გურია-ცხინვალი 0:0 - ქულაც გადასარჩენი დაურჩათ...

AutoSharing Option
...მატჩის ბოლო, დამატებული წუთი მიდიოდა, როცა შეცვლაზე შესულ სტუმარს, მორის გელაშვილს, საუკეთესო და თავისი გუნდის, ალბათ, ერთადერთი შანსი რომ მიეცა, მაგრამ "გურიის" მეკარემ და კაპიტანმა რატი იმერლიშვილმა გადაარჩინა...

ამის მიუხედავად, გურულები ანგარიშმა უკმაყოფილონი დატოვა და საამისო საფუძველიც ჰქონდათ. "ცხინვალს" თითქმის არაფერი გამოსდიოდა და ცოტა მეტად რომ ეყოჩაღათ ან იღბალი დარჩენოდათ, სტუმარს უქულოდ გაუშვებდნენ.

პირველივე წუთებიდან სცადა "გურიამ" გატანა. ყველაზე მეტად ბრაზილიელი დებიუტანტი ლეგიონერები აქტიურობდნენ - მანოელ ფილიპე და სილვა მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ, ხოლო დინიზ ადევარდო და სილვა თავით თითქმის
ყველა ორთაბრძოლას იგებდა, თუმცა თანაგუნდელები ამით ვერ სარგებლობდნენ.

დინიზი ორჯერ თავად აგვირგვინებდა შეტევას, მეორე შემთხვევაში გიორგი ჭედიასაც შეეძლო დარტყმა, მაგრამ ცოტათი შეყოვნებულმა უპასა ბრაზილიელს, ვისაც მცველებმა დაუფარეს და საგოლე შანსი... ფეხიდან ააცალეს.

ამის საპასუხოდ სტუმრებმა ორჯერ შორიდან ძლიერად დაარტყეს, მაგრამ ხარიხას გადააცილეს.

მერე ფილიპეს ჯერი დადგა. ბრაზილიელმა ორჯერ დაჯაბნა მცველები - პირველად "ცხინვალის" ასევე მეკარე-კაპიტანმა გიორგი ნადირაძემ პენალტის რისკის ზღვარზე აართვა მას ბურთი, ხოლო არბიტრმა გურულების მოთხოვნა ყურად არ იღო.

სამაგიეროდ, ლაშა სილაგავას წამითაც არ უყოყმანია, როცა ფილიპემ ვაკო ბაჩიაშვილი პენალტზე "წამოიკიდა".

თუმც გურულებმა მისი გამოყენება ვერ შეძლეს. მანამდე ევგენი მოროზენკომ შორეული ჯარიმა ბადეს გარედან ისე მოარტყა, ყველას გოლი ეგონა, ხოლო მისი დარტყმული პენალტი ძელს მოხვდა და კარის წინ გავლილმა ბურთმა ხაზი მეორე ძელს მიღმა გადაკვეთა.

მეორე ტაიმშიც უპირატესობას გურულები ფლობდნენ, მაგრამ ფეხბურთელებს დაღლა დაეტყოთ. საუკეთესო შანსი დავით მეგრელიშვილის საჯარიმო დარტყმა გახლდათ, მეკარემ რომ დამაჯერებლად მოიგერია, დამატებას კი დებიუტანტი ლუკა იმნაძე ცდილობდა, მაგრამ ბურთს მცველი გადაეღობა.

მერე იყო რატი იმერლიშვილის ჩინებული რეაქცია, რამაც მატჩს არალოგიკური, თუმცა ფეხბურთისთვის დამახასიათებელი შედეგი ააცილა...

საქართველოს XXVIII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. I ტური. თეთრი ჯგუფი
07.08 ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე"
გურია-ცხინვალი 0:0
გამოუყენებელი პენალტი: მოროზენკო (43. ძელი)
გურია: იმერლიშვილი, ჭეიშვილი, ბ. ცინცაძე, ნოზაძე, მეგრელიშვილი, ზ. თევზაძე, ჭეჭელაშვილი, ფილიპე და სილვა, მოროზენკო (76. სტეფნიაშვილი), ადევარდო და სილვა, ჭედია (84. იმნაძე).
სათადარიგოები: ხვედელიძე, დიასამიძე, ზ. გელაშვილი, ჩადუნელი
მწვრთნელი: თემურ მახარაძე
ცხინვალი: ნადირაძე, სულთანიშვილი (76. კაჭკაჭიშვილი), ბაჩიაშვილი, მახარობლიძე, თომაშვილი, მაისაშვილი, ცერცვაძე, ქარდავა, ქოჩლაძე, გაბრიჩიძე (80. მ. გელაშვილი), კახელიშვილი (90+3. ფირცხალავა).
სათადარიგოები: კერესელიძე, ჯამარაული, ლომსაძე, კასრელიშვილი
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
გაფრთხილება: მეგრელიშვილი (23), ქოჩლაძე (33), ბაჩიაშვილი (42), ქარდავა (54)
არბიტრი: ლაშა სილაგავა.

II ტური. თეთრი ჯგუფი
13 აგვისტო
დინამო (თბ)-გურია
შუქურა-ჩიხურა
ლოკომოტივი-ტორპედო

"ცხინვალი" ისვენებს.


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული