ბათუმის "დინამოში" უკრაინელი მეკარე არტიომ კიჩაკი და ლევან გეგეჭკორი ითამაშებენ

AutoSharing Option
ბათუმის "დინამომ" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. ვიცოდით, რომ გუნდი დატოვეს მეკარე მიხეილ ალავიძემ, ბოსნიელმა მცველმა მარკო მიხაილოვიჩმა და თავდამსხმელებმა - გიორგი გაბედავამ, გიორგი ბერიაშვილმა და სერბმა ნიკოლა კომაზეცმა.

ზაფხულის შესვენებისას ლამის ყველა გუნდმა მოასწრო დაკომპლექტება, "დინამო" კი პასიურობდა და ცნობილი იყო, რომ მხოლოდ ქობულეთის "შუქურას" საყრდენი ნახევარმცველი თორნიკე თარხნიშვილი დაიმატა. ამას გარდა, ზღვისპირელებს საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველის, გამოცდილი დავით კვირკველიას გა
დაბირებაც სურდათ, მაგრამ ამ უკანასკნელმა საბოლოოდ გორის "დილაში" დარჩენა და ევროთასებზე თამაში ისურვა.

ახლა კი გუნდმა ორი საინტერესო ტრანსფერი განახორციელა და გადაუჭარბებლად ვიტყვით, რომ ბათუმელებს ორივე ახალწვეულის იმედი უნდა ჰქონდეთ. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კონტრაქტები შეთანხმებულია 27 წლის მეკარე არტიომ კიჩაკთან და "შუქურას" 22 წლის უნივერსალ (მარცხენა მცველი/ნახევარმცველი) ლევან გეგეჭკორთან.

გეგეჭკორს ჩვენი გულშემატკივარი კარგად იცნობს. მან კარიერა მარტვილის "მერანში" (2011-15) დაიწყო, 2015 წლიდან კი "შუქურაში" თამაშობდა. სხვადასხვა დროს გეგეჭკორი საქართველოს 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრიც გახლდათ. მეტიც - 2013 წელს მან, გია ცეცაძის ხელმძღვანელობით, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა. წლეულს კი, ზამთარში, გეგეჭკორი სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" ისინჯებოდა. მერე გია გეგუჩაძემ ის ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვია, სადაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

რაც შეეხება არტიომ კიჩაკს, ის უკრაინის უმაღლესი ლიგის ბინადარ ლუცკის "ვოლინის" მეკარე გახლდათ. საინტერესოა, რომ მას კიევის "დინამოს" მთავარ გუნდშიც უთამაშია. 2008/09 წლების სეზონში კიეველებმა კიჩაკი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეიყვანეს, პარალელურად კი, "დინამო 2"-ში ირჯებოდა, სადაც მისი კონკურენტი უკრაინის ნაკრებისა და "ბეშიქთაშის" მეკარე ანატოლი ბოიკო იყო.

კიეველთა ევროგანაცხადში კიჩაკი 2009/10 წლების სეზონშიც მოხვდა, ზაფხულში კი - საჩემპიონატო სიაშიც შეიყვანეს. ის გუნდს შეკრებაზე უნდა გაჰყოლოდა, მაგრამ ტრავმის გამო ეს ვერ მოხერხდა, მერე კი სათამაშო პრაქტიკისთვის ზაპოროჟიეს "მეტალურგში" წავიდა, მაგრამ მაინც უკან მიბრუნდა. 2010 წელს ის კიევის "დინამოს" საევროპალიგო განაცხადში ფიგურირებდა.

იმავე წლის 27 ოქტომბერს, "დინამოს" მაშინდელმა მწვრთნელმა იური სიომინმა, უკრაინის თასის 1/8-ფინალში "სევასტოპოლთან" ძირითად შემადგენლობაში ათამაშა, სეზონის გახსნით მატჩში კი სიმფეროპოლის "ტავრიასთან" შეცვლაზე შევიდა.

კლუბმა 2011 წლის შეკრებაზეც წაიყვანა, მაგრამ გამოცდილ ალექსანდრ შოვკოვსკისა და მისი ტრავმის პერიოდში დაწინაურებულ დენის ბოიკოს კონკურენცია ვერ გაუწია და ისევ "დინამო 2"-ში დააბრუნეს. ამის მიუხედავად, კიჩაკი ევროთასებზე 2011/12 წლების სეზონის განაცხადშიც შეიყვანეს და გუნდს შეკრებებზეც ახლდა, მაგრამ ძირითადში მოხვედრის შანსი არ ჰქონდა და 2013 წელს ლუცკის "ვოლინში" გადასვლა ამჯობინა.

მას სანაკრებო გამოცდილებაც აქვს - სხვადასხვა დროს უკრაინის 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრი გახლდათ და ყველგან სისტემატურად თამაშობდა. 2005 წელს უკრაინის 17-წლამდელებმა "ბანიკოვის მემორიალი" რომ მოიგეს, კიჩაკი ამ ტურნირის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს. ახალგაზრდულში 2008 წელს მიიწვიეს, ხოლო 2009 წლის 11 თებერვალს, კვიპროსის საერთაშორისო ტურნირზე, უკრაინის ეროვნული ნაკრების განაცხადში სერბეთთან მატჩისას (1:0) შეიყვანეს. მაშინ ის ქვეყნის მთავარ გუნდში ალექსეი მიხაილიჩენკომ გამოიძახა.

უკრაინული მედიიდან შევიტყვეთ, რომ ლუცკის "ვოლინს" ზაფხულში კიჩაკის შენარჩუნება სურდა. ეს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვიტალი კვარციანმა თქვა, მაგრამ ლუცკელებს ფინანსურად იმდენად გაუჭირდათ, 27 წლის მეკარე საქართველოში თამაშს დათანხმდა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სუპერია კარგია გეგეცკორი
0

სიახლეები პოპულარული