ოთარ გაბელიამ "ზუგდიდში" ზუგდიდელები დააბრუნა

AutoSharing Option
ფოტოზე: შოთა ლომია
"ზუგდიდი" მოახლოებული სეზონისთვის მზადებას აგრძელებს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ოთარ გაბელიამ ერთ კვირაზე მეტია, რაც ფეხბურთელები შეკრიბა და "ბაიას" ბაზაზე ავარჯიშებს. ამ პერიოდში "ზუგდიდმა" 5 მოთამაშე დაიმატა.

კლუბის პრესსამსახურის უფროსის, ლაშა ლაგვილავას თქმით, ხელმძღვანელობამ კონტრაქტები ორ ისეთ ფეხბურთელთან გააფორმა, ადრე "ზუგდიდში" რომ თამაშობდნენ: 2014-15 წლების სეზონში შოთა ლომია გუნდს კაპიტნობდა კიდეც, ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი და ლიდერი გახლდათ. საინტერესოა, რომ მარცხენა ფლანგის შემტევი კლუბის საუკეთესო ბომბარდირიც იყო, მაგრამ მოულოდნელად, პირველი წრის შემდეგ გუნდიდან გაუშვეს და იქვე, პირველი ლიგის ბინადარ
ზუგდიდის "ოდიში 1919"-ში გადავიდა.

მეორე ფეხბურთელი ლაშა კუკავაა. ისიც ზუგდიდელია. ახალგაზრდა შემტევმა ბოლო ჩემპიონატი წალენჯიხის "სქურში" (პირველი ლიგა) გაატარა და ამიერიდან, კვლავ ძველ გუნდს დაეხმარება.

გარდამავალ ჩემპიონატში ზუგდიდელთა მაისურას თბილისის "დინამოს" აწ უკვე ყოფილი მეკარე ნიკა დაუშვილიც მოირგებს. 26 წლის კიპერმა კარიერა "ცხინვალში" დაიწყო, "დინამომდე" კი "ვიტ ჯორჯიაში" იყო. 2015/16 წლების სეზონში დაუშვილი ჯერ ლანჩხუთის "გურიაში" გახლდათ, მერე კი თამაში ცხინვალის "ლიახვში" გააგრძელა.

სხვა სიახლე ის არის, რომ თენგიზ ჩიკვილაძე და ლაშა ჭელიძე, რომლებმაც წინა სეზონი თერჯოლის "საპოვნელაში" გაატარეს, დღეს უკვე ზუგდიდელთა რიგებში ვარჯიშობენ.

გაბელიამ ფეხბურთელები ორი დღით დაასვენა. მიზეზი ის არის, რომ გუნდმა თბილისში სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს, რის შემდეგაც "ზუგდიდი" ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მზადებას.

მომავალი კვირიდან გაბელიას შეგირდები ამხანაგურ მატჩებსაც გამართავენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
სერგო კორძაია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დავაი ლომო
fani
12:39 06-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული