უმაღლესი ლიგის I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
კვირას, 7 აგვისტოს საქართველოს ექვს სტადიონზე აღიმართა ჩვენი ქვეყნის დროშა: ფეხბურთში XVIII ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო! ჩემპიონატი, რომელიც გარდამავალი იქნება და, წესითა და რიგით, ერთობ საინტრიგო რომ უნდა გამოვიდეს - საინტრიგოც და დაძაბულიც.

ამ ერთწრიან ჩემპიონატში ხომ, ფაქტობრივად, ყველა მატჩს უდიდესი მნიშვნელობა ექნება და, აქედან გამომდინარე, ყოველგვარი სატურნირო თუ სტრატეგიული "გათვლა" აქტუალურიც ვეღარ იქნება!

ჰო, ნამდვილად ველოდებით მოვლენების ასეთ განვითარებას, რამეთუ ამ 14-გუნდიან ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს ხომ ჯერ 12-12 მატჩის ჩატარება მოუწევთ, მერე კი პლეი ოფებიც დაიწყება. ჩემპიონატის ახლებურ ფორმატზე უახლოეს
დღეებში ვისაუბრებთ, მანამდე კი ისღა დაგვრჩენია, რომ საქართველოში ახალი საფეხბურთო სეზონი გახსნილად "გამოვაცხადოთ" და ამ გარდამავალი ჩემპიონატის პირველი ტურის გამორჩეულ ფაქტებსა თუ მოვლენებზე ვისაუბროთ...

ცოტა გოლი, ბევრი ახალწვეული
საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში (განსაკუთრებით - ბოლო წლებში) ჩვეულებრივი ამბავი იყო ხოლმე საწყის ტურებში ნაჩვენები დაბალი შედეგიანობა. თუმცა, ახლა მაინც ძალიან ცოტა გოლი გავიდა პირველ ტურში: 6 მატჩში გულშემატკივრებმა მხოლოდ 6 გოლი იხილეს!

ეს კი არა, ამ 6 მატჩიდან მასპინძლებმა ვერც ერთი ვერ მოიგეს: ორ შეხვედრაში სტუმრებმა იყოჩაღეს, 4 დაპირისპირება კი ფრედ დამთავრდა. და რას უნდა დავაბრალოთ ასეთი მწირი შედეგიანობა? ამ შემთხვევაში ერთდროულად რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი - სასტარტო მღელვარება, ჰაერის მაღალი ტემპერატურა და, რა თქმა უნდა, ფეხბურთელების შეუთამაშებლობა!

ისე, სწორედ აქედან უნდა დაგვეწყო: ერთი-ორის გამოკლებით, უმაღლესი ლიგის თითქმის ყველა დანარჩენი გუნდი ახალწვეულებით არის გადავსებული და დროის ფაქტორიც, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე ხანი იქნება აქტუალური.

ისე, ახალწვეულები ვახსენეთ და უკვე მერამდენედ გვიწევს ამ თემაზე საუბარი: ჩვენს ჩემპიონატში რომ ფეხბურთელები ყოველ ექვს თვეში იცვლიან გუნდებს, მსგავსი რაოდენობით და მსგავსი აქტივობით, ევროპაში, ალბათ, სხვა ვერავინ დაიკვეხნის!

არადა, თუ მეხსიერება არ გვღალატობს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ჯერ კიდევ წინა ხელმძღვანელობის დროს დადგინდა (გნებავთ - დამტკიცდა), რომ საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელი თავის ახალ კლუბთან, მინიმუმ, ერთწლიანი კონტრაქტით უნდა ყოფილიყო დაკავშირებული.

როცა ხელოვნური არაფერი ვარგა
ჰაერის მაღალი ტემპერატურა ვახსენეთ და ეს პრობლემატური საკითხი, ძალიან დიდი ალბათობით, ამ თვის ბოლომდე იქნება სუპერაქტუალური! ყოველ შემთხვევაში, უკვე მერამდენე წელიწადია, რაც ქართველი სინოპტიკოსები "ათიანში" არტყამენ პროგნოზებს და, ჩვენდა სამწუხაროდ, აგვისტოს ბოლომდე მოგვიწევს ამ მართლაც აუტანელ ხვატში ფეხბურთის ცქერა.

თუმცა, ჩვენზე უარეს დღეში ხომ ფეხბურთელები არიან: ამ პაპანაქებაში რომ უწევთ 90 წუთის განმავლობაში სირბილი! თან, მოედნის საფარსაც ხომ გააჩნია: იშვიათი გამონაკლისის გარდა, თითქმის ყველგან ხელოვნურსაფარიანი მოედნებია და იმ გადახურებულ "რეზინაზე" თამაში როგორი საქმეა, ეგ ამბავი ჩვენ ფეხბურთელებს უნდა ჰკითხოთ..

...ახლა რაღა მოესწრება და აი, მომავალ ზაფხულს კი მართლაც იმედიანად შევცქერით: უმაღლესი ლიგის ყველა მატჩი ბუნებრივსაფარიან მოედანზე რომ ჩატარდება (თანაც, საღამოს საათებში, პროჟექტორების შუქზე). მერე უკვე ფეხბურთელებსაც "მოვთხოვთ" შედეგიანობასაც და საერთოდ - ოსტატურ თამაშსაც.

მანამდე კი, რას ვიზამთ, უნდა მოვითმინოთ და არა მარტო ჩვენ: XXVIII ჩემპიონატის პირველი ტური უყურადღებოდ არ დაუტოვებია სფფ-ის ხელმძღვანელობას; მაგალითად, "ზუგდიდი"-"კოლხეთის" მატჩს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი და ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე დაესწრნენ, ხოლო გენერალური მდივანი დავით მუჯირი ქობულეთში გახლდათ და ბათუმის "დინამოსა" და "სამტრედიის" მატჩს დაესწრო.

ლეგიონერები
საქართველოს ჩემპიონატების 27-წლიან ისტორიაში რა ქვეყნის წარმომადგენელს არ უასპარეზია, აღარაფერს ვამბობთ ლეგიონერთა რაოდენობაზე. და აი, დაიწყო ახალი სეზონი და ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ სწორედ XXVIII ჩემპიონატში დაფიქსირდეს ლეგიონერთა აბსოლუტური რეკორდი.

ამის თქმის საფუძველს კი ის ფაქტი გვაძლევს, რომ პირველსავე ტურში 14 ლეგიონერის დებიუტი ვიხილეთ საქართველოს ჩემპიონატში! აი, ისინიც, პირველი მატჩები რომ ჩაატარეს ჩვენს ჩემპიონატში:

26 წლის ბრაზილიელი ჟადერ სანტოსი ("სიონი"), მისი თანამემამულეები, 25 წლის ფილიპე და 28 წლის დინიზი (ორივე - "გურია");

ახლა უკვე უკრაინულ "დესანტზე" გადავიდეთ: ბათუმის "დინამოს" 24 წლის მეკარე ანატოლი ტიმოფეევი, მისი თანატოლები, იგორ ოზარკოვი და ვიტალი ივანკო (ორივე - "კოლხეთი"), "ტორპედოს" ცნობადი ახალწვეულიც, 35 წლის ჰოლანდიელი იურგენ კოლინიც არ უნდა დაგვავიწყდეს, ისევე, როგორც "ზუგდიდის" დებიუტანტი - აბდულა აზიზ დინ-კონტეჰი (სიერა-ლეონე);

გარკვეული პაუზის მერე საქართველოს ჩემპიონატში კვლავ გამოჩნდა აზერბაიჯანელი ლეგიონერი: ამ ქვეყნის ნაკრების წევრი, 28 წლის რასიმ რამალდანოვი ("კოლხეთი");

თბილისის "დინამოს" ახალწვეულ ლეგიონერებზე (უფრო ზუსტად, მათ სათამაშო "კლასზე") ამ ბოლო დროს ბევრი ითქვა და ამჯერად მხოლოდ იმას დავძენთ, რომ ფრანგმა მეკარემ ანტუან სკრიბემ, ხორვატმა მცველმა მატია შპიჩიჩმა და მარტინიკელმა შემტევმა ნახევარმცველმა მატიას კურიემ ასევე პირველი მატჩები ჩაატარეს საქართველოს ჩემპიონატში.

ყველაზე "ტკბილი ლუკმა" კი ბოლოსკენ შემოვინახეთ: "საბურთალოს" ესპანელმა ახალწვეულმა ლეგიონერებმა თავიანთი ახალი გუნდიც საგრძნობლად გააძლიერეს და, ჩვენი აზრით, საერთოდ, ჩემპიონატშიც გამორჩეულები უნდა იყვნენ. ყოველ შემთხვევაში, თუ ვინმეს გამორჩევა შეიძლებოდა პირველ ტურში, 28 წლის ხოსე მანუელ კარასკო და 26 წლის ხუან ფრანსისკო გარსია პენა გახლდნენ. თანაც, გარსია პენამ სულაც გოლი გაიტანა სადებიუტო მატჩში (ეფექტური თავური დარტყმით).

