უმაღლესი ლიგა. წითელი ჯგუფი. II ტურის წინ: ფავორიტების ჯახი სამტრედიაში

AutoSharing Option
დღეს, 14 აგვისტოს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის II ტურის შეხვედრები "წითელ ჯგუფში" გაიმართება.

სამივე მატჩი 17:30 სთ-ზე დაიწყება. ფოთში "კოლხეთი" ბათუმის "დინამოს" მიიღებს, სამტრედიაში ადგილობრივი გუნდი ბოლნისის "სიონს" უმასპინძლებს, ხოლო გორში "დილა" ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში "ზუგდიდს" დაუპირისპირდება.

II ტურში "წითელ ჯგუფში" დასვენება თბილისის "საბურთალოს" უწევს.

წითელი ჯგუფი
14.08. ფოთი. პარკი არენა. 17:30
კოლხეთი-დინამო (ბთ)
ურთიერთშეხვედრები
49: +17 =12 -20, 51:59

ისე, როგორც წინა სეზონის დასკვნით ნაწილში, საშინაო მატჩებს "კოლხეთი" ამჯერადაც მშობლიურ ქალაქში, ოღონდ ს
არაგბო სტადიონზე ჩაატარებს. ეს კი არ არის უმნიშვნელო ფაქტი, მით უფრო გარდამავალი, ერთწრიანი ჩემპიონატის ფორმატიდან გამომდინარე, როცა ყველა მატჩი მთლად გადამწყვეტი თუ არა, ძალიან მნიშვნელოვანია.

არადა, "კოლხეთმა" სტარტი ისეთი აიღო, უკეთესს ვერც ინატრებდნენ ფოთელი გულშემატკივრები: გელა სანაია გუნდმა სტუმრად, "მეგრულ დერბიში" მოუგო "ზუგდიდს".

რაც შეეხება ბათუმის "დინამოს", ლევან ხომერიკის გუნდში ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გარკვეული ცვლილებები მოხდა და ახალ გარემოსთან ადაპტაციისათვის ახალწვეულებს გარკვეული დრო რომ დასჭირდებოდათ, ამას, ალბათ, ყველა შეგუებული იქნებოდა.

14.08. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 17:30
სამტრედია-სიონი
დისკვალიფიკაცია: დავით ხურცილავა (სიონი)
ურთიერთშეხვედრები
24: +6 =6 -12, 29:37

"წითელ ჯგუფში" რამდენიმე გუნდი მიგვაჩნია ფავორიტებად და ერთ-ერთი ამ ტურში თუ ისვენებს ("საბურთალო"), კიდევ ორი ერთმანეთს უნდა დაუპირისპირდეს. დღევანდელ შეხვედრებში საინტრიგოდ "სამტრედიასა" და "სიონის" მატჩი მიგვაჩნია.

"წითელი ჯგუფის" ამ ფავორიტთაგან პირველ ტურში ვერც ერთმა ვერ მოიგო; აქედან გამომდინარე, კვირის ეს შეხვედრა უკომპრომისოდ უნდა წარიმართოს და ისეთი წყვილია, რომ ფავორიტის სტატუსს ვერც ერთ გუნდს ვერ მივანიჭებთ.

უბრალოდ, მეტოქისაგან განსხვავებით, ახალი სეზონისათვის მზადება გია ცეცაძის "სამტრედიამ" უფრო ადრე დაიწყო და, ასევე "სიონისაგან"განსხვავებით, ახალწვეულებიც ბევრად ნაკლები ჰყავს იმერულ კლუბს.

ჰო, ახალწვეულთა თემა "სიონის" მთავარი მწვრთნელის, არმაზ ჯელაძისთვის ჩემპიონატის საწყის ტურებში ერთობ აქტუალური იქნება და რაც უფრო მალე მოგვარდება ფეხბურთელთა შეთამაშების პრობლემა, მით უკეთესი იქნება ბოლნისური გუნდისათვის.

წინა სეზონში მეტოქეებმა 3-3 ქულა "გაიყვეს", ოღონდ, საინტერესო ის იყო, რომ ორივემ სტუმრად ჩატარებულ მატჩში იმარჯვა. ამას გარდა, ეს გუნდები წინა სეზონში თასის მეოთხედფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და მართლაც დრამატულ საპასუხო შეხვედრაში (პენალტების სერიაში) გამარჯვება ბოლნისელებს დარჩათ...

14.08. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 17:30
დილა-ზუგდიდი
დისკვალიფიკაცია: ლევან წურწუმია (ზუგდიდი)
ურთიერთშეხვედრები
18: +8 =5 -5, 32:18

წინა სეზონი "დილამ" III ადგილზე დაასრულა, შარშან კი სულაც ჩემპიონი გახდა და ამ ორივე წარმატებას გორელთა გუნდმა ახალგაზრდა მწვრთნელ უჩა სოსიაშვილის (ახლახან რომ შეუსრულდა 27 წელი) ხელმძღვანელობით მიაღწია.

აი, ამ გარდამავალ ჩემპიონატში კი რას მიაღწევს "დილა", მართლაც ძნელი სათქმელია: გუნდმა ვერც უცხოური შეკრება გაიარა და ერთიმეორეზე უკეთესი ფეხბურთელებიც ვერ შეინარჩუნა. თუმცა, "დილას" მაინც აქვს იმის რესურსი, რომ ამ ჯგუფის ფავორიტებს კონკურენცია გაუწიოს და ამას გარდა, ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზეც, თუ რამდენად მალე "შემოვლენ" გორელთა გუნდში უცხოელი ინვესტორები.

"დილა" პირველ ტურში ისვენებდა, აი, ფაქტობრივად, ერთიანად სახეშეცვლილმა და აშკარად გაძლიერებულმა "ზუგდიდმა" კი სასტარტო (თანაც, საშინაო) მატჩი წააგო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არცთუ ურიგო ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა "ზუგდიდმა", რაც შეიძლება,
++მალე უნდა დაიწყოს ქულების მოგროვება.

გუნდის მთავარი პრობლემა კი (ისე როგორც თითქმის ყველგან) იმ უამრავი ახალწვეული ფეხბურთელის ერთმანეთთან შეთამაშებაა, რომლებიც ამ სეზონის დაწყების წინ მოვიდნენ "ზუგდიდში". თუმცა, ამ გუნდის ყველაზე ცნობადი "ახალი სახე", რა თქმა უნდა, მთავარი მწვრთნელი ოთარ გაბელიაა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული