შპიჩიჩის კარიერა 2006 წელს "ზაგრებში" დაიწყო. იქ მან 2011 წლამდე ითამაშა და გადავიდა უკრაინაში, სადაც სიმფეროპოლის "ტავრიას" მაისურა მოირგო. უკრაინულ კლუბში შპიჩიჩმა თავი ვერ დაიმკვიდრა, მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა და ხორვატიაში დაბრუნდა, სადაც ადგილობრივ "ისტრაში" ჩაირიცხა.
ამის შემდეგ, 2012-13 წლების სეზონში, შპიჩიჩი სათამაშოდ რუსეთში წავიდა და ნოვოსიბირსკის "სიბირში" ამოჰყო
2013-15 წლებში ის ბაქოს "ინტერის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო. მისი ტრანსფერი აზერბაიჯანულ კლუბში მაშინ განხორციელდა, როცა "ინტერს" საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი დამრიგებელი კახა ცხადაძე მოძღვრავდა.
ცხადაძის ხელში შპიჩიჩი "ინტერის" ერთ-ერთ ლიდერად და საკვანძო ფეხბურთელად იქცა. ბაქოურ კლუბში მან 36 მატჩი ჩაატარა. რაც მთავარია, "ინტერის" ქართველმა მწვრთნელმა ბოლომდე გამოიყენა ხორვატი მცველის კოზირი - შეტევებში დროული და ეფექტური ჩართვის უნარი. "ინტერის" მაისურით ბალკანელმა მცველმა 6 გოლი გაიტანა, რაც მისი ამპლუის კვალობაზე შესანიშნავი შედეგია.
მას შემდეგ, რაც "ინტერში" ბევრი რამ შეიცვალა და ფინანსური სიტუაციაც ვეღარ იყო ოდინდელად სტაბილური, შპიჩიჩმა გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
ის დაბრუნდა სამშობლოში, სადაც "ოსიეკში" ჩაირიცხა. ახლა კი მის კარიერაში ახალი ეტაპი იწყება - თბილისის "დინამო".
შპიჩიჩს ხორვატიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრების გარდა. ბოლოს ის ხორვატიის 20-წლამდელების ღირსებას იცავდა.
ფაქტია: დინამოელთა ხორვატ ახალწვეულს გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის პრეტენზია ექნება. იურაი ირაბეკის გაწვრთნილ გუნდში კი კონკურენცია კიდევ უფრო გამძაფრდება, რაც გუნდისთვის კარგია.
შეგახსენებთ, რომ "დინამომ" უკვე შეიმატა 3 ფეხბურთელი - მარტინიკელი მატიას კურიე და ბულგარელი სტეფან ველევი, ხოლო გიორგი ლომაია ბაქოს "ინტერიდან" დაბრუნდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"