"ზესტაფონი": ჩვენი კლუბი დღესაც ელის ფეხბურთის ფედერაციის ვერდიქტს

AutoSharing Option
"ლელოს" გუშინდელ ნომერში გულშემატკივარს ის ამბავი ვაუწყეთ, რაც, დარწმუნებულები ვართ, ყველას გაახარებდა: "ზესტაფონი" ქართულ საფეხბურთო სივრცეში დაბრუნდა! საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" 17-წლამდელთა გუნდი ამ ასაკის ჩემპიონატის ცენტრალურ ზონაში ქუთაისის "ტორპედოს", "სამტრედიის", საჩხერის "ჩიხურას", გორის "დილას", თბილისის "ავაზას", თბილისის "ლოკომოტივისა" და თბილისის "სფფ-აკადემიის" გუნდებთან ერთად იასპარეზებს. ტურნირი კი 2 სექტემბერს დაიწყება.

- "ზესტაფონი" ჩემპიონატში ჭაბუკებით ბრუნდება - ჯერ 17-წლამდელებში, რა იქნება შემდეგ?

ილია კოკაიას დაფინანსებული კლუბი საქართველოს 17-წლამდელთა ჩემპიონატში ითამაშებს, მაგრამ წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ ქართულ საფეხბურთო სივრცეს რომ
უბრუნდება, ესეც აღსანიშნავი და სასიხარულო ფაქტია.

ამასთან დაკავშირებით, "ზესტაფონის" პრესატაშე სერგო ფუტკარაძემ საინტერესო სიახლეები გაავრცელა:

"წელიწადზე მეტია, რაც სფფ-ის წინა ხელმძღვანელობა ზესტაფონის უფეხბურთოდ დატოვებას შეეცადა... შარშან, აპრილში, საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" მოკვეთეს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან და მას შემდეგ ჩვენი კლუბის წარმომადგენელ არცერთ გუნდს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გამართულ ტურნირებში არ უასპარეზია.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი კლუბი დღესაც ელის ფეხბურთის ფედერაციის ვერდიქტს - ვერდიქტს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სამართლიანი იყო სფფ-ის წინა ხელმძღვანელობის მიერ "ზესტაფონის" მიმართ გატარებული სადამსჯელო ღონისძიებები.

უნდა ითქვას, რომ სფფ-სთან კონსულტაციები ამ მიმართულებით დღესაც მიმდინარეობს და ნამდვილად გვეიმედება, რომ სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებული ჩვენი მოლოდინი სულაც არ არის ამაო...

მანამდე კი, სანამ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პირველი გუნდის ბედი გარკვეულა, ზემოიმერლები საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს 1999-2000 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა გუნდით (მთავარი მწვრთნელი - გურამ მაზმიშვილი) უბრუნდებიან", - წერს ფუტკარაძე.

"ზესტაფონის" პრესატაშე გუნდის მზადების დეტალებზეც წერს:

"ზესტაფონელი ჭაბუკები თითქმის 2 კვირის განმავლობაში შეკრებას ჩვენი კლუბის ზესტაფონურ ბაზაზე გადიან და ესოდენ მნიშვნელოვან ტურნირში მონაწილეობისთვის სრული პასუხისმგებლობით ემზადებიან.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჩვენი კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ეროვნულ ჩემპიონატში ზესტაფონის წარმომადგენელი, სადღეისოდ ერთადერთი გუნდი თანატოლებს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კობიაშვილის ფედერაციაში მოსვლაში ზესტაფონმა დიდი როლი ითამაშა და დაპირებაც მიიღო,რომ სამართალი აღდგებოდა. ამის შემდეგ ბევრი დრო გავიდა, მაგრამ არაფერი იცვლება. რა არის ამდენი საკონსულტაციო? ან კი ან არა უთხრან. ასე ზოზინით საქმე არ გამოვა.
berdia
17:41 18-08-2016
0

სიახლეები პოპულარული