ზაალ ჩაჩავა: "ტორპედო" საქართველოს საუკეთესო კლუბი უნდა გახდეს!

AutoSharing Option
ფოტოზე: შეხვედრა საღორიას ბაზაზე
ქუთაისის "ტორპედოს" კერძო საკუთრებაში გადაცემის პროცესი თითქმის დასრულებულია, დარჩა მხოლოდ ფორმალური მხარე. ამჟამად, "ტორპედო" ქუთაისის მერიის ბალანსზეა, მაგრამ უახლოეს პერიოდში წარმატებულ ქართველ ბიზნესმენთა ჯგუფის ხელში გადავა...

"ტორპედოს" ახალმა ხელმძღვანელობამ საღორიას ბაზაზე გაცნობითი ხასიათის შეხვედრა უკვე გამართა. კლუბის მომავალი პრეზიდენტი ზაალ (ზაზა) ჩაჩავა იქნება.

ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციების მიხედვით, ზაალ ჩაჩავა კომპანია "კაზინო აჭარაბეთის" პარტნიორია. ამავე დროს, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერში ვკითხულობთ, რომ ქუთაისის "ტორპედოს" ახალი ხელმძღვანელი შპს "ვედიმპექსის" დამფუძნებელია "ქროსვეისთან", თეიმურაზ უგულავასა და შპს
"მეგაფუდთან" ერთად. ხოლო 2009 წლის თებერვალში წყალბურთის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს.

კარგად ვიცით, რასაც ვკიდებთ ხელს - "ტორპედოს" მომავალი პრეზიდენტის ამბიციური გეგმა

"ლელო" ზაალ ჩაჩავას დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა...

- ჩვენს ჯგუფს ქუთაისის "ტორპედო" ოფიციალურად ჯერ არ გადაუბარებია, საამისოდ, იურიდიული საკითხები კიდევ მოსაგვარებელია და გთხოვთ, ეს ფაქტი გაითვალისწინოთ - ანუ, ჯერ ოფიციალურად კლუბის მეპატრონე არ ვარ, მაგრამ "ტორპედოში" მისვლა რომ გვსურს, ეს ფაქტია.

- გარდამავალი ეტაპისთვის დაკომპლექტება ყველა გუნდმა ნაადრევად დაიწყო და გადაფორმების პროცესი ხომ არ გაიწელება?
- პროცესი რაც უფრო ადრე დასრულდება, მით უკეთესი. ფეხბურთელები დაბნეული იყვნენ და გარბოდნენ. სამწუხაროდ, რამდენიმე მაინც წავიდა, მაგრამ ბევრიც შევინარჩუნეთ. კლუბი ჩვენს ხელში რომ გადმოვა, მერე ბევრად უფრო თავისუფლად ვიმოქმედებთ. ეს ურთულესი ჩემპიონატი იქნება, ჩვენ კი გვსურს, რომ მაქსიმალურად წარმატებულად ვითამაშოთ და გულშემატკივარი გავახაროთ.

- მერაბ ჟორდანიას რა როლი ექნება "ტორპედოში"?
- თავიდან "ტორპედოში" მისვლაზე იყო ლაპარაკი. მაგრამ რაღაც ვერ აეწყო და ამის შემდეგ შემომთავაზეს კლუბის აყვანა. როგორც ვიცი, მერაბის გეგმაშია ევროპაში ან ამერიკაში საქმიანობა. მაგრამ განცხადებაშიც წერდა - თუ ვითანამშრომლებთ, ეს კონსულტაციების დონეზე იქნება.

- დავაზუსტოთ: როგორც შევიტყვეთ, თქვენ ბიზნესმენ თემურ უგულავას პარტნიორი ბრძანდებით...
- პარტნიორები ვიყავით. თემურს საფეხბურთო კლუბ "თბილისის" არსებობის პერიოდში ვგულშემატკივრობდი, ძლიერი გუნდი ჩამოაყალიბა და იმ დროს ქართული ფეხბურთისთვის ბევრი რამ გააკეთა. "ოლიმპის" ბავშვთა აკადემიაც ააშენა, რომელიც მაშინ საქართველოში საუკეთესო საფეხბურთო ცენტრი იყო. ყველამ იცის, რომ იქ ბევრი ცნობილი ფეხბურთელი გაიზარდა...

- თავად ფეხბურთთან რა კავშირი გქონდათ?
- კლუბში არსად ვყოფილვარ, მაგრამ ქართული ფეხბურთი მიყვარს, სულ ვგულშემატკივრობდი და კავშირებიც მქონდა.

- გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს "ტორპედოს" ვიცე-პრეზიდენტი ლევან ცქიტიშვილი გახდება, ხოლო სპორტული დირექტორი - გოგა გახოკიძე...
- ჩვენ ბევრი სხვა საინტერესო ჩანაფიქრიც გვაქვს. მაგრამ სანამ "ტორპედოს" ოფიციალურად არ ჩავიბარებთ და ბეჭედი არ გვექნება, მანამდე ვერაფერს ვიტყვი და ცხადია, ვერც ვერავის დავნიშნავთ.

- "ტორპედოში" დიდი ინვესტიციის დაბანდებას აპირებთ?
- პირდაპირ გეტყვით: ისეთი გუნდის ჩამოყალიბება გვსურს, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის ლიდერებში იქნება და ევროთასებზეც ღირსეულად გამოვა. ცხადია, ეს სოლიდური ფინანსების გარეშე წარმოუდგენელია.

- დღეს საქართველოში საუკეთესო პირობები მხოლოდ თბილისის "დინამოს" აქვს. "ტორპედოსაც" მსგავს გარემოს შეუქმნით?
- საქართველოში საუკეთესო გუნდის ჩამოყალიბება ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელებს და, ზოგადად, გუნდსაც დღეისთვის საუკეთესო კლუბზე, თბილისის "დინამოზე" არანაკლები პირობები შევუქმნათ, მათ შორის - ფინანსურად, მოსამზადებლად და უკეთესი მოთამაშეების მოზიდვითაც.

ჩვენს ჩემპიონატს მაყურებელი არ ეყოლება, "ტორპედო" და "დინამო" ერთმანეთს ჩემპიონობას თუ არ შეეცილებიან. ორივეს გაძლიერება და კონკურენცია კი ჩემპიონატის დონესაც დაეტყობა და ჩვენი გუნდების მდგომარეობასაც.

გუნდის გაძლიერებაში მხოლოდ "ტორპედოს" დახმარებას არ ვგულისხმობდი. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ძლიერი საფეხბურთო აკადემიის ჩამოყალიბებაა. დღეს თბილისის "დინამოსა" და "საბურთალოს" აკადემიები წარმატებებს ქუთაისელი ბავშვების დახმარებითაც აღწევენ. ჩვენი მიზანი ადგილობრივების შენარჩუნება და რეგიონის კარგად ათვისებაა.

ფეხბურთელები "ტორპედოსა" და ეროვნული ნაკრებისთვის უნდა გავზარდოთ. ეს ჯერ ვერ მოესწრება, მაგრამ აკადემიას ახალი წლისთვის ჩამოვაყალიბებთ, რომელიც უფასო იქნება და მინიმუმ 500-მდე ბავშვი მაინც ივარჯიშებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ისევ იმ საცოდავ კაცს, "გუადუას"- რომ ირქმევს და თავისი ნიკი ვერ მოუგონებია .
ამბიცია ყველას უნდა ჰქონდეს, უამბიციოდ არც მიზანია და არც წარმატება. ის რომ გორის დილას გარდა აღმოსავლეთ საქართველოში მატჩებზე ხალხი თითქმის არსად არ დადის,ეს ახლა აღმოაჩინეთ?
იმერეთის არა მაგრამ დასავლეთ საქართველო + გორი+ბოლნისი,ალბათ ასეთი ჩემპიონატი ყველაზე მეტად გამართლებული იქნებოდა.
მოგწონთ დინამოს თამაშზე ყურება სადაც მეტი პოლიციელია ვიდრე მაყურებელი?უყურეთ, როცა გამოუჩნდება მაყურებელი მერე მოვიდნენ ლიგაში.თუმცა მაგათ მიერ ატეხილი ვიშ-ვიში და შანტაჟი იყო ეს 10 კლუბიანი ჩემპიონატი.
Guadua
15:39 11-06-2016
0
სამტრედია ვერაფერს მიაღწევს ჩემპიონატში ტორპედოსა და თბილისის დინამოს შორის გადაწყდება ჩემპიონობის ბედი.არ დავივიწყოთ ბათუმის დინამოც
torpedo
15:47 11-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული