ლევან ხომერიკი: ამბიცია გვაქვს, რადგან ბათუმის "დინამოში" სხვანაირად ვერც იქნება

AutoSharing Option
ბათუმის "დინამო" ახალი სეზონისთვის საფუძვლიანად მოემზადა. ეგაა, აჭარლებს ძალიან აწუხებთ უსტადიონობა და სავარჯიშო მინდვრის უქონლობა. "დინამოს" სათავეში ახალგაზრდა სპეციალისტი, ლევან ხომერიკი უდგას. ის ცოტა ხნის წინ მეტოქეების მცველებს აწიოკებდა, ახლა კი შეგირდების პროგრესზე ზრუნავს...

- გუნდმა თურქეთში გაიარა შეკრება. კმაყოფილი ხართ?
- თურქეთამდე მზადება საქართველოში დავიწყეთ. წუწუნი მართლა არ მჩვევია, მაგრამ ფაქტს ვიტყვი - ადგილზე პრაქტიკულად არ გვაქვს მოსამზადებელი პირობები. ქობულეთში ვვარჯიშობთ. ამ სიცხეში 40 წუთი აქეთ, 40 - იქით... მართლა ძალიან გვიჭირს, მაგრამ რას ვიზამთ... ჩვენ ყოველთვის მაქსიმუმს გავიღებთ
ბათუმის "დინამოსთვის"...

თურქეთში 15 ივლისს წავედით. 12 დღე ვიყავით შეკრებაზე და დღე არ ჩაგვიგდია, რომ ორჯერადი ვარჯიში არ ჩაგვეტარებინა. ვითამაშეთ საკონტროლო მატჩები. პირველი თამაში ჩავატარეთ თურქეთის სუპერლიგის გუნდ "გენჩლერთან". ახალი ჩასულები ვიყავით და თან მეტოქეც ძალიან ძლიერი გუნდი იყო, მაღალი კლასის ლეგიონერებით. მოკლედ, 0:1 წავაგეთ. მერე 0:0 ვითამაშეთ თურქეთის პირველი ლიგის კლუბ "გიოზთეფესთან". ბოლო საკონტროლო შეხვედრაში კი ცნობილი კლუბი "ანკარაგიუჯუ" 2:1 დავამარცხეთ. თავიდან ვაგებდით, მერე გავაკეთეთ შეცვლები და ჩემდა გასახარად, მეორე ტაიმში გუნდმა ძალიან მოუმატა...

მთლიანობაში ძალიან ნაყოფიერი შეკრება გამოგვივიდა...

- დროა, გუნდში მომხდარ საკადრო ცვლილებებზეც ვთქვათ...
- ათამდე ფეხბურთელმა დაგვტოვა. იცით, როგორიცაა სპორტული ცხოვრება - ვიღაც მიდის, ვიღაც მოდის, ვიღაც რჩება... გვყავს ახალი ფეხბურთელები, მაგალითად, ორი ლეგიონერი - უკრაინელი მეკარე ანატოლი ტიმოფეევი და სერბი ნახევარმცველი ლაზარ მარიანოვიჩი. მარიანოვიჩს შეუძლია თამაში ორივე ფლანგზე და მოედნის ცენტრში. როცა ეს ლეგიონერი შევარჩიე ბათუმის "დინამოსთვის", სწორედ მისი უნივერსალიზმით ვიხელმძღვანელე. დამთავრდა ის დრო, როცა ფეხბურთელი მხოლოდ ერთ პოზიციაზე თამაშობდა...

ქართველ ახალწვეულებს რაც შეეხებათ, აქ არის ლევან გეგეჭკორი "შუქურადან". იქვე თამაშობდა საყრდენი ნახევარმცველი თორნიკე თარხნიშვილიც. ჩვენთან ითამაშებს გამოცდილი დავით კვირკველიაც, რომელსაც გუნდისთვის უზომოდ ფასეულ ფეხბურთელად მივიჩნევ. ის სამაგალითოა როგორც პიროვნული თვისებებით, ისე საფეხბურთო დონით.

- საინტერესოა, რა იქნება "დინამოს" მიზანი ეროვნულ ჩემპიონატში?
- ჩვენს მთავარ პრობლემაზე უკვე გითხარით. რა თქმა უნდა, ბათუმის "დინამო" ამბიციური კლუბია და როცა ამხელა ტრადიციებთან გვაქვს საქმე, სხვანაირად ვერც იქნება. მაგრამ ამბიციები სწორედაც საქმით უნდა დამტკიცდეს...

მაინც მირჩევნია, რომ ნაკლები იყოს დაპირება და მეტი - მუშაობა. ძალიან კარგი ნათქვამია - საქმემან შენმან წარმოგაჩინოსო... დაიწყება ჩემპიონატი და ყველა ნახავს, რა შეგვიძლია.

მე მაინც მგონია, რომ მთავარია, სოლიდური ნაბიჯი გადაიდგას ბათუმის "დინამოს" წინსვლის გზაზე. თავადაც იცით - სადაც ფეხბურთელობის დროს ვითამაშე, ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოდი და მინდა, ასე იყოს სამწვრთნელო კარიერაშიც.

- კარგია, რომ სტადიონის პრობლემა საბოლოოდ 2019 წლისთვის მაინც გადაიჭრება...
- ერთ რამეში ვერავინ გადამარწმუნებს - თუ გვინდა, რომ შედარებით სანახაობრივი ჩემპიონატი გვქონდეს, ყველა გუნდმა ბუნებრივსაფრიან მინდორზე უნდა ითამაშოს და, თანაც, ხარისხიან მინდორზე. სანახაობას მიჰყავს ხალხი სტადიონზე და რადაც უნდა დაგვიჯდეს, უნდა შევძლოთ ქომაგის დაბრუნება ტრიბუნებზე. ფეხბურთი ხომ მათთვისაა...

რა თქმა უნდა, გვაწუხებს უსტადიონობა, მაგრამ მომავალი ყველამ ერთად უნდა შევქმნათ. ფეხბურთის ფედერაცია ცდილობს, დონემ თანდათან აიწიოს. კი, ახლა ჩვენი ფეხბურთის დონე დაბალია, მაგრამ ყველა ერთად რომ დავდგებით, თანდათან აუცილებლად ეშველება ყველაფერს.

მინდა, საგანგებოდ შევეხო მედიის როლს. თქვენ უდიდესი ფუნქცია გაკისრიათ. თქვენ ხართ ჩვენი მუშაობის პირუთვნელი შემფასებლები და როგორც რიგითმა ქომაგმა, მინდა, მადლობა გითხრათ.

- შეიძლება ითქვას, რომ ბათუმის "დინამომ" სატრანსფერო კამპანია დაასრულა?
- კი, ამ ეტაპზე მეტ ფეხბურთელს აღარ დავიმატებთ. რა თანხაც გვქონდა, ვფიქრობ, მაქსიმალურად კარგად გამოვიყენეთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ფედერაცია ფეხბუტთს კლავს გაშმაგებული, ეს კი იძახის რომ ფეხბურთს ეხმარებაო? სად დაფრინავს? სად დაცურავს? :)
Jango
15:03 07-08-2016
0
როგორ კარგად მახსოვს ლევანი და მისი გადასვლა თბილისის დინამოში
Gruzin
23:25 06-08-2016
0

სიახლეები პოპულარული