აქვე, ბარემ გავაგრძელოთ ლეგიონერების თემა და ის უცხოელებიც ვახსენოთ, საქართველოს ჩემპიონატში მეორე სეზონი რომ დაიწყეს: "საბურთალოს" 19 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა ელვინ ტერამ (კენია) პირველი "ქართული" გოლი გაიტანა, "ჩიხურას" ბოსნიელმა მეკარემ, 28 წლის დინო ჰამზიჩმა თავისი მაღალი კლასი კიდევ ერთხელ დაადასტურა.

აი, "გურიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, 24 წლის უკრაინელმა ნახევარმცველმა ევგენი მოროზენკომ კი "ცხინვალთან" მატჩში პენალტი ვერ გამოიყენა...

დაბოლოს, ირაკლი ჭეჟიაც უნდა ვახსენოთ - რუსეთის მოქალაქეობის მქონე ეს ფეხბურთელი "შუქურას" ახალწვეულია და მთელი კარიერაც რუსულ კლუბებში აქვს გატარებული.

დაბრუნებები
ბოლო წლებში დაწყებული ტენდენცია ამჯერადაც გრძელდება და პირველსავე ტურში ვნახეთ რამდენიმე დაბრუნება, რომელთაგანაც, რაღა თქმა უნდა, ლადო დვალიშვილის საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნება იყო (თითქმის ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ).

ორწელიწადნახევრიანი პაუზის მერე დაუბრუნდა საქართველოს ჩემპიონატს 27 წლის მცველი ლაშა კასრაძე ("სიონი"), ხოლო გიორგი კაჭკაჭიშვილი ("ცხინვალი"), თედორე გრიგალაშვილი ("საბურთალო") და თორნიკე გრიგალაშვილი ("ჩიხურა") საქართველოს ჩემპიონატში ერთწლიანი პაუზის მერე დაბრუნდნენ.

დაბრუნებების თემას შევეხეთ და, რაღა თქმა უნდა, ის ცნობილი მწვრთნელებიც უნდა ვახსენოთ, უმაღლეს ლიგაში ასევე გარკვეული პაუზის მერე რომ გამოჩნდნენ: 63 წლის ოთარ გაბელია მშობლიური ქალაქის გუნდის ("ზუგდიდი") თავკაცი გახლავთ, 54 წლის კობა ჟორჟიკაშვილი კი ამბიციური "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელია...

სადებიუტო მატჩები, პირველი გოლები
XXVIII ჩემპიონატის პირველი გოლი "ზუგდიდი"-"კოლხეთის" შეხვედრაში გავიდა, როცა სტუმართა კაპიტანმა, 26 წლის ომარ გოგონაიამ პენალტი ზუსტად შეასრულა და "მეგრულ დერბიში" თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა. გოგონაიას მთელი კარიერა "კოლხეთში" აქვს გატარებული.

აი, 21 წლის დავით ვოლკოვმა კი პირველი მატჩი ჩაატარა "სიონის" მაისურით და ლამაზი თავური გოლითაც გამოირჩა. შეგახსენებთ, რომ ეს ახალგაზრდა ფორვარდი თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია და წინა სეზონის მეორე წრე იჯარით "ჩიხურაში" გაატარა, სადაც რვა მატჩში ოთხი გოლის გატანა მოახერხა.

ვოლკოვი ამ სეზონშიც იჯარით გაუშვა "დინამომ", არადა, ჩვენს ყველაზე ტიტულიან კლუბს რომ სერიოზული პრობლემები აქვს წინა ხაზში, ევროტურნირებზეც ნათლად გამოჩნდა და "ჩიხურასთან" პირველი ტურის შეხვედრაშიც...

პირველ ტურში რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელმა თავისი სადებიუტო მატჩი ჩაატარა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში: ლუკა იმნაძემ ("გურია"), მორის გელაშვილმა, გრიგოლ ფირცხალავამ (ორივე - "ცხინვალი").

აქვე იმასაც გეტყვით, რომ გრიგოლ ფირცხალავა თბილისის "დინამოსა" და რუსთავის "გორდას" ყოფილი მცველის, გია ფირცხალავას ვაჟი გახლავთ; ანუ კიდევ ერთი საფეხბურთო დინასტიის წარმომადგენლის დებიუტის მომსწრენი გავხდით და წინდაწინ ვიტყვით, რომ ამ ჩემპიონატში კიდევ უნდა ველოდოთ ამ ტრადიციის გაგრძელებას!..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
მართლაც და რა გახდა, იქნებ ვინმემ გვითხრას რა ხდება ზესტაფნთან დაკავშირებით?.
0
ზესტაფონში დაბრუნეთ ფეხბურთი..ფედარაცია რას აკეთებს.ამდეხან რაფერ ვერ გარკვია მტყუან მართალი..სიმართლე მაიც გვითხარით..ვინა დამნაშავე..
Dato
21:30 09-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული