აღსანიშნავია ბათუმელთა შედეგიანობა - 3 შეხვედრაში გუნდმა 9 გოლი გაიტანა, ანუ საშუალოდ 3 გოლი მატჩში. მართალია, ჩემპიონატის დასრულებამდე 9 ტურია დარჩენილი და მთავარი ბრძოლები წინაა, მაგრამ ასეთი დასაწყისი მრავლისმეტყველია.
განსაკუთრებული წარმატებით სეზონი ბათუმის "დინამოს" კაპიტანმა თემურ შონიამ დაიწყო. აჭარულ
მან "ლელოს" კითხვებს უპასუხა...
- ბათუმის "დინამომ" ჩემპიონატი იმდენად წარმატებულად დაიწყო, ალბათ, ასეთ სტარტზე მხოლოდ ოცნებობდით...
- გეთანხმებით, დასაწყისშივე მოპოვებულმა შვიდმა ქულამ და ლიდერობამ გუნდის თითოეული წევრი გაახარა და დიდი სტიმული მისცა. მაგრამ მთავარია, ჩემპიონატი ასევე გავაგრძელოთ, რათა დეკემბერში უფრო დიდი სიხარული განვიცადოთ.
- ასეთ წარმატებულ სტარტს როგორ ახსნით?
- ძალიან კარგი მოსამზადებელი ეტაპით და იმითიც, რომ საგრძნობლად გავძლიერდით: უკრაინელი ტიმოფეევი საკმაოდ ძლიერი მეკარეა, კვირკველიას ჩემგან დახასიათება არ სჭირდება, წლების განმავლობაში თამაშობდა ეროვნულ ნაკრებში და მისი გამოცდილება ძალიან გვეხმარება. ქობულეთის "შუქურადან" დამატებული გეგეჭკორი, თარხნიშვილი და ლობჯანიძე და სერბი მარიანოვიჩი გუნდს ძალიან კარგად შეეწყვნენ...
მოკლედ, ძლიერი გუნდი ჩამოყალიბდა და იოლადაც შევთამაშდით. რაც მთავრია, ერთსულოვნები ვართ - ჩვენი ურთიერთობა სტადიონზე არ იწყება და არ მთავრდება. ბათუმის "დინამო" ერთი ოჯახია და ეს შედეგზეც აისახა.
- გოლებით ყოველთვის გამოირჩეოდით, მაგრამ მაინც აღსანიშნავია, რომ საყრდენმა ნახევარმცველმა სამ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანეთ. შემთხვევით, პოზიციის შეცვლაზე ხომ არ გიფიქრიათ?
- (იცინის) არა, გმადლობთ, თავს ნახევარდაცვაშიც კარგად ვგრძნობ და, რაც მთავარია, ძალიან კარგი თავდამსხმელებიც გვყავს. ჩემი შედეგიანობაც გუნდის კარგი თამაშის დამსახურებაა, მარტო ვერაფერს გავაკეთებდი.
- ბათუმის "დინამოს" კარგი სტარტიდან და, რაც მთავარია, ხარისხიანი ფეხბურთიდან გამომდინარე, ბევრი ალაპარაკდა, რომ "წითელი" ჯგუფიდან საჩემპიონო ფინალში მოხვედრის დიდი შანსი გაქვთ...
- გუნდს ამის პოტენციალი ნამდვილად გააჩნია. მაგრამ წინასწარ ლაპარაკი არ მიყვარს და ჩემგან ამის თქმა მყვირალა განაცხადიც იქნება. ამას სჯობია, მაღალი ადგილის დასაკავებლად ბევრი ვიშრომოთ, მაქსიმუმი გავიღოთ...
თუმცა, გუნდს, პოტენციალი რომ გამოავლინოს და ჩემპიონობისთვის იბრძოლოს, ბევრი საკითხის მოუგვარებლობა უშლის ხელს...
- მაგალითად?..
- მაგალითად, ის, რომ საკუთარ ქალაქში სტადიონი არ გვაქვს. ახალი სტადიონის მშენებლობა, ალბათ, 2018 წელს დასრულდება, წლეულს კი ბაზა იქნება მზად და ბათუმში ვივარჯიშებთ - ვერ წარმოიდგენთ, ეს როგორ გვახარებს. ზაფხულში აჭარაში სეზონია და ქობულეთამდე პატარა გზის დაფარვას აქეთ-იქით 2 საათი სჭირდება, სულ საცობებია და ყოველდღე ასეთ რეჟიმში მზადება ძალიან ძნელია.
ცალკე პრობლემაა ქობულეთის სტადიონის საფარი, რომელზეც ორჯერ მეტ ენერგიას ვხარჯავთ, ვიდრე ბუნებრივზე. კარგად მახსოვს, ევროპის ლიგაზე რომ გავედით, მაშინ "ადელის" სტადიონი ჯერ გაყიდული არ იყო და იქ ვემზადებოდით. ხალხი არათუ საკონტროლო შეხვედრებზე, ვარჯიშებზეც მრავლად დადიოდა. ქობულეთში კი თამაშზე სიარულიც უჭირთ: ხალხი მუშაობს, თამაშები კი ისეთ დროს იწყება, ჩამოსვლას ვერ ახერხებენ.
ამიტომაა აუცილებელი ბათუმში დაბრუნება - ეს ძალიან ბევრ რამეს ცვლის და ბევრ პრობლემას მოგვიგვარებს. საერთოდაც, საკუთარ ქალაქში თამაში სულ სხვა სიამოვნებაა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"