გარდა ამისა, ბათუმელთა სპორტული დირექტორი 21-წლამდელებზე არსებული პუნქტის გაუქმებას იმედოვნებს. ცნობილია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 2015 წლის ივნისის აღმასკომის სხდომის დადგენილებით, უმაღლესი ლიგის გუნდები ვალდებულნი იყვნენ, შემადგენლობაში 2 ახალგაზრდული ასაკის მოთამაშე დაეყენებინათ:

"ყველამ ვიცით, რომ ეს ახალგაზრდების დაწინაურებისა და წახალისების მოტივით აიხსნებოდა, მაგრამ გარდამავალი ჩემპიონატი იმდენად დაძაბული იქნება, გუნდებს უფლება არ ექნებათ, ასაკის გამო ვინმეს შეღავათი გაუწიონ, რადგან ეს მათ დისკომფორტს შეუქმნის. ამაზეც ვილაპარაკეთ და იმედია, ეს პუნქტი გაუქმდება".

მახარაძის თქმით, უახლოეს პერიოდში კლუბებს ფეხბურთის განვითარების ერთიანი ფონდის ხელმძღვანელ ზაზა დოლიძესთან შეხვედრა სურთ:

"სახელმწიფოსგან ფეხბურთისთვის თანხის გამოყოფა კარგი ჩანაფიქრია, მაგრამ საქართველოს პირობებში ეს სიახლეა და ცხადია, გაურკვევლობაც ახლავს თან.

არადა, კლუბებს დეტალებში გარკვევა და საკითხებზე ზუსტი პასუხები გვაინტერესებს, რა და როგორ იქნება, რა ბიუჯეტის იმედად უნდა იყოს კლუბი, როგორ გადანაწილდება პრემიალური ფონდი, ქულებზე რა თანხები დაგვერიცხება...

კიდევ უამრავი საკითხია და იმედია, ფონდის ხელმძღვანელი ამ ყველაფერში გაგვარკვევს. მალე ყველა კლუბი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს და ამასთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა არსებობდეს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რომელ ფეხბურთის განვითარებაზეა საუბარი როდესაც ზღვისპირა საკურორტო ქალაქს და დიდი საფეხბურთო ტრადიციების მქონე ბათუმის დინამოს საკუთარი სტადიონი არ გააჩნია
რომა
13:03 09-06-2016
0
მიხარია რომ მიხვდნენ, ყოველთვის ვწერდი რომ ლეგიონერების ლიმიტი და 21-წლამდელების თამაშის იძულება დამღუპველია ჩვენი ფეხბურთისთვის...
Walkabout
11:49 09-06-2016
0

სიახლეები პოპულარული